საკუთრების მხეცი – იოჰან მოსტი (1883)

მე-19 საუკუნის ანარქისტი კომუნისტის, იოჰან მოსტის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი. ის განიხილავს არსებულ კლასობრივ საზოგადოებას, რომლის სათავეშიც "საკუთრების მხეცია" მოქცეული, რევოლუციურ გარდაქმნას და მომავალს, რომელშიც "საკუთრების მხეცისგან" განთავისუფლებულ კაცობრიობას საბოლოოდ შეეძლება ბედნიერად ცხოვრება.

Submitted by Germinal on April 9, 2026

“მტაცებელ მხეცთა შორის ადამიანი ნამდვილად ყველაზე უარესია.” ეს გამოთქმა, რომელსაც, დღესდღეობით, საკმაოდ ხშირად იყენებენ, მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. არა ადამიანი, როგორც ასეთი, არამედ სიმდიდრესთან დაკავშირებული ადამიანია მტაცებელი. რაც უფრო მდიდრდება ის, მით უფრო მეტი სურს. ასეთ ურჩხულს შეგვიძლია ვუწოდოთ “საკუთრების მხეცი”. ის ახლა სამყაროს მართავს, კაცობრიობას სულს უხუთავს. მისი სისასტიკე და გაუმაძღრობა იზრდება ჩვენი ე.წ. “ცივილიზაციის” პროგრესთან ერთად. ქვემოთ ჩვენ ამ ურჩხულს დავახასიათებთ და მის მოსპობას გავუწევთ რეკომენდაციას.

მიმოიხედეთ! ყველა ე.წ. “ცივილიზებულ” ქვეყანაში 100 ადამიანს შორის იპოვით 95 მეტნაკლებად ღარიბს და 5 ბობოლას.

არაა საჭირო გამოვიკვლიოთ ყველა გაიძვერული ხერხი, რომლითაც მათ საკუთარი ქონება მოიპოვეს. ფაქტი – რომ ისინი ფლობენ ყველაფერს მაშინ, როცა სხვები ცხოვრობენ ან, უფრო ზუსტად, [ვეგეტატიურად] არსებობენ – არანაირ ეჭვს არ ტოვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უმცირესობა უმრავლესობის ხარჯზე გამდიდრდა.

პირდაპირი ძალადობით, მოტყუებით თუ თაღლითობით ამ ურდომ ნელ-ნელა მიითვისა მიწა მთელი მისი სიმდიდრით. მემკვიდრეობის და გადაცემის კანონებმა ამ ყაჩაღობას პატივსაცემობის ელფერი შეძინა, შესაბამისად, მისი ნამდვილ ხასიათი გააბუნდოვანა და წაშალა. ამ მიზეზით “საკუთრების მხეცი” სრულყოფილად არ არის აღქმული და მეტიც – მას რელიგიურად სცემენ თაყვანს.

და მაინც, ყველა, ვინც არ მიეკუთვნება ამ კლასს – მისი მსხვერპლია. არამესაკუთრის (ღარიბი ადამიანის) ყველა ნაშიერი ამქვეყნად მოვლინებისთანავე აღმოაჩენს, რომ დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭული დაკავებულია. არ არსებობს არაფერი, რაც “უბატონოა”. შრომის გარეშე არაფერი იწარმოება, შრომისთვის კი საჭიროა არამარტო უნარი და ნება, არამედ სამუშაო სივრცე, ხელსაწყოები, ნედლეული და საარსებო საშუალებები. შესაბამისად, გადასარჩენად ღარიბმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს მათ, ვისაც ეს ყველაფერი უხვად გააჩნია. და შეხედეთ! მდიდარი მას ნებას რთავს არსებობა გააგრძელოს. თუმცა ამის სანაცვლოდ მან უნდა დათმოს საკუთარი უნარები და ძალა. ამ თვისებებს მისი თვითმარქვია “მხსნელები” საკუთარი თავებისთვის იყენებენ. მესაკუთრეები მას შრომის უღელში აქცევენ – აიძულებენ უკანასკნელი გონებრივი და ფიზიკური ძალებით აწარმოოს ახალი სიმდიდრეები, რომელიც მისთვის განკუთვნილი არც არის. თუ ის ზემეტად დიდ ხანს იფიქრებს, სანამ ამ უთანასწორო შეთანხმებაში შევა – მუცლის ყმუილი მალევე დაარწმუნებს, რომ ღარიბს ამისთვის დრო არ აქვს, რადგან მის მსგავს მდგომარეობაში მილიონობით სხვა არის. ის რისკავს, რომ სანამ ფიქრობს, მის სმუშაო ადგილს სხვები დაიკავებენ, მისი შანსი დაიკარგება და ისევ ბედის ანაბარა დარჩება.

შიმშილის მათრახი აიძულებს ღარიბს დამორჩილდეს. რათა იცხოვროს, ის იძულებულია გაყიდოს – “ნებაყოფლობით” გაყიდოს – საკუთარი თავი “საკუთრების მხეცზე” ყოველდღე და ყოველ საათს.

გარდასული დრო, როცა “მმართველი” კლასები მონებზე სანადიროდ თავდასხმებს აწყობდნენ, მსხვერპლებს ბორკილებს ადებდნენ და აიძულებდნენ შრომას, რათა მთელი ნამუშევარი თავისთვის დაეტოვებინათ; დრო, როცა ქრისტიან-გერმანელმა მძარცველებმა მთელი ქვეყნები მიიტაცეს, მათ მაცხოვრებლებს მიწა წაართვეს და ფეოდალურ მსახურებაში ჩაბმა აიძულეს – ეს დრო საკმაოდ საზარელი იყო, მაგრამ ფსკერს ჩვენმა თანამედროვე “კანონის და წესრიგის” სისტემამ მიაღწია. მან კაცობრიობის ცხრა-მეათედს საარსებო საშუალებები გამოტყუა, დამოკიდებული გახადა უმნიშვნელო უმცირესობაზე და გაწირა მუდმივი თავშეწირვისთვის. ამავდროულად, ეს ურთიერთობა ისე შენიღბა ტყუილებით, რომ დღევანდელობის ყმები – დაქირავებული მონები – მხოლოდ ნაწილობრივ აცნობიერებენ საკუთარ ყმურ და კანონგარეშე არსებობას, პირიქით, ისინი ამას უბრალოდ ბედის უკუღმართობას აბრალებენ.

ამ მდგომარეობის შენარჩუნება “დაწინაურებული” კლასების ერთადერთი მიზანია. ისინი ყოველთვის ერთიანები არ არიან ერთმანეთთან მიმართებაში – ერთს უნდა მეორეზე უპირატესობის მოპოვება ვაჭრობის ხერხებით, ეშმაკური სპეკულაციით და შეჯიბრის მრავალფეროვანი მაქინაციით – თუმცა პროლეტარიატის წინააღმდეგ ისინი ერთიან მტრულ ფალანგად დგანან. შესაბამისად, მათი პოლიტიკური იდეალი – ყველა ლიბერალური ფრაზის მიუხედავად – ყველაზე ძლიერი, ცენტრალიზებული და სასტიკი მეთვალყურე მთავრობაა.

თუ ღარიბი ადამიანი, რომელსაც დროებით არ შეუძლია თავი მიყიდოს შრომის ექსპლუატატორს ან სრულ უმწეობამდე გაატყავა “საკუთრების მხეცმა”, ეცდება თავს მათხოვრობით უშველოს – მაშინ მაძღარი ბურჟუა ამას “მაწანწალობას” უწოდებს და პოლიციას დაუძახებს. ის სამარცხვინო ბოძს და ციხეს ითხოვს საბრალო ადამიანისთვის, რომელიც უარს ამბობს იშიმშილოს საჭმლის გორებს შორის.

თუ უმუშევარი ჭარბად მიმართავს სანაქებო თვითდახმარებას ანუ თუ ის მცირე დოზით გააკეთებს იმას, რასაც მდიდრები ყოველდღე დაუსჯელად და მასშტაბურად აკთებენ; თუ ის, რეალურად, მოიპარავს თავის გადასარჩენად – ბურჟუაზია მის თავზე “მორალური აღშფოთებოს” მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს შეკრებს და მკაცრი იერით უმოწყალოდ გადასცემს მას სახელმწიფო პასუხისგებაში, რათა სახელმწიფოს ციხეებში ის უფრო ეფექტურად (ანუ იაფად) გაატყავონ.

როცა მშრომელები ერთიანდებიან, რათა მიიღონ უკეთესი ხელფასი, მოკლე სამუშაო დღე ან მსგავსი გაუმჯობესება, ბობოლები მალევე გმობენ ამას, როგორც “შეთქმულებას”, რომელიც უნდა ჩაიშალოს.

როცა მშრომელები ორგანიზდებიან პოლიტიკურად, ამას გმობენ, როგორც “ღვთიური” წესრიგის წინააღმდეგ ამბოხს, რომელიც უნდა ანულირდების დისკრიმინაციული ან სხვა კანონებით.

თუ ხალხი საბოლოოდ გადაწყვეტს აჯანყდეს, მთელს მსოფლიოში შეუჩერებლად გაისმება “ოქროს ვეფხვების” მძვინვარე ღრიალი – ისინი გრგვინავენ ხოცვა-ჟლეტის მოლოდინით, მათი სისხლის წყურვილი დაუოკებელია.

ღარიბის ცხოვრება არაფრად ფასობს მდიდრისთვის. ხომალდების მფლობელი მთელი ეკიპაჟების სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში, როცა თაღლითურად უნდა დაზღვევის თანხის მიღება ნახევრად დაშლილი გემებისთვის. ცუდი ვენტილაცია, ღრმა გათხრები, დეფექტური საყრდენები, ა.შ, ყოველწლიურად ათასობით მაღაროელის სიცოცხლეს იწირავს, თუმცა ესე ოპერირება ხარჯებს ამცირებს, შესაბამისად, ზრდის მოგებას და სინანულის მიზეზსაც არ აძლევს მაღაროების მფლობელებს. არც ქარხნის ფაშას ანაღვლებს რამდენ “მის” მშრომელს გაგლეჯს შუაზე დანადგარები, მოწამლავს ქიმიკატები ან ნელ-ნელა დაახრჩობს მტვერი და ჭუჭყი. მთავარია მოგება.

ქალები კაცებზე ნაკლები ჯდებიან: ამ მიზეზით, კაპიტალისტი ვამპირები გაუმაძღრად ელტვიან მათ სისხლს. გარდა ამისა, ქალთა შრომა მათ იაფი საყვარლებითაც ამარაგებს.

ბავშვის ხორცი ყველაზე იაფია: მაშ რა გასაკვირია, რომ თანამედროვე საზოგადოების კანიბალები შეუჩერებლად ნადიმობენ ყმაწვილი მსხვერპლებით? რაში ადარდებთ, რომ ასე საცოდავი პატარები ფიზიკურად დახეიბრებულები და მენტალურად განადგურებულები დარჩებიან მთელი ცხოვრება? რაში ანაღვლებთ, რომ ათასობით მათგანი, საბრალო და ადრეულ ასაკშივე ძალაგამოცლი, სამარეში ჩაეშვება? აქციები იზრდება; ეს საკმარისია.

რამდენადაც ბურჟუაზია, კაპიტალის საშუალებით, სრულად ამონოპოლიზებს ყველა ახალ გამოგონებას, ყველა ახალ მანქანას, ეს პროგრესი – სამუშაო საათების შემცირების, ყველას კეთილდღეობის და ბედნიერების გაზრდის ნაცვლად – იწვევს ზოგის სამსახურიდან დათხოვნას, სხვებისთვის – ხელფასის შემცირებას და მთელი პროლეტარიატისთვის – გაზრდილ და გაძლიერებულ უბედურებას.

როცა წარმოების ზრდას თან ახლავს მასების მზარდი გაღატაკება, მოხმარება აუცილებლად მცირდება და სტაგნაცია და კრიზისი იწყება. ნამდვილი სიმდიდრის სიჭარბე უმცირესობის ხელში აუცილებლად იწვევს შიმშილს, ტიფს და სხვა ეპიდემიებს. ამ მდგომარეობის უსამართლობა – მართლაც, იდიოტიზმი – აშკარაა. ბობოლები, რა თქმა უნდა, მხოლოდ მხრებს იჩეჩენ. ამას მანამ გააგრძელებენ, სანამ კისერზე კარგად შემოხვეული თოკი ყველა შემდგომ ჩეჩვას არ დაასრულებს.

მშრომელს მრავალნაირად ატყავებენ არამხოლოდ როგორც მწარმოებელს, არამედ როგორც მომხმარებელსაც. უთვალავი პარაზიტი ცდილობს მისი მწირი შემოსავლის მითვისებას.

მას შემდეგ, რაც პროდუქტი გაივლის გაცვლის და დასაწყობების სხვადასხვა ეტაპს, მას შემდეც, რაც მის ფასს გაზრდის მაკლერების და ბროკერების მოგება, გადასახადები და ბაჟი, პროდუქტი საბოლოოდ მიაღწევს მაღაზიამდე, რომლის კლიენტებიც თითქმის ექსკლუზიურად პროლეტარები არიან. ბითუმად მოვაჭრეები მათი ტრანზაქციებით ალბათ 10-დან 20 პროცენტამდე მოგებას “აკეთებენ” (ანუ თაღლითურად მოიპოვებენ); საცალო გამყიდველი უკმაყოფილოა 100 პროცენტზე ნაკლებით. ის ყველა ხერხს მიმართავს ამ შედეგის უზრუნველსაყოფად, მათ შორის საკვების ყველაზე უსირცხვილო ფალსიფიკაციას. ამ თაღლითებთან ახლო ურთიერთობაში არის ლუდის, სპირტიანი სასმელების, ღვინის, სხვ. ურიცხვი მომწამლავი და გამყალბებელი, რომლებიც საკუთარი საძაგელი ვაჭრობით სახიფათოს ხდიან ჩვენი დიდი ქალაქების და ინდუსტრიული ცენტრების ქუჩებს. შემდეგ არიან ბინების გამქირავებლები, რომლებიც გაუჩერებლად ცდილობენ ღარიბთა ყოფის გამწარებას. ოთახების პირობები სტაბილურად უარესდება, ქირა იწევს და ხელშეკრულებები უფრო შემხუთველი ხდება. მშრომელები უფრო და უფრო ავსებენ სხვენებს და სარდაფებს, რომლებიც ვირთხებით და ობითაა სავსე. ციხის საკნები ხშირად ბევრად უფრო ჯანსაღია ამ მწერების ბუდეებთან შედარებით.

როცა მშრომელი უმუშევარი ხდება, ის კვლავ იმ სპეკულატორთა ანაბარაა, რომლებიც მზად არიან მას კლანჭები ჩაავლონ და საბოლოოდ გაანადგურონ. ლომბარდები და მისთანანი ღარიბს მისი უკანასკნელი ქონებისთვის მწირ თანხას თავაზობენ მაღალი პროცენტით. მათი ხელშეკრულებები ჩვეულებრივ ისეა შედგენილი, რომ ქონება რთულად თუ დარჩება მფლობელს; დალომბარდებული ნივთები ლომბარდს რჩება და ღატაკი კიდევ უფრო ძირს ეშვება. ავაზაკები კი მოკლე დროში მდიდრდებიან. მათხოვარს ზოგი გამომძალველი საკმაოდ კარგ გადამხდელად ხედავს. თითოეული გროში, რომელსაც ის მოაგროვებს, ხარბ მზერას იმსახურებს ბინძური სოროების და საზიზღარი ბუნაგების მფლობელებისგან. ქურდებიც კი ამ კაპიტალისტური გამოძალვის სამიზნეები არიან. ისინი მონები არიან გაიძვერა მფარველებისთვის და შემსყიდველებისთვის, რომლებიც მათ ნაქურდალს ჩალის ფასად იღებენ. დიახ, ის უიღბლო ქალებიც, რომლებიც თანამედროვე დაწყევლილმა სისტემამ პროსტიტუციამდე მიიყვანა, უსირცხვილოდ იძარცვებიან ბორდელების და სხვა ცუდი რეპუტაციის დაწესებულებების მფლობელებისგან.

ესაა ღარიბის ხვედრი დაბადებიდან სიკვდილამდე. აწარმოებს თუ მოიხმარს, ცხოვრობს თუ მხოლოდ არსებობს, ის მუდმივად გარშემორტყმულია მსუნაგი ვამპირებით, რომლებსაც მისი სისხლის უკანასკნელ წვეთი სწყურიათ. მეორე მხრივ, მდიდარი არასდროს წყვეტს ექსპლუატაციას, მიუხედავად იმისა, რომ სიხარბის მიზეზის პოვნა არც შეუძლია. ვისაც $1,000,000 აქვს, სურს ჰქონდეს $10,000,000; ვისაც $100,000,000 აქვს, სურს ჰქონდეს $1,000,000,000.

სიმდიდრის წყურვილი პირდაპირ კავშირშია ძალაუფლების წყურვილთან. სიმდიდრე არამარტო მეტი სიმდიდრის წყარო, არამედ პოლიტიკური ძალაუფლებაცაა. თანამედროვე კაპიტალისტურ სისტემაში მექრთამეობა საყოველთაო მანკიერებაა. როგორც წესი, საკითხავია მხოლოდ ფასი, რომლითაც იყიდიან მას, ვინც საუბრით ან დუმილით, კალმით ან პრესით, ძალადობით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით გამოადგება “საკუთრების მხეცს”, რომელიც საკუთარი ოქროს დიქტატებით წარმოადგენს აბსოლუტურ, ყოვლისშემძლე ღვთაებას.

ევროპასა და ამერიკაში რამდენიმე ასეული ათასი მღვდელია, რომლებსაც მიზანმიმართულად ინახავენ, რათა მასების საღი გონება მოწამლონ. უთვალავი მისიონერი დახეტიალობს კარდაკარ ბროშურების გასავრცელებლად ან სხვა “სულიერი” დანაშაულების ჩასადენად. სკოლებში აქტიურად ცდილობენ გააბათილონ ის მცირე სიკეთეც, რაც წერა-კითხვის და ანგარიშის სწავლამ შეიძლება მოიტანოს. “ისტორიისადმი” იდიოტური მოპყრობა ახალისებს ვულგარულ ცრურწმენებს, რომელიც ყოფს ადამიანებს, ხელს უშლის მათ გააცნობიერონ ფაქტი, რომ მჩაგვრელები მათ წინააღმდეგ გაერთიანებულები არიან და ყველანაირ (წარსულის და აწმყოს) პოლიტიკას ერთადერთი მიზანი აქვს – მმართველთა ძალაუფლების განმტკიცება და მისგან გამომდინარე ექსპლუატაცია ღარიბებისა მდიდრების მიერ.

“ერთგულებით და სხვა მათრობელებით” ვაჭრობას უძღვებიან დღიური პრესის მჯღაპნელები, ისტორიის დამმახინჯებლები, სხვადასხვა მოწინავე ხროვის, ქსელის, გაერთიანების და ორგანიზაციის პოლიტიკური ლაქიები, პარლამენტარული ყბედები მაცდური ღიმილით, დაპირებებით პირზე და ღალატით გულში, ასობით სხვა პოლიტიკოსი არამზადობის ყველა ხარისხით და ელფერით.

ბანდიტების მთელ დაჯგუფებებს ასაქმებენ სოციალური საკითხის ბურუსში გასახვევად. პოლიტიკური ეკონომიის პროფესორები, მაგალითად, ბურჟუაზიის ლაქიების როლს თამაშობენ, განადიდებენ ოქროს ხბოს, როგორც ნამდვილ სიცოცხლის მზეს; ისინი იმდენად “მეცნიერულად” მიმართავენ გაყალბებას და თაღლითობას, რომ მშრომელთა გატყავება კაცობრიობისთვის გაკეთებულ სიკეთედ გამოყავთ. ზოგი ამ შარლატანთაგანი გვირჩევს სოციალურ რეფორმას ან სხვა სიტყვებით პროცესს, რომელიც ეფუძნება დასველების გარეშე გარეცხვის მაქსიმას; არც ვახსენებთ მათ სახელგანთქმულ რეცეპტებს ეკონომიზაციაზე და განათლებაზე.

მასების გაბრიყვების პარალელურად ძარცვის კაპიტალისტი რაინდები აგრძელებენ საკუთარი ძალაუფლების მექანიზმის დახვეწას. ახალ-ახალი სახელმწიფო დაწესებულებები იქმნება. ევროპაში ამ დაწესებულებების მაღალ თანამდებობებს იკავებენ ყოფილი ყაჩაღების (ახლანდელი “დიდგვაროვნები”) შთამომავლები; ამერიკაში – თანამდებობაზე ყველაზე ცბიერი მონადირეები და ყველაზე ეშმაკი მძარცველები, რომლებიც ერთმანეთს უთავსებენ, ერთი მხრივ, მათ დანიშნულებას მბრძანებლურად გააჩუმონ პროლეტარიატი და, მეორე მხრივ, მასშტაბური მიტაცების და გაყალბების საამო საქმეს. ისინი მეთაურობენ ჯარისკაცთა, ჟანდარმთა, პოლიციელთა, ჯაშუშთა, მოსამართლეთა, ბადრაგთა, გადასახადების ამკრეფთა, ჯალათთა და სხვ. არმიას. მოხელეთა ქვედა კლასი თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია არამესაკუთრეთა რიგებიდან, ისინი იშვიათად თუ იღებენ უკეთეს ხელფასს. თუმცა ამ ყველაფრისთვის ისინი დიდ მონდომებას იჩენენ, როგორც ჯაშუშები, მიმყურადებლები, ჩანერგილები, როგორც სახელმწიფოს კლანჭები და ერთგული მსახურები. სახელმწიფო კი, აშკარად, წარმოადგენს არც მეტი და არც ნაკლები იმ თაღლით მძარცველთა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლებიც ტირანიული მანქანის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებდნენ ჩაგრული ხალხის სამართლიანი რისხვის წინააღმდეგ.

ძველი სამყაროს უდიდეს ნაწილში ამ სისტემამ ბუნებრივად მიაღწია კულმინაციას გარეგან ფორმაში. სახელმწიფოს მთელი დისციპლინური აპარატი მონარქიულ ძალაუფლებაში კონცენტრირდება. მისი წარმომადგენლები “ღვთის ნებით”, შესაფერისად, წარმოადგენენ არამზადობის კვინტესენციას. მათი საყვარელი საქმიანობა მკვლელობაა (ომი); როცა ძარცვავენ (და ისინი ამას ხშირად აკეთებენ), ისინი ძარცვავენ მთელ ქვეყნებს და ასობით, ათასობით მილიონ ადამიანს. მათი გაჩენილი კოლოსალური ხანძრები მათ დანაშაულებს ფენს ნათელს. ისინი მიყვებიან იდეას, რომ კაცობრიობა არსებობს მათთვის, რათა ფეხქვეშ გაიგონ, ბორკილები დაადონ და ზედ დააფურთხონ. ისინი დროს გამოყოფენ იმისთვის, რომ თავიანთი “ქვეშევრდომებიდან” ყველაზე მიმზიდველი ქალები და გოგოები ამოირჩიონ საკუთარი ცხოველური სურვილების დასაკმაყოფილებლად. სხვებს კი უფლება აქვთ “მორჩილად” დაიხოცონ ძაღლებივით.

ევროპის გვირგვინოსანი მკვლელები ყოველწლიურად $50,000,000 იჯიბავენ პირდაპირი შანტაჟით. მილიტარიზმი, მათი საყვარელი ნაშიერი, ყოველწლიურად $1,000,000 ჯდება, სათვალავში თუ არ მივიღებთ დაკარგულ სიცოცხლეს და შრომას. იგივე ზომის თანხმა პროცენტად ემატება სახელმწიფო ვალების $20,000,000,000-ს, რომელიც არამზადებმა შედარებით მოკლე დროში დაიგროვეს. შესაბამისად, მონარქიზმი ევროპაში წლიურად ჯდება $2,050,000 000 ანუ იმაზე მეტი ვიდრე იგივე დროში ხელფასად იღებს 10,000,000 მშრომელი, 50,000,000 ადამიანის მარჩენალი. ამერიკში მონარქების ადგილს მონოპოლისტები იკავებენ. თუ მონოპოლიზმმა იგივე ტემპით განაგრძო ზრდა ვითომდა “თავისუფალ” შეერთებულ შტატებში, როგორი ტემპითაც ბოლო 25 წელი ვითარდებოდა, მონოპოლიზაციისგან თავისუფალი მხოლოდ მზე და ჰაერი დარჩება. შეერთებულ შტატებში 5 მილიონი აკრი მიწა, დააახლოებით 6-ჯერ დიდი დიდ ბრიტანეთზე და ირლანდიაზე, ერთ თაობაში დაინაწილეს სარკინიგზო კომპანიებმა და ევროპულ-არისტოკრატული წარმომავლობის დიდმა მემამულეებმა. რამდენიმე ათწლეულში მხოლოდ ვანდერბილტმა $200,000,000 დააგროვა; და მისი არაერთი კონკურენტი ძარცვაში, როგორც ჩანს, გადაუსწრებს კიდეც მას.

30 წელიც არაა, რაც სან ფრანცისკო დასახლდა, დღეს უკვე ის 85 მილიონერს ინახავს! მხოლოდ ერთი საუკუნის წინ დაფუძნებული დიდი რესპუბლიკის მთელი სიმდიდრე, მისი მაღაროები, საბადოები, ა.შ. ხალხს “წაართვეს” და ახლა ერთი მუჭა გაბედული ავანტიურისტების და ცბიერი ინტრიგნების საკუთრებადაა ქცეული.

“ხალხის სუვერენიტეტი” პირქვე ემხობა ამ ფულის მეფეების, რკინიგზის მაგნატების, ქვანახშირის ბარონების და ქარხნის ბატონების წინაშე. ისინი მთელ შეერთებულ შტატებს ჯიბით ატარებენ და ის, რითიც ტრაბახობენ – როგორც ჩაურეველი და თავისუფალი კანონმდებლობით – ფარსი, ილუზია და ხაფანგია.

თუ ესაა ნორჩი ნერგის მდგომარეობა, რაღას უნდა ველოდოთ ხმელი ხისგან? თუ ეს ახალგაზრდა ამერიკული რესპუბლიკა, მისი თითქმის უსაზღვრო ტერიტორიით და თითქმის ამოუწურავი ბუნებრივი რესურსით, ასე სწრაფად, ამდენად მომაკვდინებლად დაეცა და განადგურდა კაპიტალისტური სისტემით – რატომ უნდა გვიკვირდეს იგივე ხასიათის ხანგრძლივი, უწყვეტი სისასტიკის შედეგები მორჩილ, დამპალ ევროპაში? მართლაც, ისე ჩანს, თითქოს ამ ახალგაზრდა ამერიკულ რესპუბლიკას მხოლოდ ერთი ისტორიული მისია ჰქონდა – მშრალი და ცალსახა ფაქტებით ეჩვენებინა ატლანტიკის ორივე მხარეს მცხოვრები ხალხისთვის, თუ რეალურად რა საძაგელი ურჩხულია “საკუთრების მხეცი”; ეჩვენებინა, რომ ვერც მიწის პირობები, ვერც სამფლობელოს სიდიდე, ვერც საზოგადოების პოლიტიკური ფორმა ოდნავადაც ვერ შეცვლის ამ მტაცებელი მხეცის სისასტიკეს; საპირწონედ, მტკიცდება, რომ რაც უფრო ნაკლები ბუნებრივი აუცილებლობა არსებობს ინდივიდუალური სიხარბისთვის და მომხეჭველობისთვის, მხეცი მით უფრო საშიში და თამამი ხდება. ის არ არის ხარბი საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად – ის შთანთქავს, მხოლოდ იმისთვის, რომ შთანთქას!

დაე ყველამ, ვინც საკუთარი შრომით ირჩენს თავს, იცოდეს, რომ ამ ურჩხულს ვერ მოითვინიერებ, ვერც უვნებელს ან გამოსადეგს გახდი ადამიანისთვის; დაე ისწავლონ, რომ ერთადერთი გზა უსაფრთხოებისკენ შემდეგია: შეუპოვარი, უმოწყალო, სრულყოფილი განადგურების ომი! ზომიერი შეთავაზებები ამაოა; ზიზღი და დაცინვა იქნება პასუხი, თუ პროლეტარიატი მოინდომებს, რომ პეტიციებით, არჩევნებით და მსგავსი სულელური მცდელობებით მოიპოვოს მისი დაუძინებელი მტრების პატივისცემა.

ზოგი ამბობს, რომ საყოველთაო განათლება მოიტანს ცვლილებას; მაგრამ ეს რჩევა, როგორც წესი, უსაქმო სიტყვაა. ხალხის განათლება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც განათლებისთვის დაბრკოლებები მოისპობა. ეს კი არ მოხდება მანამ, სანამ მთელი თანამედროვე სისტემა არ მოისპობა.

თუმცა ეს ისე არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს განათლებით ვერ და არ უნდა გაკეთდეს არაფერი. ვინც თანამედროვე პირობების ბოროტება შეიცნო, ვალდებულია ხმა აიმაღლოს, რათა ამხილოს ის და თვალები აუხილოს ხალხს. თუმცა მოერიდეთ ამ შედეგის ზემეცნიერული მსჯელობებით მიღწევას. ეს საქმე დავუტოვოთ იმ გულკეთილ მეცნიერებს, რომლებიც ამ გზით ადამიანობის ნიღაბს ხსნიან “უკეთეს კლასს” და მტაცებელი მხეცის რეალურ სახეს აჩენენ. ენა პროლეტარიატისა და პროლეტარიატისთვის უნდა იყოს მკაფიო და ძლიერი.

ვინც სიტყვას იხმარს, მას მმართველი ბრბო არეულობის აღძვრაში დადებს ბრალს; მას შეიზიზღებენ და დასჯიან. ეს აჩვენებს, რომ ერთადერთი შესაძლო და პრაქტიკული განათლება მოქმედების აღმძვრელი ბუნების უნდა იყოს. დაე აღვძრათ მოქმედება!

დაე ვაჩვენოთ ხალხს, თუ როგორ ძარცვავენ შრომის ძალისგან ქალაქის და სოფლის კაპიტალისტები, როგორ სტაცებენ მას მიზერულ ხელფასს მაღაზიის, სახლების და სხვ. ბატონები; თუ როგორ ცდილობენ მისი ინტელექტის განადგურებას ამბიონის, პრესის და პარტიის მღვდლები; თუ როგორ არის პოლიცია მუდამ მზადყოფნაში სასტიკად მოეპყრას და დაჩაგროს ის; ჯარისკაცებთან ერთად დაღვაროს მისი სისხლი. მან საბოლოოდ უნდა მიატოვოს მოთმინება! ხალხი აჯანყდება და გასრესს მტრებს! პროლეტარიატის რევოლუცია – ღარიბების ომი მდიდრების წინააღმდეგ – ერთადერთი ხსნაა ჩაგვრისგან!

თუმცა ზოგი ჩაგვეჭრება – რევოლუციების გაკეთება შეუძლებელია! მართლაც, მაგრამ შესაძლებელა მათი მომზადება ხალხის ყურადღების გადატანით ფაქტებზე, რომ ასეთი მოვლენები გარდაუვალია და მოწოდებით, რომ მზად იყვნენ ყველაფრისთვის.

კაპიტალისტური განვითარება, რომლიდანაც ბევრი თეორეტიკოსი ასკვნის, რომ ის საშუალო კლასის (მცირე ბურჟუაზიის) სრულ განადგურებამდე უნდა მივიდეს, სანამ სოციალური რევოლუცია მოახლოვდება, იმდენად სრულყოფილია, რომ მისი შემდგომი პროგრესი თითქმის შეუძლებელია. უნივერსალური წარმოება (ცივილიზებულ ქვეყნებში) მხოლოდ მაშინ შეიძლება გაგრძელდეს (როგორც ინდუსტრიულად, ისე აგრარულად) მასშტაბურად, როცა საზოგადოება კომუნისტურ საფუძველზე დაშენდება და როცა (რაც მაშინ ტრუიზმი იქნება) სამუშაო დროის შემცირება თან მიყვება ტექნიკურ განვითარებას და წარმოებით გაზრდილ მოხმარებას.

ამის მიხვედრა ადვილია. მასობრივი წარმოებით ხშირად იმაზე 100-ჯერ მეტის წარმოება შეიძლება, ვიდრე მწარმოებლებს სჭირდებათ იგივე ღირებულის საქონლის სახით, საქმეც ამაშია. აქამდე ეს ჭარბი ღირებულება ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა, რადგან ძირითადად ამ ე.წ. მოგების უდიდესი ნაწილი თავის მხრივ კაპიტალიზდებოდა, ანუ ახალი კაპიტალისტური წამოწყებებისთვის გამოიყენებოდა; ამის მიზეზი იყო ისიც, რომ ინდუსტრიულად ყველაზე დაწინაურებელი ქვეყნები (“საკუთრების მხეცი” ამ ქვეყნებში) უზარმაზარი რაოდენობის საქონლის ექსპორტს ეწევა. თუმცა ახლა ეს მნიშვნელოვნად სუსტდება. ინდუსტრიალიზმმა დიდი პროგრესი განიცადა მსოფლიოში, უფრო და უფრო დააბალანსა ექსპორტები და იმპორტები – ამის გამო, კაპიტალის ახალი ინვესტიციები ნაკლებად მომგებიანი ხდება და ამ პირობებში მალევე სრულიად არახელსაყრელი გახდება. უნივერსალური კრიზისი დაიწყება და გამოაჩენს ამ აშკარა შეუსაბამობებს.

ამგვარად, ყველაფერი მზადაა კომუნიზმისთვის; საჭიროა, მხოლოდ მოვიშოროთ გამოუსწორებელი მტრები, კაპიტალისტები და მათი თანამზრახველები. ამ კრიზისების განმავლობაში ხალხი საკმარისად მომზადებული გახდება ბრძოლისთვის. მაშინ ყველაფერი დამოკიდებული იქნება კარგად გაწვრთნილი რევოლუციური ბირთვის არსებობაზე, რომელსაც შეეძლება მის გარშემო სიღატაკით და უმუშევრობით აჯანყებული ხალხის მასების კრისტალიზაცია; რომელიც შემდეგ შეძლებს ასე ჩამოყალიბებული უძლევი ძალები გამოიყენოს ყველა არსებული მტრული ინსტიტუციის გასანადგურებლად.

შესაბამისად, ყველგან დააორგანიზეთ და განავრცეთ სოციალისტური რევოლუციური პარტია, სანამ გვიანი არ არის! ხალხის გამარჯვება ტირანების და სისხლისმსმელების წინააღმდეგ შემდეგ გარდაუვალი იქნება. აქ “პროგრამის” განვითარების ნაცვლად, არსებულ პირობებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია წარმოვადგინოთ მონახაზი, თუ რა უნდა გააკეთოს პროლეტარიატმა ბრძოლაში გამარჯვებისთანავე, უპირატესობის შესანარჩუნებლად.

დიდი ალბათობით, შემდეგი რამ უნდა გაკეთდეს: ყველა ადგილობრივ საზოგადოებაში, სადაც ხალხმა გამარჯვებას მიაღწია, უნდა ჩამოყალიბდეს რევოლუციური კომიტეტები. ისინი შეასრულებენ იმ რევოლუციური არმიის დეკრეტებს, რომელიც, შეიარაღებული მშრომელებით შევსებული, ახლა სამყაროს ახალი დამპყრობელივით ბატონობს.

ყოფილი (თანამედროვე) სისტემა სწრაფად და სრულად განადგურდება, თუ მისი საყრდენები – “საკუთრების მხეცები” და მიმდევართა ურდოები – ანულირდება. საკითხი ასე დგას: თუ ხალხი მათ არ გასრესს, ისინი გასრესენ ხალხს, საუკეთესოთა სისხლში ჩაახრჩობენ რევოლუციას და მონობის ჯაჭვებს არნახული სიმტკიცით გაამთელებენ. მოკალი ან მოკვდი – არჩევანი ასეთია. შესაბამისად, ხალხის მტრების ხოცვა აუცილებლად უნდა მოეწყოს. ყველა თავისუფალი საზოგადოება თავდაცვით და თავდასხმით კავშირში შევა ბრძოლის მიმდინარეობისას. რევოლუციური კომუნები ჯანყს აღძრავენ მეზობელ რაიონებში. ომი არ დასრულდება სანამ მტერი (“საკუთრების მხეცი”) უკანასკნელ თავშესაფრამდე არ განიდევნება და სრულად არ განადგურდება.

ეკონომიკური გაგებით რომ წინ წავიწიოთ სრულყოფილად, ყველა მიწა და ე.წ. უძრავი ქონება, ყველაფრით რაც ზედ არის, ასევე ყველანაირი მოძრავი კაპიტალი უნდა გამოცხადდეს შესაბამისი კომუნების საკუთრებად. სანამ საზოგადოების სრული ჰარმონიული რეორგანიზაცია მოხდება, ამ პრინციპების და ზომების მიღება შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს.

ყველა ვალი ლიკვიდირებულია. პირადი გამოყენების ნივთები – რომლებიც დალომბარდებული ან დაგირავებული იყო – უფასოდ დაუბრუნდება პატრონს. ქირას აღარავინ გადაიხდის. უბნის დასახლების კომიტეტები, რომლებიც მუდმივად იარსებებს, თავშესაფარს მისცემს უსახლკაროებს და მათ, ვისაც შეუსაბამო ან არაჯანსაღი საცხოვრებლები აქვს; დიდი განწმენდის შემდეგ აღარ იარსებებს სასურველი სახლების ნაკლებობა.

სანამ ყველა იშოვის შესაფერის სამუშაოს, კომუნა ყველას უზრუნველყოფს სიცოცხლის საჭიროებებით. მომარაგების კომიტეტები კონფისკირებული საქონლის მიწოდებას დაარეგულირებენ. თუ რაიმე დეფიციტში იქნება, რაც შეიძლება მოხდეს საკვებთან დაკავშირებით, საკითხი უნდა გადაიჭრას შესაბამისი საშუალებებით. ასეთი საგნების აღება მეზობელი დიდი მამულებიდან შეიარაღებული კოლონების მიერ პრობლემის მოგვარების ყველაზე სწრაფი გზა იქნებოდა.

მარაგების მომზადებას ეფექტურად მოახერხებენ ამ მიზნით მშრომელთა კომუნალური ასოციაციები.

ახალი საზოგადოების საფუძველს შეადგენს მშრომელთა მყისიერი ორგანიზება სხვადასხვა სექტორის მიხედვით, მათ განკარგულებაში ქარხნების, დანადგარების, ნედლეულის, ა.შ. მოთავსება კოოპერატიული წარმოებისთვის. კომუნა – ჯერჯერობით მაინც – დაარეგულირებს და მედიაციას გაუწევს მოხმარებას. ის, შესაბამისად, შეთანხმებაში შევა ცალკეულ მშრომელთა ასოციაციებთან, პერიოდულ შეთავაზებებს გაუკეთებს მათ, რაც შეიძლება შედგებოდეს შეგროვებული და დასაწყობებული კომუნალური პროდუქტების მონახაზებისგან – ასე მიადგება სასიკვდილო დარტყმა ძველ მონეტარულ სისტემას.

კარგი სკოლები, ბაღები და სხვა საგანმანთლებლო დაწესებულებები გადაუდებლად უნდა შეიქმნას. ზრდასრულთა განათლება, რომელიც მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება, არ უნდა უგულებელვყოთ ან გადავდოთ. სიმართლე და ცოდნა ისწავლება ყველა ეკლესიაში, სადაც აღარანაირი მღვდლური როშვა აღარ დაიშვება. ყველა საბეჭდი დანადგარი მოიმართება მილიონობით საგანმანათლებლო წიგნის, ნაშრომის და პამფლეტის დასაბეჭდად, რათა ყველგან დარიგდეს, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც მონობისგან ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულან. ყველა კანონის წიგნი, სასამართლო და საპოლიციო ჩანაწერები, გირაოს, ვალის დოკუმენტები და ყველა ე.წ. “ფასიანი ქაღალდი” უნდა დაიწვას. ეს მინიშნებები მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ვაჩვენოთ – გარდამავალი პერიოდი, რომელიც აშფოთებს მათ, ვინც სხვამხრივ ენერგიულად უჭერს მხარს საზოგადოების რეორგანიზებას, რადგან ეს პერიოდი რთული და დამქანცველი ჩანს, არაა საჭირო ასეთი დამღლელი იყოს. მოდი ახლა შევხედოთ ჩვენ მისწრაფებათა იდეალს.

თავისუფალი საზოგადოება შედგება ავტონომიური ანუ დამოუკიდებელი კომუნებისგან. ფედერაციების ქსელი, თავისუფალი შეთანხმებების და არა ავტორიტარული მთავრობის ან მფარველობის შედეგი, ყველა მათგანს გარს არტყია. საერთო საქმეები გვარდება თავისუფალი მსჯელობით დაინტერესებული კომუნების ან ასოციაციების მიერ. ადამიანები, სქესის განურჩევლად, ხშირად ხვდებიან პარკებსა ან შესაბამის დარბაზებში, ნამდვილად არა, რათა კანონები დაწერონ ან თავი შეიბორკონ, არამედ რათა ცალკეულად განიხილონ ყველა საკითხი, რაც საჯარო საქმეებს ეხება ან დანიშნონ ინდივიდები, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებს აღასრულებენ, და მოისმინონ მათი ანგარიშები.

ეს კომუნები გარეგნულად სრულად განსხვავდება თანამედროვე ქალაქებისგან და სოფლებისგან. ვიწრო ქუჩები გამქრალია, გადაჭედილი საპყრობილეები დანგრეულია და მათ ადგილას ტევადი, კარგად აღჭურვილი, ბაღებით და პარკებით გარშემორტყმული სასახლეებია აღმართული; ეს სასახლეები იტევს საერთო ინტერესებით შეკრულ მცირე თუ დიდი ზომის გაერთიანებებს, იძლევა ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი პირადი თუ საოჯახო მოწყობა ვერ მიაღწევდა.

ქალაქგარეთ ხალხი უფრო კონცენტრირებულია. რამდენიმე სოფლის ადგილი უკავია ერთი აგრარულ კომუნას ქალაქის მოწყობილობებით. კონცენტრაციის ეს პროცესი უკვე გაადვილებულია აქამდე გაყოფილი ფერმების გაერთიანებით, აგრარული ხელსაწყოების და ქიმიური სასუქების საყოველთაო გამოყენებით და მუდმივი გაუმჯობესებით, კომუნიკაციის და ტრანსპორტის საშუალებების მზარდი სრულყოფილებით. ძველი სხვაობა ქალაქსა და სოფელს შორის გამქრალია, თანასწორობის პრინციპი მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრიუმფს აღწევს.

კერძო საკუთრება აღარ არსებობს. მთელი სიმდიდრე ეკუთვნის ხალხს ან კომუნალურ ლიგებს. ყველას, მუშაობს თუ არა, შეუძლია მათგან ის საჭირო ნივთი მიიღოს, რომელიც მოესურვება. მოთხოვნილი საჭიროებების და კეთილმოწყობის სრული ჯამი არეგულირებს წარმოების სიდიდეს.

სამუშაო დრო პიროვნებისთვის დღეში რამდენიმე საათით შემოიფარგლება, რადგან ყველა, ვისაც მუშაობა შეუძლია, სქესის მიუხედავად, მონაწილეობს წარმოებაში; რადგან გამოუსადეგარი, საზიანო და მსგავსი სამუშაო აღარ სრულდება; რადგან ტექნიკური, ქიმიური და სხვა დამხმარე წარმოების საშუალებები მაღალგანვითარებულია და საყოველთაოდ გამოიყენება. შესაძლებელია დღის უდიდესი ნაწილის ცხოვრებით ტკბობაში დახარჯვა.

უმაღლესი კმაყოფილება მიიღწევა თავისუფლად არჩეულ ინტელექტუალურ საქმიანობაში: ზოგი თავისუფალ დროს თანამოძმეთა სამსახურში ხარჯავს და საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვითაა დაკავებული. სხვები გვხვდებიან ბიბლიოთეკებში, სადაც ისინი ლიტერატურულ გატაცებებს მისდევენ ან საგანმანთლებლო ლექციებისთვის მასალებს აგროვებენ ან უბრალოდ პირადი კვლევით არიან დაკავებულები. სხვები მიიჩქარიან ლიცეუმებისკენ, რომლებიც ყველასთვის ღიაა, და მეცნიერებას სწავლობენ. ფერწერის, სკულპტურის, მუსიკის, სხვ. აკადემიები შესაძლებლობას იძლევიან მაღალი ხელოვნებით გატაცებულებმა განათლება მიიღონ.

ბავშვთა მეგობრები, განსაკუთრებით ქალები, თავს იყრიან საგანმანათლებლო ადგილებში, სადაც, ახალგაზრდების ნამდვილი აღმზრდელების მეთაურობით, მათ წვლილი შეაქვთ ახალი თაობების აღზრდაში.

სწავლება წარიმართება მხოლოდ კარგი ვენტილაციის და განათების ოთახებში, კარგ ამინდში – სუფთა ჰაერზე. გონების და სხეულის თანაბარი განვითარების უზრუნველსაყოფად, ხალისიანი თამაში, გიმნასტიკა და შრომა რეგულარულად უცვლის ადგილს გონების გამოყენებას.

თეატრები და საკონცერტო დარბაზები უფასო ადგილებს თავაზობენ ყველას.

ძალდატანებით ან გარიგებით ქორწინება უცნობია; კაცობრიობა ბუნებრივ მდგომარეობაშია დაბრუნებული და სიყვარული შეუზღუდავად მეფობს.

დანაშაული და კრიმინალი გამქრალია მათ წყაროებთან, კერძო საკუთრებასთან და ზოგად უბედურებასთან ერთად.

დაავადებები თითქმის აღარ ჩნდება, რადგან ყველასთვის უცხოა ცუდი საცხოვრებლები, მომაკვდინებელი სახელოსნოები, ბინძური საჭმელი და სასმელი, გადაღლა.

ადამიანს საბოლოოდ შეუძლია დატკბეს ცხოვრებით. “საკუთრების მხეცი” აღარ არსებობს!!!

Comments