ფრანგი სკოლის მასწავლებელი და რევოლუციონერი თეორეტიკოსი, ჟილ დოვე, აღწერს მე-20 საუკუნის რევოლუციების და კონტრრევოლუციების ციკლს. დოვე განიხილავს რევოლუციებს მარცხს, კონტრრევოლუციის საფუძვლებს, მათ ისტორიულ კავშირს და პროცესში ცდილობს რევოლუციის რეალური შინაარსის ახსნას. ნაშრომში განსაკუთრებით დიდი ნაწილი უკავია ფსევდორევოლუციური პოზიციების - დემოკრატიზმის და ანტიფაშიზმის იდეოლოგიის კრიტიკას.
კ. მარქსი და ფ. ენგელსი, წინასიტყვაობა 1882 წლის რუსული გამოცემისთვის, კომუნისტური მანიფესტი
“თუ რუსეთის რევოლუცია გახდება სიგნალი პროლეტარული რევოლუციისა დასავლეთში, ისე რომ ორივე ერთმანეთს შეავსებს, მაშინ დღევანდელი რუსეთის მიწის სათემო საკუთრება შეიძლება გადაიქცეს კომუნისტური განვითარების გამოსავალ წერტილად”
ეს პერსპექტივა არ რეალიზებულა. ევროპის პროლეტარიატმა გააცდინა შეხვედრა გამოცოცხლებულ რუსეთის გლეხურ კომუნასთან.
ბრესტ-ლიტოვსკი: 1917 და 1939
ბრესტ-ლიტოვსკი, პოლონეთი, 1917 წლის დეკემბერი: ბოლშევიკები ანექსიის გარეშე მშვიდობას თავაზობენ გერმანიას, რომელსაც ძველი ცარისტული იმპერიის უზარმაზარი ნაწილის ხელში ჩაგდება სურს ფინეთიდან კავკასიამდე. თუმცა 1918 წლის თებერვალში გერმანელი ჯარისკაცები, “უნიფორმიანი პროლეტარები”, დაემორჩილნენ ოფიცრებს და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ შეტევა ისე განაგრძეს, თითქოს კვლავ ცარისტულ არმიას ებრძოდნენ. მშრომელები ერთმანეთს არ დაკავშირებიან და ბოლშევიკური მემარცხენეობის მხარდაჭერილი რევოლუციური ომი შეუძლებელი აღმოჩნდა. მარტში ტროცკი იძულებული გახდა ხელი მოეწერა კაიზერის გენერლების თავსმოხვეულ ზავზე. “ჩვენ სივრცეს ვცვლით დროში”, როგორც ლენინი ამბობდა და, ფაქტობრივად, ნოემბერში გერმანიის მარცხმა ზავი ფარატინა ქაღალდად აქცია. მიუხედავად ამისა, ექსპლუატირებულთა საერთაშორისო დაკავშირების პრაქტიკული მტკიცებულება არ გამოჩენილა. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ომის ბოლოს სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდნენ, იგივე პროლეტარები შეეჩეხნენ ოფიციალური მშრომელთა მოძრაობის და ფრაიკორპსის ალიანსს. მარცხი მარცხს მოყვა: ბერლინში, ბავარიასა და უნგრეთში 1919 წელს; რურის წითელი არმია 1920 წელს; მარტის აჯანყება 1921 წელს…
სექტემბერი, 1939 წელი. ჰიტლერმა და სტალინმა ახლახანს გაიყვეს პოლონეთი. KPD-ს რამდენიმე ასეული წევრი, სსრკ-ში ჩასული დევნილები, რომლებიც მოგვიანებით “კონტრრევოლუციონერობისთვის” დააკავეს, სტალინისტური ციხეებიდან გამოიყვანეს და გეშტაპოს გადასცეს ბრესტ-ლიტოვსკის სასაზღვრო ხიდზე. წლების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ზურგზე იარებს ასე ხსნის – “ეს ГПУ-მ ქნა” – და დაცლილ ფრჩხილებზე მიუთითებს – “ეს კი გეშტაპოა”. ამ საუკუნის პირველი ნახევრის სამართლიანი აღწერა.
1917-37: ოცი წელი, რომელმაც შეძრა მსოფლიო. საშინელებათა მიმდევრობა – ფაშიზმი, მეორე მსოფლიო ომი და შემდგომი არეულობები – არის შედეგი გიგანტური საზოგადოებრივი კრიზისისა, რომელიც 1917 წლის ბუნტებით გაიხსნა და ესპანეთის სამოქალაქო ომით დაიხურა.
“ფაშიზმი თუ დემოკრატია”? არა, ფაშიზმი და დემოკრატია
თანამედროვე მემარცხენე სიბრძნის მიხედვით, ფაშიზმი სახელმწიფოს უხეში ძალაუფლება და კაპიტალის ნიღაბახსნილი სისასტიკეა, შესაბამისად, ფაშიზმის თავიდან მოშორება მხოლოდ მთლიანად კაპიტალიზმის მოშორებითაა შესაძლებელი.
კეთილი და პატიოსანი! თუმცა, სამწუხაროდ, ანალიზი თავდაყირა დგება ხოლმე: რადგანაც ფაშიზმი კაპიტალიზმია ყველაზე უარეს ფორმაში, ამიტომ კაპიტალიზმს ხელი უნდა შევუშალოთ ამ ფორმის მიღებაში ანუ უნდა ვიბრძოლოთ “ნორმალური”, არაფაშისტური კაპიტალიზმისთვის და ამ მიზნით არაფაშისტი კაპიტალისტები დავრაზმოთ კიდეც.
მეტიც, რადგან ფაშიზმი არის კაპიტალი მის ყველაზე რეაქციულ ფორმაში, ესეთი ხედვა მოიაზრებს კაპიტალის უახლესი, არაფეოდალური, არამილიტარისტული, არარასისტული, არარეპრესიული, არარეაქციულ ფორმის მხარდაჭერას ანუ უფრო ლიბერალური კაპიტალიზმის, სხვა სიტყვებით, უფრო კაპიტალისტური კაპიტალიზმის მხარდაჭერას.
სანამ გრძლად აღწერს თუ როგორ ემსახურება ფაშიზმი “დიდი ბიზნესის” ინტერესებს[1], ანტიფაშიზმი კვლავ ამტკიცებს, რომ ფაშიზმის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო 1922 ან 1933 წელს მაინც – დიდი ბიზნესის განადგურების გარეშე – მშრომელთა მოძრაობას ან/და დემოკრატებს რომ საკმარისი ზეწოლა მოეხდინათ მუსოლინისთვის და ჰიტლერისთვის ძალაუფლების გამოსატაცებლად. ანტიფაშიზმი მწუხარების უსასრულო კომედიაა: 1921-ში იტალიური სოციალისტური პარტია და ახალდაფუძნებული კომუნისტური პარტია რესპუბლიკურ ძალებთან რომ გაერთიანებულიყვნენ მუსოლინის წინააღმდეგ… 1930-იანების დასაწყისში KPD-ს ძმათამკვლელი ომი რომ არ დაეწყო SPD-ის წინააღმდეგ, ევროპა გადაურჩებოდა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატურას, მეორე მსოფლიო ომს, თითქმის კონტინენტური განზომილებების ნაცისტურ იმპერიას, საკონცენტრაციო ბანაკებს და ებრაელების განადგურებას. დასკვნები კლასებზე, სახელმწიფოზე, ფაშიზმისა და დიდი ინდუსტრიის კავშირზე ძალიანაც სწორია, მაგრამ ეს ხედვა ვერ ამჩნევს, რომ ფაშიზმი ორმაგი მარცხიდან წარმოიშვა: პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სოციალ-დემოკრატიის და პარლამენტარული დემოკრატიის ხელით რევოლუციონერების მარცხნიდან და შემდგომ 1920-იანების განმავლობაში სოციალ-დემოკრატების და დემოკრატების მარცხნიდან კაპიტალიზმის მენეჯმენტში. წინარე პერიოდის, კლასობრივი ბრძოლის ადრეული ეტაპის და მისი ლიმიტების შეცნობის გარეშე, სრულიად გაუგებარი რჩება ფაშიზმის გამარჯვება და მეტადრე – მისი ბუნება.
რა არის ფაშიზმის არსი, თუ არა კაპიტალის ეკონომიკური და პოლიტიკური უნიფიცირება – ტენდენცია, რომელიც განზოგადდა 1914 წლიდან? ფაშიზმი ამ ერთიანობის შემოტანის კონკრეტული გზა იყო ქვეყნებში – იტალიასა და გერმანიაში – სადაც, რევოლუციის მარცხის მიუხედავად, სახელმწიფო ვერ ახერხებდა დაემყარებინა წესრიგი, მათ შორის ბურჟუაზიის რიგებშიც. მუსოლინი არ ყოფილა ტიერი, რომელიც ძალაუფლების მყარი საფუძვლით რეგულარულ არმიას კომუნარების დახოცვას უბრძანებდა. ფაშიზმის არსებითი ასპექტია მისი დაბადება ქუჩებში, არეულობის გამოყენება წესრიგის დასამყარებლად, ძველი, საკუთარი დაღმასვლით გაშმაგებული საშუალო კლასების მობილიზება და იმ სახელმწიფოს გარედან აღდგენა, რომელიც კაპიტალიზმის კრიზისს ვერ უმკლავდებოდა. ფაშიზმი იყო ბურჟუაზიის მცდელობა ძალადობრივად ჩაეცხრო თავისივე წინააღმდეგობები, თავისი სარგებლისთვის გამოეყენებინა მშრომელი კლასის მობილიზაციის მეთოდები, თანამედროვე სახელმწიფოს მთელი რესურსი მიემართა ჯერ შიდა მტრისკენ და შემდეგ კი – გარეშე მტრისკენ.
ეს ნამდვილად იყო სახელმწიფოს კრიზისი კაპიტალის ტოტალური ბატონობისკენ მიმავალ გზაზე. თავდაპირველად მშრომელთა ორგანიზაციები აუცილებელი იყო პროლეტარულ აღმასვლასთან გასამკლავებლად; შემდეგ ფაშიზმი გახდა საჭირო წარმოქმნილი არეულობის დასასრულებლად. არეულობა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა რევოლუციური, მაგრამ ნამდვილად იყო პარალიზური და წინ ეღობებოდა გადაწყვეტას, რომელიც, შედეგად, მხოლოდ ძალადობრივი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს კრიზისი იმ დროს არამყარად შეჩერდა: ფაშისტური სახელმწიფო მხოლოდ გარეგნულად იყო ეფექტური, რადგან მან ძალადობრივად მოახერხა დაქირავებული შრომის ძალის ინტეგრირება და ხელოვნურად გადაფარა კონფლიქტები მათი გადასროლით მილიტარისტული ავანტურისკენ. კრიზისი შედარებით დაძლია 1945 წელს დამყარებულმა მრავალსაცეციანმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, რომელმაც პოტენციურად აითვისა ფაშიზმის ყველა მეთოდი და თავისიც დაამატა, რამდენადაც დაქირავებულ მშრომელთა ორგანიზაციების ნეიტრალიზებას მათი განადგურების გარეშე ახერხებს. პარლამენტებმა აღსრულებაზე კონტროლი დაკარგეს. საერთო თუ შრომითი შემწეობით, თვალთვალის თანამედროვე ტექნიკებით თუ მილიონობით ინდივიდზე გავრცელებული სახელმწიფო დახმარებით, მოკლედ, სისტემით, რომელიც ყველას უფრო და უფრო დამოკიდებულს ხდის, ახლა სოციალური გაერთიანება ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ფაშისტური ტერორით იყო მიღწეული, თუმცა ფაშიზმი, როგორც კონკრეტული მოძრაობა, გაქრა. ფაშიზმი შეესაბამებოდა ბურჟუაზიის ფორსირებული მარშის დისციპლინას სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ, იმ ახლადშექმნილი სახელმწიფოების კონტექსტში, რომლებიც იძულებულები იყვნენ ნაციებად გარდაქმნილიყვნენ.
ბურჟუაზიამ სიტყვა “ფაშიზმიც” კი მშრომელი კლასის ორგანიზაციებისგან გადმოიღო, მათ იტალიაში ხშირად fasci-ის უწოდებდნენ. აღსანიშნავია, რომ ფაშიზმი თავდაპირველად თავს ორგანიზაციის ფორმად განმარტავდა და არა პროგრამად. სიტყვა მოიაზრებდა სახელმწიფო ძალაუფლების სიმბოლოსაც (fasces, კონები, რომლებსაც ძველ რომში მაღალჩინოსნები ატარებდნენ) და ხალხის ნებასაც გაერთიანებულიყვნენ კონებად (ჯგუფებად). ფაშიზმის ერთადერთი პროგრამა იყო ორგანიზება, საზოგადოების შემადგენელი ნაწილების ძალადობრივად შეკვრა.
დიქტატურა არ არის კაპიტალის იარაღი (თითქოს კაპიტალს შეეძლოს მისი სხვა, ნაკლებად სასტიკი იარაღებით ჩანაცვლება): დიქტატურა კაპიტალის ერთ-ერთი ტენდენციაა; ტენდენცია, რომელიც რეალიზდება ყოველთვის, როცა საჭიროდ მიიჩნევა. პარლამენტარულ დემოკრატიასთან “დაბრუნება”, როგორც გერმანიაში მოხდა 1945-ის შემდეგ, მიუთითებს, რომ დიქტატურა არ გამოდგება მასების ინტეგრაციისთვის სახელმწიფოში (სანამ ისევ გამოსადეგი არ გახდება). პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატია უზრუნველყოფს უფრო მოქნილ ბატონობას დიქტატურასთან შედარებით: ყველას ურჩევნია შვედური ფორმით დაჩაგრონ, ვიდრე პინოჩეტის ქვეშევრდომებმა გაიტაცონ. მაგრამ გვაქვს კი ეს არჩევანი? სკანდინავიის სათნო დემოკრატიაც დიქტატურად გადაიქცეოდა, გარემოებებს რომ ასე მოეთხოვა. სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, რომელსაც ის ან დემოკრატიულად ასრულებს ან დიქტატორულად. ფაქტი, რომ ამ ორიდან პირველი ნაკლებად მკაცრია, არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ისე ორიენტირება შეიძლება, რომ დიქტატურა საერთოდ მოიშოროს. კაპიტალიზმის ფორმა იმდენადვეა დამოკიდებული ბურჟუაზიის განზრახვებზე, რამდენადაც დაქირავებული მშრომელის სურვილებზე. ვაიმარი ჰიტლერს გაშლილი ხელებით ჩაბარდა. ლეონ ბლუმის სახალხო ფრონტს არ “აუცილებია ფაშიზმი”, რადგან 1936 წლის საფრანგეთში არც კაპიტალის ავტორიტარული გაერთიანება იყო საჭირო და არც საშუალო კლასების შეკუმშვა.
არ არსებობს პოლიტიკური “არჩევანი”, რომლითაც პროლეტარები შეიძლება მოტყუვდნენ ან რომელიც შეიძლება ძალადობრივად დამყარდეს. დემოკრატია არ არის დიქტატურა, მაგრამ დემოკრატია ამზადებს დიქტატურას და თვითონაც ემზადება დიქტატურისთვის.
ანტიფაშიზმის არსი მდგომარეობს ფაშიზმის წინააღმდეგ დემოკრატიის დაცვაში: ის აღარ იბრძვის კაპიტალიზმის წინააღმდეგ, არამედ კაპიტალიზმზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, რათა მან ტოტალიტარულ არჩევანზე თქვას უარი. რამდენადაც სოციალიზმი იდენტიფიცირებულია ტოტალურ დემოკრატიასთან და კაპიტალიზმი – ფაშიზმისკენ აჩქარებულ ტენდენციასთან, წინააღმდეგობა პროლეტარიატსა და კაპიტალს შორის, კომუნიზმსა და დაქირავებულ შრომას შორის, პროლეტარიატსა და სახელმწიფოს შორის, უარყოფილია დემოკრატიის და ფაშიზმის კონტრპოზიციით, რომელიც უმთავრეს რევოლუციურ პერპსექტივადაა წარმოჩენილი. ოფიციალური მემარცხენეობა და რადიკალური მემარცხენეობა გვეუბნება, რომ ნამდვილი ცვლილება იქნებოდა საბოლოო განხორციელება 1789 წლის იდეალების, რომელსაც ბურჟუაზია გამუდმებით ღალატობს. ახალი სამყარო? კი, მაგრამ ის უკვე აქ არის, რაღაც დონეზე, ემბრიონულ ფორმებში, რომლებიც უნდა დავიცვათ, პატარა კვირტებში, რომლებსაც უნდა მოვუაროთ: უკვე არსებული დემოკრატიული უფლებები უფრო და უფრო უნდა განვავრცოთ უსასრულოდ დახვეწად საზოგადოებაში, რომელსაც ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი დემოკრატიის დოზა ექნება, სანამ არ მივაღწევთ სრულ დემოკრატიას იგივე სოციალიზმს.
ანტიფაშისტურ წინააღმდეგობამდე დაყვანილი სოციალური კრიტიკა გადადის დითირამბებში, რომლებიც ყველაფერს ეძღვნება, რასაც ერთ დროს ის უარყოფდა. სოციალური კრიტიკა თმობს ამ გაცვეთილ აფიორას, რევოლუციას, და იღებს გრადუალიზმს, ვარიაციას “სოციალიზმამდე მშვიდობიანი გადასვლის”, რომელსაც ერთ დროს კომპარტიები ქადაგებდნენ და რომელსაც 30 წლის წინ ყველა უარყოფდა, ვინც მსოფლიოს შეცვლას სერიოზულად უდგებოდა. რეგრესი ადვილი შესამჩნევია.
თავს აბუჩად არ ავიგდებთ და მემარცხენეობას თუ რადიკალურ მემარცხენეობას კომუნისტური პერსპექტივის მიტოვებას არ დავაბრალებთ – ისინი კომუნიზმს მხოლოდ მასთან დაპირისპირებით იცნობდნენ. ცხადზე ცხადია, რომ ანტიფაშიზმი უარყოფს რევოლუციას. მაგრამ ანტიფაშიზმი მარცხდება ზუსტად იმაში, რაშიც მისი რეალიზმი ეფექტურობას იბრალებს: შესაძლო დიქტატორული მუტაციის თავიდან აცილებაში.
ბურჟუაზიული დემოკრატია კაპიტალის მიერ ძალაუფლების მოპოვების ფაზაა, მისი განვრცობა მე-20 საუკუნეში სრულყოფს კაპიტალის ბატონობას ინდივიდების იზოლაციის გაძლიერებით. დემოკრატიას გვთავაზობენ, როგორც წამალს ადამიანს, მის მოქმედებას და საზოგადოებას შორის, კლასებს შორის გაყოფისთვის, თუმცა დემოკრატია ვერასდროს გადაწყვეტს ისტორიაში ყველაზე დაყოფილი საზოგადოების პრობლემას. როგორც ფორმა, რომელსაც არასდროს შეუძლია საკუთარი შინაარსის შეცვლა, დემოკრატია მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემის, რომლის მოგვარებასაც ჩემულობს. ყოველ ჯერზე, როცა ის იბრალებს “სოციალური კავშირის” გაძლიერებას, დემოკრატია ხელს უწყობს მის დაშლას. ყოველ ჯერზე, როცა ის ჩქმალავს საქონლის წინააღმდეგობებს, ამას მხოლოდ იმ ბადის კიდევ უფრო მყარად შეკვრით ახერხებს, რომელშიც სახელმწიფომ საზოგადოებრივი ურთიერთობები მოაქცია.
მათი სასოწარკვეთილად შემრიგებლური საზომებითაც, ანტიფაშისტებმა, დამაჯერებლები რომ იყვნენ, უნდა აგვიხსნან როგორ შეესაბამება ადგილობრივი დემოკრატია საქონლის კოლონიზაციას, რომელიც აცარიელებს საჯარო სივრცეებს და ავსებს სავაჭრო ცენტრებს. უნდა აგვიხსნან ყველგან მსუფევი სახელმწიფო, რომლისგანაც ხალხი დაცვას და დახმარებას ელის, საზოგადოებრივი “სიკეთის” ეს მანქანა, როგორ არ ჩაიდენს “ბოროტებას”, როცა ფეთქებადი წინააღმდეგობები მისგან წესრიგის აღდგენას მოითხოვენ. ფაშიზმი სახელმწიფოებრივი ურჩხულის თაყვანისცემაა, ხოლო ანტიფაშიზმი – მისი უფრო დახვეწილი აპოლოგია. ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის გარდაუვლად არის ბრძოლა სახელმწიფოს კონსოლიდაციისთვის – ეს ბრძოლა არათუ ასუსტებს ტოტალიტარიზმს, არამედ კიდევ უფრო უჭერს საზოგადოებას ტოტალიტარიზმის ყულფს.
Volksgemeinschaft Vs. Gemeinwesen
კონტრრევოლუცია გარდაუვლად იმარჯვებს რევოლუციის ტერიტორიაზე. “სახალხო საზოგადოებით” ნაციონალ-სოციალიზმი აცხადებდა, რომ მან გაანადგურა პარლამენტარიზმი და ბურჟუაზიული დემოკრატია – ის, რის წინააღმდეგაც პროლეტარიატი 1917-ის შემდეგ აჯანყდა. თუმცა კონსერვატიულმა რევოლუციამ დაისაკუთრა ძველი ანტიკაპიტალისტური ტენდენციებიც (ბუნებასთან დაბრუნება, ქალაქების მიტოვება…) რომლებიც მშრომელთა (მათ შორის ექსტრემისტულმა) პარტიებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს – მათ უარი თქვეს პროლეტარიატის აკლასისტური და კომუნიტარული განზომილების მიღებაზე და ვერც მომავალს წარმოიდგენდნენ რაიმედ, გარდა მძიმე ინდუსტრიის გაფართოებისა. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ეს თემები სოციალისტური მოძრაობის მთავარ საკითხებს შეადგენდა, სანამ მარქსიზმი არ მიატოვებდა მათ პროგრესისა და მეცნიერების სახელით, ეს ტენდენციები მხოლოდ ანარქიზმში და სექტებში გადარჩა.
Volksgemeinschaft vs. Gemeinwesen, სახალხო საზოგადოება თუ საკაცობრიო საზოგადოება… 1933 არ ყოფილა მარცხი, მხოლოდ მარცხის დასასრული. ნაციზმი გამოიზარდა და გაიმარჯვა რათა უვნებელეყო, გადაეწყვიტა და დაეხურა სოციალური კრიზისი, რომლის სიღრმესაც დღემდე ვერ ვაფასებთ. გერმანიამ, სოციალ-დემოკრატიის აკვანმა, ასევე წარმოშვა უძლიერესი რადიკალური, ანტიპარლამენტური, ანტიპროფკავშირული მოძრაობა, რომელიც “მშრომელთა” სამყაროსკენ ილტვოდა, თუმცა შეეძლო სხვა მრავალი ანტიბურჟუა და ანტიკაპიტალისტური ამბოხებებიც მოეზიდა. “გერმანულ მემარცხენეობაში” ავანგარდული ხელოვანების ყოფნა შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს ლოგიკური შედეგი იყო ფურიეს მსგავსად კაპიტალზე, როგორც “ცივილიზაციაზე”, თავდასხმის. საზოგადოებრიობის დაკარგვა, ინდივიდუალიზმი და დაყოფა, სექსუალური სიღატაკე, ოჯახი – უარყოფილი და მიღებული, როგორც თავშესაფარი – ბუნებისგან გაუცხოება, ინდუსტრიალიზებული საკვები, მზარდი ხელოვნურობა, ადამიანის პროტეზიფიკაცია, დროის კონტროლი, ფულითა და ტექნიკით მზარდად მედიირებული საზოგადოებრივი ურთიერთობები: ყველა ამ გაუცხოებამ მრავალფეროვანი კრიტიკის ქარცეცხლი გაიარა. მხოლოდ ზედაპირულ მიდგომას შეუძლია ეს დუღილი მარტო მისი საბოლოო დასასრულის პრიზმით დაინახოს.
კონტრრევოლუციამ 1920-იანებში გაიმარჯვა მხოლოდ გერმანიასა და აშშ-ში მომხმარებლური საზოგადოების და ფორდიზმის საფუძვლის ჩაყრით, მილიონობით გერმანელის, მათ შორის მშრომელის, ინდუსტრიულ და კომოდიფიცირებულ თანამედროვეობაში ჩაქაჩვით. მყიფე მმართველობის 10 წელი, როგორც ამას 1923 წლის გიჟური ჰიპერინფლაცია გვიჩვენებს. ამას მოჰყვა 1929 წლის მიწისძვრა, რომელშიც არამხოლოდ პროლეტარული არამედ კაპიტალისტური პრაქტიკაც უარყოფდა პროგრესის იდეოლოგიას და საგნების თუ ნიშნების მუდამმზარდ მოხმარებას.
კაპიტალისტურ თანამედროვეობაში 10 წლის განმავლობაში ორჯერ შეიტანეს ეჭვი, ჯერ – პროლეტარებმა, შემდეგ კი – კაპიტალმა. ნაცისტური ექსპტრემიზმი და სისასტიკე შეესაბამებოდა იმ რევოლუციური მოძრაობის სიღრმეს, რომელიც ნაციონალ-სოციალიზმმა მიისაკუთრა და უარყო. მსგავსად 1919-21 წლების რადიკალებისა, ნაციზმმა შემოგვთავაზა დაქირავებულ მშრომელთა საზოგადოება, თუმცაღა ეს საზოგადოება იყო ავტორიტარული, ჩაკეტილი, ეროვნული, რასობრივი და 12 წლის განმავლობაში ის წარმატებით ახერხებდა გარდაექმნა პროლეტარები დაქირავებულ მშრომელებად და ჯარისკაცებად.
ფაშიზმი კაპიტალიდან ამოიზარდა, თუმცა ეს იყო კაპიტალი, რომელმაც ძველი ურთიერთობები ვერ ჩაანაცვლა კონსუმერიზმის მოტანილი ახალი, სტაბილური ურთიერთობებით. საქონელმა ვერ მოახერხა თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოების შექმნა.
კოლექტივიზაცია თუ კომუნიზაცია?
პირველი ინტერნაციონალიდან მოყოლებული სოციალ-დემოკრატიულ ეტატიზმს ანარქიზმი უპირისპირებდა საწარმოო საშუალებების კოლექტიურ დასაკუთრებას. მიუხედავად ამისა, ორივე ხედვას საერთო საწყისი წერტილი აქვს: კოლექტიური მენეჯმენტის საჭიროება. თუმცა უნდა ვიკითხოთ: “რისი მენეჯმენტი?” რა თქმა უნდა, რაც სოციალ-დემოკრატიამ ზემოდან, ბიუროკრატიულად განახორციელა, ესპანელი პროლეტარები აკეთებდნენ “ქვემოდან”, შეიარაღებულები – თითოეული პიროვნება პასუხისმგებელი იყო ყველას წინაშე, რითიც მიწა და ქარხნები საბოლოოდ ჩამოერთვა სხვების ორგანიზებაში და ექსპლუატაციაში სპეციალიზებულ უმცირესობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო სოციალისტური ან სტალინისტური პროფკავშირის ბიუროკრატიის მიერ ქვანახშირის კომისიის მართვის საპირისპირო მოვლენა. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ კოლექტივობა, სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის ნაცვლად, საკუთარი მატერიალური ცხოვრების წარმოებას წარმართავს, თავისთავად, არ სპობს ამ ცხოვრების კაპიტალისტურ ხასიათს.
დაქირავებული შრომა ნიშნავს ნებისმიერი მოქმედების – მიწის ხვნის თუ გაზეთის ბეჭდვის – ფულის ფორმაში გატარებას. ეს ფული, სანამ შესაძლებელს ხდის ამ მოქმედებას, თვითონაც იზრდება ამ მოქმედებით. ხელფასების გათანაბრება, ყველაფრის კოლექტიურად გადაწყვეტა, ვალუტის ჩანაცვლება კუპონებით არასდროს ყოფილა საკმარისი დაქირავებული შრომის მოსასპობად. რასაც ფული აერთიანებს და აკავშირებს, შეუძლებელია თავისუფალი იყოს და ადრე თუ გვიან ფული იქცევა მის ბატონად.
კონკურენციის ჩანაცვლება თანამშრომლობით ლოკალურ საფუძველზე იყო კატასტროფის გარანტია. რამდენადაც კოლექტივმა საკუთარ ფარგლებში გაანადგურა კერძო საკუთრება, იმდენად ის ჩამოყალიბდა ცალკეულ სუბიექტად, ერთ-ერთ კერძო ელემენტად გლობალურ ეკონომიკაში – ანუ კერძო კოლექტივად, რომელიც იძულებულია იყიდოს და გაყიდოს, ივაჭროს გარე სამყაროსთან, შესაბამისად, იძულებულია თვითონაც იქცეს კომპანიად, რომელმაც, უნდა თუ არა, საკუთარი როლი უნდა შეასრულოს რეგიონულ, ეროვნულ და მსოფლიო კონკურენციაში ან გაქრეს.
მხოლოდ იმ ფაქტმა შეიძლება გაგვახაროს, რომ ესპანეთის ნახევარი არეულობამ მოიცვა: რასაც მეინსტრიმული აზროვნება “ანარქიას” უწოდებს, რევოლუციის აუცილებელი პირობაა, როგორც მარქსი წერდა თავის დროზე. თუმცა ამ მოძრაობებმა თავიანთი სუბვერსიული გავლენა ცენტრიდანული ძალის საფუძველზე მოახდინეს. გამოცოცხლებულმა კომუნიტარულმა კავშირებმა ყველა საკუთარ სოფელში და სამეზობლოში [barrio] გამოკეტა, თითქოს მთელი აზრი ის იყო, რომ დაკარგული სამყარო და დეგრადირებული კაცობრიობა აღმოგვეჩინა, მშრომელი კლასის სამეზობლო შეგვეპირისპირებინა მეტროპოლისთან, თვითმმართველი კომუნა – უზარმაზარ კაპიტალისტურ სამფლობელოსთან, უბრალო ხალხის სოფელი – კომერციალიზებულ ქალაქთან, ერთი სიტყვით, ღარიბი – მდიდართან, პატარა – დიდთან და ადგილობრივი – საერთაშორისოსთან; ამ ყველაფერთან ერთად კი უნდა დაგვევიწყებინა ის, რომ კოოპერატივი ხშირად ყველაზე გრძელი გზაა კაპიტალიზმამდე.
არ არსებობს რევოლუცია სახელმწიფოს განადგურების გარეშე. მაგრამ როგორ? შეიარაღებული ბანდების განდევნა, სახელმწიფო სტრუქტურების და ჩვევების მოსპობა, კამათის და გადაწყვეტილების მიღების ახალი საშუალებების შექმნა – ეს ყველაფერი შეუძლებელია კომუნიზაციის გარეშე. ჩვენ არ გვსურს “ძალაუფლება”, ჩვენ გვსურს მთელი ცხოვრების შეცვლის ძალა. თაობებზე გადაჭიმული ისტორიული პროცესისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მთელი დრო გრძელდება ხელფასების გადახდა საკვებისთვის და საცხოვრებლისთვის? თუ რევოლუცია ჯერ პოლიტიკური უნდა იყოს და შემდეგ სოციალური, ის შექმნის აპარატს, რომლის ერთადერთი ფუნქცია ძველი მსოფლიოს მხარდამჭერთა წინააღმდეგ ბრძოლაა ე.ი. რეპრესიის ნეგატიური ფუნქცია, კონტროლის სისტემა, რომელიც არაფერს ეყრდნობა გარდა საკუთარი “პროგრამის” შემადგენლობისა და საკუთარი სურვილისა კომუნიზმი დაამყაროს რაწამს პირობები ამას შესაძლებელს გახდის. ასე რევოლუცია საკუთარი თავის იდეოლოგიზებას ახერხებს და ამართლებს იმ სპეციალიზებული ფენის დაბადებას, რომელსაც ევალება უზედამხედველოს ჩამოყალიბების პროცესს და მუდამ კაშკაშა ხვალინდელი დღის მოლოდინს. პოლიტიკის მთელი არსი არის რაიმეს შეცვლის უნარის და სურვილის უქონლობა: პოლიტიკა აერთიანებს იმას, რაც დაცილებულია, და აქ ჩერდება. ძალაუფლება აქ არის, ის მართავს, ის ალაგებს, ის ზედამხედველობს, ის ამშვიდებს, ის არეპრესირებს: ის არის.
პოლიტიკური ბატონობა (რომელშიც აზროვნების მთელი სკოლა უპირველეს პრობლემას ხედავს) მომდინარეობს ადამიანების უუნარობიდან მართონ საკუთარი თავი, დააორგანიზონ საკუთარი ცხოვრება და მოქმედება. ეს ბატონობა მხოლოდ პროლეტარისთვის დამახასიათებელი უკიდურესი განძარცვულობით ძლებს. როცა ყველა მონაწილეობს საკუთარი არსებობის წარმოებაში, ამჟამად სახელმწიფოს ხელში არსებული ზეწოლის და ჩაგვრის ძალა დისფუნქციური ხდება. სახელმწიფო ყოვლისშემძლეა სწორედ იმიტომ, რომ არსებული საზოგადოება გვართმევს სიცოცხლის, წარმოების და კომუნიკაციის საშუალებებს, არ იხევს უკან ჩვენს (ოდესღაც) პირად სივრცესა და ემოციურ ცხოვრებაში შემოჭრაზე. ძალაუფლების ახალი სტრუქტურის გამოჩენის წინააღმდეგ საუკეთესო გარანტია არის არსებობის პირობების მოპოვება ყველა დონეზე. მაგალითისთვის, მართალია, არ გვინდა ყველა საკუთარ ელექტროობას აწარმოებდეს სარდაფებში, მაგრამ ლევიათანის ბატონობა იმ ფაქტსაც ეყრდნობა, რომ ენერგია[2] დამოკიდებულს გვხდის ინდუსტრიულ კომპლექსებზე, რომლებიც (ბირთვულია თუ არა) გარდაუვლად რჩება ჩვენს მიღმა და ხელიდან უსხლტება ნებისმიერ კონტროლს.
სახელმწიფოს განადგურების წარმოდგენა, როგორც შეიარაღებული ბრძოლის პოლიციის და არმიის წინააღმდეგ, ნიშნავს ნაწილი აგვერიოს მთელში. კომუნიზმი პირველ რიგში არის მოქმედება. ცხოვრების ფორმა, რომელშიც ადამიანები საკუთარ სოციალურ არსებობას აწარმოებენ, ცალკეული ძალაუფლების წარმოქმნას აპარალიზებს ან შთანთქავს.
დილემა, რომელსაც ბორდიგა აყენებდა: “რა უნდა ჩავიგდოთ ხელში? ქარხანა თუ ძალაუფლება?” (Il Soviet, 20 თებერვალი, 1920) შესაძლებელია და აუცილებელია გადაილახოს. ჩვენ არ ვამბობთ შემდეგს: არ აქვს მნიშვნელობა ვინ წარმართავს წარმოებას, დირექტორი თუ საბჭო, რადგან მთავარია გქონდეს წარმოება ღირებულების გარეშე. ჩვენ ვამბობთ: სანამ ღირებულებისთვის წარმოება გრძელდება, სანამ წარმოება მოშორებულია დანარჩენი ცხოვრებიდან, სანამ კაცობრიობა კოლექტიურად არ აწარმოებს საკუთარი არსებობის გზებს და საშუალებებს, სანამ არსებობს “ეკონომიკა” ნებისმიერი საბჭო გარდაუვლად დაკარგავს ძალაუფლებას დირექტორის წინააღმდეგ. სწორედ ამით განვსხვავდებით “კონსილისტებისგან” და “ბორდიგისტებისგან” და სწორედ ამიტომ შეიძლება ბორდიგისტებმა კონსილისტები, კონსილისტებმა კი ბორდიგისტები გვიწოდონ.
გამოსალმება მე-20 საუკუნესთან?
1936-7 წლების ესპანური მარცხი სიმეტრიულია 1917-21 წლების რუსული მარცხის. რუსმა მშრომელებმა შეძლეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, თუმცა არა – კომუნისტური გარდაქმნისთვის. ჩამორჩენილობა, ეკონომიკური ნგრევა და საერთაშორისო იზოლაცია თავისთავად არ ხსნიან ინვოლუციას. მარქსის წამოყენებული პერსპექტივა (რომლის გამოყენებაც სხვაგვარადაც შეიძლება 1917-ის შემდეგ) რენესანსზე აგრარული კომუნალური სტრუქტურების ახალი ფორმით, მაშინ წარმოუდგენელი იყო. გვერდზე გადავდოთ ლენინის დითირამბები ტეილორიზმზე, ტროცკის მიერ სამხედრო შრომის გამართლება – თითქმის ყველა ბოლშევიკისთვის და მესამე ინტერნაციონალის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის მარცხენა ფრთისთვის, სოციალიზმი ნიშნავდა კაპიტალისტურ სოციალიზაციას პლუს საბჭოებს, ხოლო მომავლის მიწათმოქმედება წარმოდგენილი იყო დემოკრატიულად მართულ დიდ მამულებად. (მნიშვნელოვანი განსხვავება გერმანულ-ჰოლანდიურ მემარცხენეობას და კომინტერნს შორის იყო ის, რომ მემარცხენეობა საბჭოებს და მშრომელთა დემოკრატიას სერიოზულად იღებდა, ხოლო რუსი კომუნისტები, როგორც მათმა ქცევამ დაამტკიცა, მას მხოლოდ ტაქტიკურ ფორმულად უყურებდნენ)
ბოლშევიკები საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ, თუ რა ემართება ძალაუფლებას, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებაა და რომელსაც უწევს გაძლოს ნამდვილი პირობების არსებითად შეცვლის გარეშე.
რაც რევოლუციას რეფორმისგან განასხვავებს არ არის ძალადობრიობა, არამედ ის, რომ რევოლუცია ამბოხს და კომუნიზაციას აერთიანებს. რუსეთის სამოქალაქო ომი წითლებმა 1919 წელს მოიგეს, თუმცა ამან რევოლუციის მომავალი საბოლოოდ დაასამარა, რამდენადაც თეთრებზე გამარჯვება საზოგადოების კომუნიზაციის გარეშე მოხერხდა და ახალი სახელმწიფო ძალაუფლებით დასრულდა. ოტო რულე[3] 1939 წლის წიგნში – “ყავისფერი ფაშიზმი, წითელი ფაშიზმი” – მიუთითებდა, თუ როგორ წარმოშვა საფრანგეთის რევოლუციამ მისი სოციალური შინაარსის შესაბამისი სამხედრო სტრუქტურა და სტრატეგია. მან გააერთიანა ბურჟუაზია ხალხთან, ხოლო რუსეთის რევოლუციამ ვერ შეძლო პროლეტარულ პრინციპებზე დაყრდნობილი არმიის შექმნა. წითელი არმია, რომელიც პოლონეთმა 1920 წელს დაამარცხა, საერთოდ არ ინარჩუნებდა რევოლუციურ მნიშვნელობას. ჯერ კიდევ 1918 წელს ტროცკიმ ეს სამი სიტყვით შეაჯამა: “შრომა, დისციპლინა, წესრიგი”.
ძალიან ლოგიკურად და, თავიდან მაინც პატიოსანი განზრახვით, საბჭოთა სახელმწიფო თავს ნებისმიერ ფასად ინარჩუნებდა, თავდაპირველად მსოფლიო რევოლუციის მოლოდინით, შემდეგ – საკუთარი თავისთვის, რამდენადაც პირველი პრიორიტეტი იმ საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნება იყო, რომელიც ნელ-ნელა იშლებოდა. ეს ხსნის, ერთი მხრივ, წვრილი გლეხური საკუთრების წინაშე გაკეთებულ დათმობებს, რომელსაც რეკვიზიციები მოჰყვა – ერთმაც და მეორემაც კომუნალური ცხოვრების თუ წარმოების კიდევ უფრო მორღვევა გამოიწვია. მეორე მხრივ, ეს ასევე ხსნის მშრომელების და შიდაპარტიული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიას.
1921 წლის იანვარს კვანძი საბოლოოდ გაიხსნა. 1917 წლის რევოლუციური ტალღა, რომელიც ბუნტებმა და საბაზისო დემოკრატიულმა მოთხოვნებმა დაძრეს, ზუსტად იგივენაირად დასრულდა – ოღონდ ამჯერად პროლეტარებს “პროლეტარული” სახელმწიფო არეპრესირებდა. ძალაუფლება, რომელიც კრონშტადტის ამბოხებულებს ხოცავს იმ სოციალიზმის სახელით, რომელიც ვერ დაამყარა, და საკუთარ მოქმედებას ტყუილითა და გაყალბებით ამართლებს, მხოლოდ ააშკარავებს, რომ აღარ ატარებს კომუნისტურ ხასიათს. ლენინი ფიზიკურად 1924 წელს გარდაიცვალა, მაგრამ რევოლუციონერი ლენინი 1921 წელს სახელმწიფოს მმართველად მოკვდა, თუ უფრო ადრე – არა. ბოლშევიზმს ერთადერთი არჩევანი დარჩა – გამხდარიყო კაპიტალიზმის მენეჯერი.
იმ პოლიტიკური პერსპექტივის ჰიპერტროფია, რომელსაც სურდა მოესპო დაბრკოლებები, რომლებსაც ძირი ვერ გამოუთხარა – ოქტომბრის რევოლუცია ჩაიშალა თვით-კანიბალურ სამოქალაქო ომში. მისი პათოსი იყო პათოსი ძალაუფლებისა, რომელმაც, ვერ შეძლო რა საზოგადოების გარდაქმნა, გადაიქცა კონტრრევოლუციურ ძალად.
ესპანურ ტრაგედიაში პროლეტარებმა, რადგანაც მიატოვეს თავიანთი ტერიტორია, აღმოჩნდნენ იმ კონფლიქტის ტყვეობაში, რომლის ორივე მხარესაც ბურჟუაზია და მისი სახელმწიფო იდგა. 1936-7 წლებში ესპანეთის პროლეტარები არ იბრძოდნენ მხოლოდ ფრანკოს წინააღმდეგ, არამედ ფაშისტური ქვეყნების, დემოკრატიების და “ჩაურევლობის” ფარსის წინააღმდეგ, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, წინააღმდეგ…
“იტალიური” და “გერმანულ-ჰოლანდიური” მიმდინარეობების მემარცხენე კომუნისტები (მათ შორის მატიკი აშშ-ში) იმ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ, რომელმაც 1933 წლის შემდგომი პერიოდი განსაზღვრა, როგორც სრულად ანტირევოლუციური, სანამ ბევრი ჯგუფი (მაგალითად, ტროცკისტები) სუბვერსიულ პოტენციალს წინასწარმეტყველებდა საფრანგეთში, ესპანეთში, ამერიკაში, ა.შ.
1937-მა დახურა 1917-ის დაწყებული ისტორიული მომენტი. მას შემდეგ კაპიტალი აღარ მიიღებდა არცერთ საზოგადოებას, გარდა საკუთარისა, რაც ნიშნავდა, რომ განგრძობითად ვეღარ იარსებებდნენ მნიშვნელოვანი ზომის რადიკალური პროლეტარული ჯგუფები. POUM-ის განადგურება ძველი მშრომელთა მოძრაობის დასასრულის საბოლოო ნიშანი იყო.
მომავალ რევოლუციურ პერიოდში, კაპიტალიზმის ყველაზე დახვეწილი და ყველაზე სახიფათო დამცველები არ იქნებიან პროკაპიტალისტური და პროსახელმწიფოებრივი სლოგანების მომყვირალი ადამიანები, არამედ ისინი, რომლებმაც ტოტალური რღვევის შესაძლო წერტილი შეიცნეს. სახოტბო სატელევიზიო რეკლამების და სოციალური მორჩილების ნაცვლად, ისინი შემოგვთავაზებენ შევცვალოთ ცხოვრება… მაგრამ ამ მიზნით მოგვიწოდებენ ჯერ ჭეშმარიტად დემოკრატიული ძალაუფლება ავაშენოთ. თუ ისინი მოახერხებენ სიტუაციაზე დომინირებას, ამ ახალი პოლიტიკური ფორმის შექმნა ხალხის ენერგიას შთანთქავს, რადიკალურ მისწრაფებებს გაფლანგავს და რამდენადაც საშუალება გადაიქცევა მიზნად, ის კიდევ ერთხელ გადააქცევს რევოლუციას იდეოლოგიად. მათ წინააღმდეგ და, რაღა თქმა უნდა, პირდაპირ კაპიტალისტური რეაქციის წინააღმდეგ, პროლეტარის გამარჯვების ერთადერთი გზა კონკრეტული კომუნისტური ინიციატივების გამრავლებაა, რაც, ბუნებრივია, ხშირად გაკრიტიკდება, როგორც ანტიდემოკრატიული ან თუნდაც როგორც… “ფაშისტური”. ბრძოლა, რათა შეიქმნას ადგილები და მომენტები განხილვისთვის და გადაწყვეტილებისთვის, რაც შესაძლებელს ხდის მოძრაობის ავტონომიურობას, გადაჯაჭვული იქნება ცხოვრების შეცვლისთვის განკუთვნილ პრაქტიკულ ზომებთან.
კ. მარქსი და ფ. ენგელსი, გერმანული იდეოლოგია
“…ყველა წინანდელი რევოლუციის დროს მოქმედების ხასიათი მუდამ ხელუხლებელი რჩებოდა, – მუდამ საქმე ეხებოდა ამ მოქმედების მხოლოდ სხვაგვარ განაწილებას, შრომის ახალ განაწილებას სხვა პირთა შორის, მაშინ როდესაც კომუნისტური რევოლუცია გამოდის მოქმედების აქამდე არსებული ხასიათის წინააღმდეგ, თავიდან იშორებს შრომას და სპობს ყოველგვარი კლასების ბატონობას თვით კლასებთან ერთად, იმიტომ რომ ამ რევოლუციას ახდენს ის კლასი, რომელიც საზოგადოებაში აღარ ითვლება კლასად, აღარ არის კლასად აღიარებული და რომელიც უკვე ახლანდელ საზოგადოებაში ყველა კლასის, ეროვნებისა და ა.შ. დაშლის გამოხატულებას წარმოადგენს…”
-
[1] მაგალითად, დანიელ გერინი, ფაშიზმი და დიდი ბიზნესი. წიგნი ონლაინ ხელმისაწვდომია აქ
[2] “a significant term, another word for which is power”
[3] ოტო რულე (1874-1943) – გერმანელი მარქსისტი თეორეტიკოსი. უარყოფდა პარტიულ პოლიტიკას და რევოლუციურ ხედვას აყრდნობდა მშრომელთა საბჭოებზე.
-
ტექსტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
თარგმანი მოამზადა ჟერმინალმა.
Comments