გაზეთი “ღარიბი, ცუდი და გაბრაზებულის” (“The Poor, the Bad and the Angry”) კოლექტივის საბაზისო სტატია. ტექსტში მოკლედაა აღწერილი რევოლუციური პოზიცია კაპიტალიზმის და მისი ნებისმიერი ("მემარცხენე" თუ "ეროვნულ-განმანთავისუფლებელი") ტენდენციის წინააღმდეგ.
ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელსაც ანადგურებს ფულზე და საბაზრო გაცვლაზე დაყრდნობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, თუ ძალაუფლებისთვის რამხელა რიტორიკული ან ფიზიკური ძალადობით უპირისპირდებიან ერთმანეთს, მიუხედავად მათი მემარცხენე ან პოპულისტური გამოსვლებისა – ყველა ხელისუფლება და ხელისუფლების მსურველი, ყველა პოლიტიკოსი და პოლიციური ძალა არსებობს იმისთვის, რათა დაიცვას და შეინახოს ეს სისტემა. სხვადასხვა პოლიტიკოსები და პარტიები სხვადასხვა მენეჯმენტის სტრატეგიას გვთავაზობენ კაპიტალისთვის, მაგრამ მიუხედავად მათი ჟარგონისა, ელცინი და მანდელა, Time-Warner და MTV, ფიდელ კასტრო, ეკოლოგიის ლობი და კოლეჯის კამპუსის ყველაზე მოუწესრიგებელი სოციალისტური ჯგუფები – ყველანი თანხმდებიან შემდეგზე : დაქირავებული შრომის სამყარო ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნდეს და კაპიტალიზმის რაობა არასდროს არ უნდა დაზუსტდეს კლინიკურად ზუსტი, ცალსახა სიტყვებით. ინდივიდს არაფერი გააჩნია, გარდა საკუთარი სამუშაო ძალისა, რომელიც კომპანიას უნდა მიყიდოს, რათა გადარჩეს; ყველაფერი ყიდვა-გაყიდვისთვის არსებობს, საზოგადოებრივი ურთიერთობები ფულის და სასაქონლო გაცვლის გარშემო ტრიალებს – ეს ერთი შეხედვით ნორმალური და გარდაუვალი ფაქტები, რეალურად, გრძელი და ძალადობრივი პროცესის შედეგია.
სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, კაპიტალიზმის სამყაროა. ის დამყარებული და შენარჩუნებულია ტერორით, მისტიფიკაციით და ინერციით. კაპიტალიზმი კლასობრივი საზოგადოების ისტორიულად სპეციფიკური ფორმაა, რომელიც ეფუძნება ადამიანის სამუშაო ძალის, როგორც საქონლის, ექსპლუატაციას, დაქირავებულ შრომას, ფულს და სასაქონლო წარმოებას. თანამედროვე კაპიტალიზმი (მის თავისუფალ და ეტატისტურ ფორმებში) ტოტალიტარული სისტემაა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, ის მზარდი ინტენსივობით ანადგურებს ადამიანთა ცხოვრებას და გარემოს. თუმცა კაპიტალიზმმა ასევე წარმოშვა საზოგადოებრივი ძალები, რომლებსაც ამ სისტემის რევოლუციური განადგურება და ცხოვრების ახალი გზის შექმნა შეუძლიათ; მათ შორის უმთავრესია პროლეტარების მასობრივი კოლექტიური მოქმედება საკუთარი ექსპლუატაციის და სიღარიბის წინააღმდეგ.
კლასობრივი ბრძოლა ჩვენი დროის უპირველესი განმანთავისუფლებელი ძალაა. კლასობრივ ბრძოლაში ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ დაქირავებულთა ბრძოლას საკუთარი დამსაქმებლების წინააღმდეგ. კლასობრივი ბრძოლა მოიცავს მსოფლიოს გარშემო ყველა ექსპლუატირებულის ბრძოლას მათი ექსპლუატაციის და სიღარიბის წარმომშობი პირობების წინააღმდეგ – ხელფასიანის და უხელფასოს, ქალაქში და ქალაქგარეთ, მაღალანაზღაურებადის და დაბალანაზღაურებადის. კლასობრივი ბრძოლა მოიცავს ჩვენს ბრძოლას რასიზმის, სექსიზმის და ჰომოფობიის წინააღმდეგ, თუმცა არა როგორც ცალკეული რეფორმისტული პრობლემების წინააღმდეგ. კლასობრივი ბრძოლა მოიცავს ორივეს : კაპიტალისგან დათმობებისთვის ბრძოლას და კაპიტალისტური სოციალური ურთიერთობების მიღმა და წინააღმდეგ ჩვენი ძალაუფლებისთვის ბრძოლას.
ე.წ. სოციალისტური და კომუნისტური პარტიები, სოციალური დემოკრატია, ლენინიზმი და ყველა მისი მუტანტი ნაშიერი კაპიტალიზმის პოლიტიკური ანსამბლის/იდეოლოგიური სპექტრის მემარცხენე ფრთას წარმოადგენს. ყველა ის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ღიად და ცალსახად არ არის ჩართული მუშაობისა და დაქირავებული შრომის წინააღმდეგ ბრძოლაში, კონტრ-სუბვერსიული წამოწყებაა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველანაირ თანამშრომლობას მემარცხენე პარტიებთან და ჯგუფებთან.
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობები არის მოძრაობები, რომლებშიც ექსპლუატირებულებს თავს უყრიან, რათა იბრძოლონ და მოკვდნენ ადგილობრივი ბურჟუაზიის ან მისი ჩამნაცვლებელი პარტიზანი ბელადების/ინტელექტუალების პოლიტიკური ამბიციებისთვის. არცერთ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას არ შეუქმნია საზოგადოება ექსპლუატაციის გარეშე; “სახალხო ომებით” და “ეროვნული ომებით” შექმნილი ყველა რეჟიმი იყო და ყოველთვის იქნება იმპერიალიზმის და მსოფლიო ბაზრის ნებაყოფლობითი ან უნებური ლაქია [აგენტი] ადგილობრივი მშრომელი კლასის და მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ. თურქული ანდაზა ზუსტია : “როცა ნაჯახი ტყეში შევიდა, ხეები ამბობდნენ ტარი ჩვენიანიაო.” ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების ან ნაციონალიზმის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა კაპიტალის მიერ ღარიბების ხოცვის და ექსპლუატაციის მხარდაჭერაა. FMLN, IRA, PLO, ANC, ა.შ. კაპიტალისტური და კონტრრევოლუციური ორგანიზაციებია, რომლებსაც ბევრად მეტი აქვთ საერთო მაფიასთან, ვიდრე ნამდვილი რევოლუციური მოძრაობის შეიარაღებულ მოქმედებებთან.
მე-20 საუკუნის განმავლობაში პროფკავშირები კაპიტალიზმს ემსახურებოდნენ, როგორც შრომის რეკლამის დაწესებულებები და როგორც პოლიციური ორგანიზაციები, კონკრეტულად პროფკავშირელი მშრომელების ბრძოლის წინააღმდეგ და ზოგადად მშრომელი კლასის და ღარიბების წინააღმდეგ. რამდენადაც მე-20 საუკუნის სახელმწიფოები იძულებულები იყვნენ ეკონომიკაში უფრო ხშირად ჩარეულიყვნენ, პროფკავშირები, იდეოლოგიის ან წევრების სუბიექტური მისწრაფებების მიუხედავად, მიდრეკილები იყვნენ კაპიტალისტური სახელმწიფოს მექანიზმი გამხდარიყვნენ. მშრომელ კლასს მოუწევს იბრძოლოს ყველა პროფკავშირის და პროფკავშირული იდეოლოგიის მიღმა და წინააღმდეგ.
კაპიტალიზმის განადგურებას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, მნიშვნელოვანი ინდუსტრიების ნაციონალიზაციასთან, მემარცხენეების ხელში ძალაუფლების გადასვლასთან ან მშრომელთა მიერ ეკონომიკის მენეჯმენტთან. რეალური, ანტისახელმწიფოებრივი კომუნისტური მოძრაობის მიზანი არის დაქირავებული შრომის განადგურება, საბაზრო ურთიერთობის ყველა ფორმის მოსპობა, ყველა სახელმწიფოს და ეროვნული საზღვრის დანგრევა და ამ უარყოფასთან ერთად აუცილებლად – იმ ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების გამოჩენა, რომლებშიც სიღარიბე და არასაჭირო შრომა აღარ არსებობს და მუშაობა აღარ მართავს საზოგადოებრივ ცხოვრებას.
მათი ნაკლოვანების და შეზღუდულობის მიუხედავად, მე-20 საუკუნის დამარცხებული სოციალური რევოლუციები და აჯანყებულ ღარიბთა მასობრივი კოლექტიური ძალადობა ლოს ანჯელესიდან ქურთისტანამდე – მსოფლიოს გარშემო კაპიტალის წინააღმდეგ მომავალი ანტი-სახელმწიფოებრივი და შეუპოვარი კლასობრივი დიქტატურის ემბრიონული გამოხატულებებია : ის, რაც უნდა გახდეს შეგნებულად კომუნისტური მოძრაობა საზღვრების და კომპრომისების გარეშე, ახალი სამყარო, რომელიც დაბადებას ცდილობს. კომუნისტური რევოლუცია და კლასობრივი ბრძოლები, რომლებიც კომუნიზმისკენ მიისწრაფვის, გულისხმობს ექსპლუატირებულთა დესპოტიზმს ექსპლუატაციის და ექსპლუატატორთა წინააღმდეგ, ღარიბთა ძალადობას სიღარიბის ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენთვის კომუნიზმი არის რეალური და ცოცხალი მოძრაობა, რომელიც მიისწრაფვის არსებული პირობების განადგურებისკენ. სასაქონლო ურთიერთობების განადგურება და ნამდვილი საკაცობრიო საზოგადოების დაბადება უბრალოდ არ იცდის, რომ ხორცი შეესხას, როგორც “რევოლუციის შემდეგ დღეს” შეგნებულად მიღებული ზომების სერიას. ეს კომუნისტური მისწრაფებები დღეს ცოცხლობს, როგორც რეპრესირებული იმპულსი კოლექტიურ ბრძოლებში, ბევრ მცირე ჟესტში და დამოკიდებულებაში. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვეძებთ თანამებრძოლებს ამ საქმეში.
-
ამოღებულია გაზეთი “Subversion”-ის 1997 წლის გამოცემიდან. გაზეთის სრული არქივი შეგიძლიათ იხილოთ აქ. ტექსტი ინგლისურად შეგიძლიათ იხილოთ აქ. თარგმანი შეასრულა "ჟერმინალმა"
Comments