კულტურის ავატარები, როგორც საქონელი – მიგელ ამოროსი (2005)

კულტურის ისტორიული განხილვა. აღწერილია კულტურის ისტორიული გზა ძველი დროის "მაღალი" კულტურიდან თანამედროვე გართობის და მომსახურების ინდუსტრიის "მასობრივ" კულტურამდე. მასობრივი კულტურა დახასიათებულია, როგორც კულტურის თავდაპირველი გაგების - კულტურული აღზრდის - "ბიუროკრატიული და ინდუსტრიული შემცვლელი", განკუთვნილი პასიური და უუნარო პუბლიკისთვის.

Submitted by Germinal on March 12, 2026

სიტყვა “კულტურა” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან, colere, რომელიც განიმარტება, როგორც მიწის დამუშავება, კულტივაცია. ციცერონი იყო პირველი, ვინც ეს სიტყვა სულიერი აღზრდის [cultura animi], პიროვნების ინტელექტუალური და მორალური განვითარების გაგებით გამოიყენა. ზოგის აზრით რომაელებმა ეს ცნება ბერძნული სიტყვის, παιδεία(1) [პაიდეია], სათარგმნად შემოიღეს. ჰანა არენდტის მიხედვით, რომაელები კულტურას აღიქვამდნენ ბუნებასთან ურთიერთობაში და აკავშირებდნენ მას წარსულის ნამუშევრებისთვის პატივის მიგებასთან, მათ პატივისცემასთან. “თაყვანისცემას” [ესპანურად culto] ზუსტად იგივე ეტიმოლოგიური საფუძველი აქვს, რაც კულტურას. დღესაც კი, როცა კულტურაზე ვლაპარაკობთ, მას ჩვეულებრივ ვაასოცირებთ ბუნების შრომით გარდაქმნასთან და წარსულის მონუმენტებთან, მიუხედავად იმისა, რომ კულტურულ რეალობას მსგავს ცნებებთან კარგა ხანია არაფერი არ აქვს საერთო.

კულტურა – გაგებული, როგორც საზოგადოების ცალკეული სფერო, სადაც შემოქმედებას თავისუფლად მისდევენ; როგორც აქტივობა, რომელიც საკუთარი თავის გამართლებაა – იდეალიზებული გამოსახულებაა. ასეთ ავტონომიას ერთი სუსტი წერტილი აქვს. კულტურამ გამოიარა სამეფო დარბაზები, ის დაბინავებული იყო მონასტრებსა და ეკლესიებში, მას აფინანსებდნენ სასახლეების და სალონების მეცენატები. როცა ამ უკანასკნელებმა ის მიატოვეს, კულტურა ბურჟუაზიამ იყიდა. კულტურით ტკბობა არამშრომელი კლასის პრივილეგიაა, მათი, ვინც იძულებული არაა იმუშაოს. მე-18 საუკუნემდე კულტურა არისტოკრატიის საკუთრება იყო; შემდგომში ის ბურჟუაზიის მემკვიდრეობის ნაწილად იქცა. მწერლები და მხატვრები ცდილობდნენ თავისუფლება შეენარჩუნებინათ შემოქმედების პროცესში დამოუკიდებლობის დაცვით და სოციუმის მიჯნებზე ცხოვრებით, მაგრამ ჯამში ბურჟუაზია არის ის, ვინც საბოლოო შედეგისთვის ანუ ნაშრომისთვის იხდის.

ბურჟუაზია აწესებს ფასს, არ აქვს მნიშვნელობა ნამუშევარი მას სიამოვნებას ანიჭებს თუ აღიზიანებს და განაცვიფრებს; გამოსადეგია თუ სრულიად გამოუსადეგარი. ბურჟუაზიისთვის კულტურა პრესტიჟის საგანია; ვინც მას ფლობს – სოციალურ შკალაზე მაღლა იწევს. შესაბამისად, მმართველი კლასის მოთხოვნა განსაზღვრავს კულტურისთვის ბაზრის შექმნას. ბურჟუაზიისთვის კულტურა, როგორც სხვა ყველაფერი, ღირებულება, საცვლელი ღირებულება, საქონელია. ის ნაშრომებიც მაინც საქონლებად რჩება, რომლებიც უარყოფენ საკუთარ საქონლის სტატუსს, ეჭვქვეშ აყენებენ კომოდიფიცირებულ კულტურას და საკუთარი წესები შემოაქვთ. მათი ღირებულება სწორედ მათი უნარია გამოეყონ წარსულს, რამდენადაც ახალისებენ ინოვაციას, რომელიც ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესია. კულტურა, რომელიც ბურჟუაზიასთან დაპირისპირებაშია, მომავლის ბურჟუაზიული კულტურაა.

კულტურა ბურჟუაზიული მმართველობის ქვეშ ჩაფლავდა, რადგან მან საკუთარი თავი გამოიყო, როგორც ადამიანის სულის წარმოების განსაკუთრებულმა სფერომ და საზოგადოებრივი გარდაქმნისგან ცალკე დარჩა. მე-20 საუკუნის ავანგარდები – ფუტურისტები, დადაისტები, კონსტრუქტივისტები, ექსპრესიონისტები, სიურრეალისტები – ცდილობდნენ ეს შეცდომა გამოესწორებინათ ახალი გამანადგურებელი ღირებულებების, ცხოვრების ახალი კოროზიული გზების გამოგონებით და გავრცელებით, მაგრამ ბურჟუაზიამ იცოდა როგორ წაერთმია მათთვის მნიშვნელობა და მიესაკუთრებინა ისინი. მისი წარმატების საიდუმლო იყო ზოგადი აღქმის ჩამოყალიბების პრევენცია. საუკეთესო აღმოჩენები სტერილიზდა იმით, რომ გამოყოფილ იქნა ექსპერიმენტაციის და კრიტიკის ყოვლისმომცველი კონტექსტისგან. საბაზრო მექანიზმებმა და სპეციალიზაციამ კედელი აღმართა შემოქმედებსა და მშრომელთა რევოლუციურ მოძრაობას შორის – სწორედ ამ მოძრაობას შეეძლო მათი ნაშრომების ყველა სუბვერსიულ ასპექტზე ხაზგასმა. ხელოვანებმა მაშინ უარყვეს მსოფლიოს შეცვლის ნებისმიერი მცდელობა და მიიღეს საკუთარი სამსახური, როგორც დანაწევრებული დისციპლინები, რომლებსაც მხოლოდ დაკნინებული და უვნებელი ნაშრომების შექმნა შეუძლიათ.

ნიშანდობლივია ფაქტი, რომ როცა ჩვეულებრივი ხალხის პროლეტარიზება ხდება, სახალხო კულტურა იკარგება. კაპიტალისტური სისტემა ხალხს სახელფასო მონობაში აბამს, ხოლო განათლებული ბურჟუაზია აღმოაჩენს და ისაკუთრებს მის ფოლკლორს. პირველი კონკრეტულად ბურჟუაზიული კულტურა რომანტიზმი იყო. რამდენადაც ის ემთხვეოდა რევოლუციურ პერიოდს, ის ერთდროულად იყო შემრიგებლური და კრიტიკული; ის ერთდროულად აქებს და ეჭვქვეშ აყენებს ბურჟუაზიულ ღირებულებებს. მისმა კრიტიკულმა ასპექტმა გავლენა იქონია მშრომელ კლასზე. როცა პროლეტარიატი სახავდა სოციალური სიმდიდრის მოპოვების და ყველასათვის ხელმისაწვდომად ქცევის პროექტს, მან გააცნობიერა საკუთარი კულტურული იზოლაცია და კულტურაზე – თავდაპირველად, მის რომანტიკულ ვარიაციაზე – პრეტენზია გამოაცხადა, როგორც განთავისუფლების აუცილებელ იარაღზე. მისი ბიბლიოთეკები, კულტურული ცენტრები, რაციონალისტური სკოლები და საგანმანათლებლო გამოცემები აჩენენ მშრომელების სურვილს ჰქონოდათ საკუთარი, ბურჟუაზიისგან წართმეული და ბაზრისგან დაცილებული კულტურა, რომელიც ყველას სარგებელზე იქნებოდა მორგებული. კულტურულ ავანგარდს, მოძრაობას, რომელმაც სრულად უარყო წარსული, დაეკისრა იმის უზრუნველყოფა, რომ ბურჟუაზიული კულტურის მშრომელთა მიერ შებრუნება ბურჟუაზიის პოლიტიკურ დეფექტებს პროლეტარულ ფენაში არ შემოიტანდა, არამედ ნამდვილად ახალ და რევოლუციურ ღირებულებებამდე მივიდოდა. ეს რომ მომხდარიყო, შეგვეძლებოდა ლაპარაკი ავთენტურ პროლეტარულ კულტურაზე, თუმცა ამ აზრს განხორციელება არ ეწერა. მშრომელთა გამარჯვებები, განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც სამუშაო დღე შეამოკლეს, მათ წინააღმდეგ გამოიყენეს. თავისუფალი დრო პროლეტარიზდა და მილიონობით მშრომელის ყოველდღიურობა ღია გახდა კაპიტალიზმისთვის. ბატონობამ ისარგებლა ორი ძლიერი იარაღით, რომელიც წარმოების პროცესის რაციონალიზაციამ შექმნა : სახელმწიფო განათლების სისტემით და მასობრივი მედიით (კინო, რადიო და ტელევიზია). ერთი მხრივ, არსებობდა ბიუროკრატიული კულტურა, რომლის დანიშნულებაც იყო მმართველი კლასის იდეების გადაცემა, მეორე მხრივ, კულტურის ბაზრის უპრეცედენტო ზრდა, რომელმაც კულტურის ინდუსტრია შექმნა. შემოქმედს და ინტელექტუალს შეეძლო აერჩია ფუნქციონერის მერხი ან გამრთობის გარდერობი. “მშრომელების მიყვანა საქონლის ‘თავისუფალი’ მწარმოებლების და მომხმარებლების სტატუსამდე წინაპირობად საჭიროებდა მათივე დროის ძალადობრივ ექსპროპრიაციას” (დებორი). სპექტაკლი რეალობად იქცევა კულტურის ინდუსტრიის დაწყებული ამ ექსპროპრიაციის შედეგად. ბატონობის ტექნოლოგიური ტრიუკით, ბურჟუაზიული პრივილეგიის გაუქმებამ მშრომელი მასები არა კულტურამდე, არამედ სპექტაკლამდე მიიყვანა. თავისუფალმა დრომ ისინი არათუ გაათავისუფლა, არამედ მათ მონობას საბოლოო შტრიხები დაასვა.

“თავისუფალი” დრო თავისუფალი მხოლოდ სახელითაა. არავის შეუძლია თავისუფლად მოიხმაროს დრო, თუ არ ფლობს საკუთარი ყოველდღიურობის შესაქმნელად საჭირო იარაღს. ე.წ. თავისუფალი დრო არსებობს არათავისუფალ სოციალურ პირობებში. საწარმოო ურთიერთობები სრულად განსაზღვრავს ინდივიდების არსებობას და მათი თავისუფლების ხარისხს. ეს თავისუფლება მხოლოდ ბაზრის შიგნით არსებობს. თავისუფალ დროს ინდივიდს მოთხოვნა ბაზრის მიერ თავსმოხვეულ მიწოდებაზე აქვს. რაც უფრო მეტია თავისუფლება, მით მეტია თავსმოხვეული, შესაბამისად, მეტია მონობაც.თავისუფალი დრო მუდმივი აქტივობაა; შესაბამისად ის სამუშაო დროის გაგრძელებაა და იღებს კიდეც შრომის მახასიათებლებს : რუტინა, დაღლილობა, მოწყენილობა, ბრუტალიზაცია. ინდივიდისთვის რეკრეაცია აღარაა თავს მოხვეული იმ მიზნით, რომ შრომაში დახარჯული ძალები აღიდგინოს, არამედ იმისთვის, რომ ზუსტად იგივე ძალები ისევ მოხმარებას მოანდომოს. “გართობა გვიან კაპიტალიზმში შრომის გაგრძელებაა” (ადორნო).

კულტურა თავისუფალი დროის სივრცეში შედის და იქცევა მასობრივ კულტურად. თუ ბურჟუაზიული კლასის საზოგადოება კულტურულ პროდუქტებს საქონლად აქცევდა, მასობრივი საზოგადოება მათ მოიხმარს. კულტურული პროდუქტები აღარ მოიხმარება თვითგანვითარების ან სოციალური დაწინაურების მიზნით; მათი ფუნქცია გართობა და დროის მოკვლაა. ახალი კულტურა გართობაა[entertainment] და გართობა ახლა კულტურაა. ის მოიცავს გასართობებს, დროის გაყვანას, არ გულისხმობს განათლებას, ბევრად ნაკლებად ათავისუფლებს სულს. გართობა, ყურადღების გადატანა ნიშნავს თავის არიდებას, ფიქრზე უარის თქმას და, შესაბამისად, არსებულ პირობებთან შეგუებას, მათზე მორგებას. ამ გზით ყოველდღიური ტანჯვა ასატანი ხდება. ინდუსტრიული და ბიუროკრატიული კულტურა ინდივიდს არ უპირისპირებს საზოგადოებას, რომელიც მის მისწრაფებებს თრგუნავს, არამედ საზოგადოებას, რომელიც მის ინსტინქტებს ითვინიერებს, მის ინიციატივას ბლოკავს და ამწვავებს მის ინტელექტუალურ სიღარიბეს. ის ისწრაფვის ინდივიდის სტანდარტიზაციისკენ; ის ცდილობს ინდივიდის გადაქცევას სტერეოტიპად – რომელიც ემთხვევა ბატონობის სუბიექტს – ანუ მაყურებლად. ინდუსტრიული კულტურა მთელ მსოფლიოს აქცევს “პუბლიკად”. პუბლიკა თავისთავად არის პასიური, მისი ქცევა დაფუძნებულია სატელევიზიო გმირთან, ქალ მსახიობთან, ლიდერთან ფსიქოლოგიურ იდენტიფიცირებაზე. ესენია ყალბი თვითრეალიზაციის მოდელები, რაც გაუცხოებულ ცხოვრებას ეკუთვნის. გამოსახულება ყველა სხვა გამოხატვის ფორმას წინ უსწრებს, ყველაზე გავრცელებულია. მაყურებელი არასდროს ერთვება, მას პასუხისმგებლობა სხვაზე გადააქვს; ის არასდროს აპროტესტებს, არამედ პროტესტების ფონს შეადგენს. ამასთანავე, თუ ამბოხებული ქცევა კულტურულ მოდად იქცევა – ესეც იმიტომ, რომ პროტესტები საქონლად იქცა. უახლესი მაგალითები მოიცავს მადრიდის “მოვიდას” [Movida, კულტურული მოძრაობა, რომელიც მადრიდში დაიბადა ფრანკოს რეჟიმის შემდეგ გარდამავალ პერიოდში, 1975-82 წლებში და რომელიც მიზნად ისახავდა ახალი პოლიტიკური და კულტურული თავისუფლებით ესარგებლა, ბაზარზე წარმოედგინა ინოვაციური ფილმები, მოდა და ხელოვნება] ან მის ანალოგს – 70-იანების კონტრკულტურას ბარსელონაში. წინააღმდეგობის სპექტაკლის რეალური დანიშნულება ამბოხის ინტეგრაციაა, რაც აჩენს მოთვინიერის ხარისხს ან მონაწილეთა იდიოტიზმის დონეს. სპექტაკლი ცდილობს ცხოვრების ვულგარული მომენტები შენიღბოს, როგორც გმირული და განსაკუთრებული, და ამით განაზოგადოს ისინი. ეგალიტარული და ლიბერტარ[იან]ული იდეების სრული დაცემის პირობებში, მხოლოდ სპექტაკლი ქმნის სიტუაციებს, სიტუაციებს, რომლებშიც ინდივიდები უგულებელყოფენ ყველაფერს, რაც გასართობი არ არის. ასე ხდება მაყურებლის ინკუბირება, გაფანტული არსების, რომელსაც გამოსახულებების ყოველდღიურმა რეჟიმმა “მისი სამყარო წაართვა, მოკვეთა ყველა ურთიერთობისგან და კონცენტრაციის უნარი დაუკარგა” (ანდერსი).

გარდა იმისა, რომ ზერელეა, ინდუსტრიული კულტურის პროდუქტები ხანმოკლეა, რადგან მათი მარაგი მუდმივად უნდა განახლდეს, რამდენადაც ყოველდღიურობა მოდის ახირებებს მიყვება და მოდა – წესების მუდმივ ცვლილებას. მოდა მხოლოდ აწმყოში არსებობს. წარსულიც კი თანამედროვეობის თვისებას იძენს : მარკეტინგს შეუძლია “დონ კიხოტი” ახალგაგოცემულ წიგნად და გოია ახალ, ტრენდულ მხატვრად წარმოადგინოს. ინფორმაციის ნიაღვარი, რომლითაც მაყურებელი იბომბება, კონტექსტისგან იცლება, ისტორიულ პერსპექტივას შორდება და მიიმართება გონებებისკენ, რომლებიც არიან დამყოლები, მეხსიერების არმქონეები და, შესაბამისად, ისტორიის მიმართ გულგრილები. მაყურებლები მხოლოდ აწმყოში ცხოვრობენ. მუდმივ აწმყოში ჩაძირულები, ისინი წარმოადგენენ ბავშვურ არსებებს, რომლებიც ერთმანეთისგან ვერ არჩევენ ზედაპირულ გართობას და საჯარო აქტივობას. მათ არ უნდათ გაიზარდონ; მათ სურთ სიყმაწვილეში სამუდამოდ დარჩნენ. მათ ჯერათ, რომ როლებით სულელური თამაში ყველაზე შესაფერი ქცევაა საჯარო საქმეებისთვის, რადგანაც მათი ბავშვური არსებობიდან ბუნებრივად მხოლოდ ეს გამომდინარეობს. ხალისიანი პაროდიების ეს სანახაობრივი და დადებითი შეფასება განაზოგადებს სიყრმის სამყაროს, რომლებშიც ზრდასრულები უნდა ჩაიკეტონ. ინფანტილიზაცია საბოლოოდ გამოყოფს მაყურებელ პუბლიკას ნამდვილი აქტორებისგან, ლიდერებისგან. რეალობა გარყვნილზე ბევრად უარესია : პროტესტები ძლივს თუ აიცილებენ შეგზავნილების მანიპულაციას, მაგრამ ვერასდროს აიცილებენ კომიკურ ასახვას. თამაშური იდეოლოგია სპექტაკლის მიერ ინფანტილიზებული გონებების სიმართლეა.

ერთიანი სპექტაკლი მეფობს იქ, სადაც სახელმწიფო და ინდუსტრიული კულტურები ერთმანეთს შეერწყა. ორივე ერთი და იმავე წესებს მიყვება. თავისუფალი დროის მზარდი როლი თანამედროვე წარმოებაში ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო მომსახურების სფეროს ზრდისთვის, რომელიც გლობალიზაციას ახასიათებს. კულტურა, როგორც ობიექტი, რომელიც თავისუფალ დროს უნდა მოიხმარონ, განვითარდა როგორც საწარმოო ძალა. ის ქმნის სამსახურებს, ასტიმულირებს მოხმარებას, იზიდავს ტურისტებს. კულტურული ტურიზმი უკვე ყველგანაა გავრცელებული, კულტურის მიწოდება ქალაქებში გამორჩეულად პრიორიტეტულია. კულტურის ინდუსტრია მრავალფეროვანი გახდა და ახლა კულტურის ბაზარი გლობალურია. კულტურის ექსპორტი და იმპორტი ისევე ხდება, როგორც ქათმის ხორცის. სატრანსპორტო სექტორში ტექნოლოგიური განვითარება ხელს უწყობს ამ გლობალიზაციას; ნაგავი, როგორც კომუნიკაციების მედია გვიჩვენებს, ყველასთვის ერთია. მსოფლიოს უკიდურეს კუთხეებში “მაკარენა” ისმის. ახალი ტექნოლოგიები – ინტერნეტი, ვიდეო, DVD, ბოჭკოვანი ოპტიკა, საკაბელო ტელევიზია, მობილური ტელეფონები – ბიუროკრატიულ-ინდუსტრიული კულტურის გლობალიზაციის პროცესს უწყობს ხელს; ისინი ასევე ქმნიან ახალ ტერიტორიას – ვირტუალურ სივრცეს. ამ ახალ განზომილებაში სპექტაკლი ხარისხობრივ ნახტომს აკეთებს. აქ ზემოხსენებული კულტურის ყველა მახასიათებელი ანუ ბანალიზაცია, ერთგანზომილებიანობა, ზერელეობა, ზედაპირულობა, თამაშის იდეოლოგია, ეკლექტურობა, დაყოფა, ა.შ. უპრეცედენტო სიმაღლეებს აღწევს. კომპიუტერული კულტურა ზუსტად ასრულებს ყოველდღიური ცხოვრების კოლონიზაციის პროგრამას – ის სურვილების განხორციელებას გადაისვრის ვირტუალურობის ნულ-სივრცეში. ახალი ტექნოლოგიების მიერ დაშვებული “ინტერაქტიულობა” სპექტაკლის ზოგ წესს არღვევს ელექტრომაგნიტურ ეთერში, წესებს, როგორებიცაა პასიურობა ან კომუნიკაციის ცალმხრივობა. შედეგად, მაყურებელს შეუძლია სხვებთან კომუნიკაცია და აქტიურად მონაწილეობა, მხოლოდ, როგორც აჩრდილს. ვირტუალური ალტერ-ეგო ტექნოლოგიურ მატრიცაში ყველაფერი შეიძლება იყოს, რასაც მოისურვებს, განსაკუთრებით კი ყველაფერი, რაც რეალური არსება ვერ იქნება რეალურ სივრცეში. ამ პიროვნული გაორებით ინდივიდი საკუთარ სიჩლუნგეს და, შესაბამისად, საკუთარ განადგურებას უწყობს ხელს. თანამედროვე გაუცხოება გამოიხატება თავის დაღწევის, როგორც შიზოფრენიის ტიპის, ახალი მექანიზმებით.

მიმდინარე ისტორიულ ეტაპზე – რამდენადაც შესაძლებელია გაბატონებულ სისტემასთან დაპირისპირებული პროექტის წარმოსახვა – კულტურის, როგორც ციცერონისეული cultura animi-ის, დაბრუნება არ გულისხმობს ბეჯითად სწავლას ან უნარების ხელოსნურ განვითარებას ან მეხსიერების მილიტანტურ აღდგენას. ის, უპირველეს ყოვლისა, არის კულტურული საბოტაჟის პრაქტიკა, რომელიც განუყოფელია ბატონობის ტოტალური კრიტიკისგან. კულტურა დიდი ხნის წინ მოკვდა და ჩანაცვლდა ბიუროკრატიული და ინდუსტრიული შემცვლელით. სწორედ ამიტომ, ყველა, ვინც ლაპარაკობს კულტურაზე – ან ხელოვნებაზე ან ისტორიული მეხსიერების აღდგენაზე – საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის ხსენების გარეშე, პირში გვამით ლაპარაკობს. ყველა აქტივობა ამ სფეროში უნდა წარიმართოს ტოტალური სუბვერსიის ერთიანი პროექტის ფარგლებში; ყველანაირი შემოქმედება, შედეგად, უნდა იყოს ძირეულად გამანადგურებელი. ჩვენ არ უნდა გავექცეთ კონფლიქტს; ჩვენ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ მასზე და დავრჩეთ მის წიაღში.

მიგელ ამოროსი

-

1. παιδεία – ანტიკურ საბერძნეთში ეწოდებოდა პოლისის/სახელმწიფოს იდეალური მოქალაქის აღზრდა-განათლებას და მის პრინციპებს. (მთარგმნელის შენიშვნა)

-

2005 წელს ბარსელონაში, Ateneo Popular de l’Example-ში გამართული პრეზენტაციის ტექსტი. ინგლისურად შეგიძლიათ იხილოთ აქ. თარგმანი და შენიშვნები მოამზადა ჟერმინალმა.

Comments