მოქმედება – კარლო კაფიერო (1880)

იტალიელი ანარქისტი კომუნისტი, "საქმით პროპაგანდის" ერთ-ერთი მხარდამჭერი ხსნის მოქმედების და მისი რადიკალური ხასიათის აღმატებულ მნიშვნელობას რევოლუციური მოძრაობის როგორც პრაქტიკულ, ისევე თეორიულ განვითარებაში.

Author
Submitted by Germinal on April 9, 2026

არაა საჭირო სწავლულებმა მხრები ისე იჩეჩონ, თითქოს ქვეყნიერების სიმძიმეს ატარებენ: რევოლუციური იდეა მათ არ მოუგონიათ. სწორედ ჩაგრულებმა საკუთარი (ხშირად გაუცნობიერებელი) მცდელობით, გადაეგდოთ ჩაგვრის უღელი, სწავლულების ყურადღება სოციალურ მორალობაზე გადაიტანეს; მხოლოდ მოგვიანებით სულ რამდენიმე მოაზროვნემ მოახერხა მისი უკმარისობის დანახვა და კიდევ უფრო გვიან სხვებმა ის სრულიად მცდარად გამოაცხადეს.

დიახ, ხალხის დაღვრილი სისხლია, რაც შემდეგ სწავლულთა თავებში იდეებად ყალიბდება. კარლო პისაკანემ თავის პოლიტიკურ განცხადებაში თქვა: “იდეალები საქმეებიდან მოდის და არა პირიქით”, ის მართალი იყო. სწორედ ხალხი ქმნის პროგრესს და რევოლუციას – ერთი პროცესის კონსტრუქციულ და დესტრუქციულ ასპექტებს. სწორედ ხალხი ეწირება ყოველდღიურად, რათა საყოველთაო წარმოება შენარჩუნდეს და სწორედ ხალხი ანთებს საკუთარი სისხლით ჩირაღდანს, რომელიც კაცობრიობის ბედისწერას ფენს ნათელს.

როცა მოაზროვნე, რომელმაც გულმოდგინედ შეისწავლა კაცობრიობის ტანჯვის წიგნი, განმარტავს სახალხო მისწრაფების ფორმულას – მთელ მსოფლიოში ყველა ჯურის კონსერვატორები და რეაქციონერები ხმის ჩაგლეჯამდე ყვირიან: “ეს სკანდალია!”

დიახ, ეს სკანდალია და ჩვენ გვჭირდება სკანდალები; რადგან რევოლუციური იდეა სწორედ სკანდალის ძალით იკაფავს გზას. როგორი სკანდალი გამართა პრუდონმა, როცა განაცხადა: “საკუთრება ქურდობაა!” თუმცა დღეს ერთი გონიერი ან გულიანი ადამიანიც არ უარყოფს, რომ კაპიტალისტი ყველაზე დიდი ნაძირალაა ქურდებს შორის; მეტიც – ერთადერთი ნამდვილი ქურდი. წამების უსაშინლესი იარაღით – შიმშილით – შეიარაღებული ის მსხვერპლს არა დროებით, არამედ მთელი სიცოცხლე აწამებს; ის აწამებს არამარტო მსხვერპლს, არამედ მის ცოლს და შვილებსაც. ქურდი რისკავს თავისუფლებას და ხშირად სიცოცხლესაც, მაგრამ კაპიტალისტი, ნამდვილი ყაჩაღი, არაფერს რისკავს და როცა იპარავს, იპარავს არა ნაწილს, არამედ მშრომელის მთლიან სიმდიდრეს.

თუმცა თეორიული ფორმულის პოვნა არასაკმარისია. როგორც მოქმედება წარმოშობს რევოლუციურ იდეას, ისე მოქმედებამ უნდა განახორციელოს ის.

ინტერნაციონალის პირველ კონგრესზე საფრანგეთის პროლეტარიატიდან ძალიან ცოტა მშრომელი ეთანხმებოდა კოლექტიური საკუთრების იდეას. მას ნამდვილად ჭირდებოდა ნათელი, რომელიც კომუნის ხანძრებმა მოფინეს მთელ მსოფლიოს, რომ სიცოცხლე მიენიჭებინა და გაევრცელებინა რევოლუციური იდეა, რომ მივსულიყავით ჰააგის კონგრესამდე, სადაც 48 წარმომადგენლის ხმით ფრანგმა მშრომელებმა მიზნად გამოაცხადეს თავისუფალი კომუნიზმი. მაინც, ჩვენ გვახსოვს სერიოზულობით და სიბრძნით აღსავსე ავტორიტარი დოგმატისტები – ისინი სულ რამდენიმე წლის წინ იმეორებდნენ, რომ კომუნამ სოციალისტური მოძრაობა დააბრკოლა, რადგან გამანადგურებული რეაქციები გამოიწვია. რეალობამ უკვე გვიჩვენა ამ “მეცნიერული სოციალისტების” (მათ უმეტესობას მეცნიერების არაფერი გაეგება) მოსაზრებათა სიმართლე, რომლებიც ცდილობდნენ სოციალისტებში “შედეგების პოლიტიკა” გაევრცელებინათ.

შესაბამისად, საჭიროა მოქმედება, მოქმედება და მოქმედება. მოქმედებით ჩვენ ერთდროულად ვმუშაობთ თეორიისთვის და პრაქტიკისთვის, რადგან მოქმედებაა, რაც იდეებს წარმოშობს და მსოფლიოში მათ გავრცელებაზეა პასუხისმგებელი.

როგორ უნდა ვიმოქმედოთ?

პარლამენტში ან თუნდაც მუნიციპალურ საბჭოებში უნდა წავიდეთ ან სხვები გავგზავნოთ ჩვენს ნაცვლად?

არა, ათასჯერ არა! ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს ბურჟუაზიის ინტრიგებთან. ჩვენ არ გვჭირდება ჩვენს მჩაგვრელთა თამაშებს შევუერთდეთ, თუ ჩაგვრაში არ გვინდა მონაწილეობის მიღება. “პარლამენტში წასვლა ნიშნავს მოლაპარაკებაზე წასვლას, მოლაპარაკებაზე წასვლა კი ნიშნავს ზავის დადებას” – თქვა გერმანელმა ექს-რევოლუციონერმა, რომელიც მას შემდეგ ძალიან ბევრ მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა.

ჩვენი მოქმედება უნდა იყოს მუდმივი ამბოხი სიტყვით, კალმით, დანით, თოფით, დინამიტით, ხანდახან საარჩევნო ყუთითაც – როცა საქმე შესაფერის კანდიდატებს ეხებათ, როგორებიც არიან ბლანკი ან ტრინკე. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჩვენ ყველა იარაღს გამოვიყენებთ, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ამბოხისთვის. ჩვენთვის ყველაფერი სწორია, რაც არ არის ლეგალური.

“თუმცა როდის უნდა ვიმოქმედოთ, როდის უნდა გადავიდეთ შეტევაზე?” მეგობრები გვეკითხებიან. “არ უნდა მოვიცადოთ, სანამ ჩვენი ძალა საკმარისად ორგანიზებულია? მოუმზადებლად თავდასხმა თავის გამოვლენას და მარცხის გარისკვას ნიშნავს.”

მეგობრებო, თუ მანამ დავაპირებთ მოცდას, სანამ შეტევისთვის საკმარისად ძლიერები ვიქნებით – არასდროს შევუტევთ, ჩვენ იმ კაცს დავემსგავსებით, რომელმაც დაიფიცა, რომ ზღვაში არ შევიდოდა, სანამ ცურვას არ ისწავლიდა. სწორედ რევოლუციური მოქმედება ავითარებს ჩვენს ძალას, როგორც ვარჯიში ავითარებს ჩვენს კუნთებს. მართალია, თავდაპირველად, ჩვენი დარტყმები მომაკვდინელები არ იქნება; შეიძლება სერიოზული და ბრძენი სოციალისტები გავაცინოთ კიდეც, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვეძლება ვუპასუხოთ: “თქვენ დაგვცინით, რადგან ისეთივე სულელები ხართ, როგორც ის, ვინც სიარულის სწავლისას დაცინის ბავშვს. გახალისებთ ჩვენთვის ბავშვების წოდება? კარგი, მაშინ ვართ ბავშვები, რადგან ჩვენი ძალის განვითარება ჯერ კიდევ ყრმობაშია. თუმცა სიარულის ცდისას, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვცდილობთ ვიქცეთ ადამიანებად ანუ სრულყოფილ ორგანიზმებად, რომლებიც ძლიერები და ჯანსაღები არიან; რომლებსაც შეუძლიათ რევოლუციის მოხდენა; და არა მჯღაპნელ რედაქტორებად, ნაადრევად დაბერებულებად, რომლებიც მუდამ ცდილობენ იმ მეცნიერების გადაყლაპვას, რომლის მონელებაც არ შეუძლიათ და მუდამ უსასრულო სივრცესა და დროში გეგმავენ ღრუბლებში გაუჩინაურებულ რევოლუციას.”

როგორ დავიწყოთ მოქმედება?

ეძებეთ შესაძლებლობა და ის მალე გამოჩნდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, სადაც ამბოხება იგრძნობა და ბრძოლის ხმა ისმის. არ მოცდეთ იმ მოძრაობაში მონაწილეობაზე, რომელიც ოფიციალური სოციალიზმის იარლიყს ატარებს. ყველა სახალხო მოძრაობა ისედაც ატარებს რევოლუციური სოციალიზმის თესლს: ჩვენ მისი აღმოცენება უნდა უზრუნველვყოთ. რევოლუციის მკაფიო და ზუსტი იდეალი მხოლოდ უსასრულო უმცირესობის მიერაა ჩამოყალიბებული და თუ მოვიცდით, რომ ზუსტად ჩვენს წარმოდგენილ ბრძოლაში მივიღოთ მონაწილეობა, სამუდამოდ ლოდინი მოგვიწევს. არ მიბაძოთ დოგმატისტებს, რომლებიც პირველ რიგში ფორმულას ითხოვენ: ხალხი ცოცხალ რევოლუციას გულებით ატარებს, ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ და მოვკვდეთ.

და როცა ლეგალური ან საპარლამენტო მოქმედების მხარდამჭერები მოვლენ და გაგვაკრიტიკებენ, რომ ხალხთან კავშირი არ გვაქვს, როცა ხალხი არჩევნებზე მიდის, ჩვენ ვუპასუხებთ: “ნამდვილად, ჩვენ უარს ვამბობთ კავშირი გვქონდეს ხალხთან, როცა მისი ღმერთის, მისი მეფის ან მისი ბატონის წინაშე მუხლებზე ემხობა; თუმცა მუდამ მასთან ვიქნებით, როცა ძლევამოსილი მტრების წინააღმდეგ წავა. ჩვენთვის თავშეკავება პოლიტიკისგან არ არის თავშეკავება რევოლუციისგან; ჩვენი უარი ნებისმიერ საპარლამენტო, ლეგალურ ან რეაქციულ მოქმედებაზე აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ძალადობრივი და ანარქისტული რევოლუციისადმი, ღარიბი მასების რევოლუციისადმი.”

-

თარგმანი მოამზადა ჟერმინალმა.

Comments