ცნობილი ანარქისტი კომუნისტი, იოჰან მოსტი, პასუხობს ანარქისტული კომუნიზმის შესახებ ცნობილ ბრალდებებს და გაურკვევლობებს, რომლებიც მოდის კონტრრევოლუციონერებისგან და ასევე განსხვავებული პოზიციის რევოლუციონერებისგან. განხილული საკითხები მოიცავს ძალადობისა და რადიკალიზმის, კომუნიზმისა და ანარქიზმის კავშირის, წვრილი თუ მსხვილი წარმოების, თავისუფალი შეთანხმების, დეცენტრალიზაციის და ფედერაციის საკითხებს. ნაშრომი სრულდება რევოლუციური მიმდინარეობებისთვის გამაერთიანებელი პრინციპების გამოყოფით და თანამშრომლობისკენ მოწოდებით.
ერთ ხელში დანა, მეორე ხელში ჩირაღდანი, დინამიტის ბომბებით გავსებული ჯიბეები – ესაა ანარქისტის სურათი, რომელსაც მისი მტრები ხატავენ. ისინი მას უყურებენ, როგორც სულელსა და არამზადას, რომლის ერთადერთი მიზანი საყოველთაო არეულობაა და ერთადერთი გზა ამ მიზნამდე – ყველას დახოცვა, ვინც მას არ ეთანხმება.
ეს სურათი უშნო კარიკატურაა, მაგრამ მისი საყოველთაო აღიარება გასაკვირი სულაც არ არის – მთელი არაანარქისტული პრესა წლებია ამ კარიკატურის გავრცელებითაა დაკავებული. ზოგიერთ მშრომელთა ორგანოშიც კი შეიძლება ნახოთ, თუ როგორ წარმოაჩენენ ანარქისტს, როგორც ყველანაირი მაღალი მისწრაფებისგან დაცლილ მოძალადე ადამიანს – ყველაზე აბსრურდული კი ისაა, რომ ანარქიზმის პრინციპები ზუსტად იგივე გამოცემებში გვხვდება.
რაც შეეხება ძალადობას, რასაც ხშირად მიიჩნევენ ანარქისტის მთავარ მახასიათებლად – არ და ვერ უარვყოფთ, რომ ანარქისტების უმეტესობის აზრით შეუძლებელია არსებული საზოგადოებრივი წესრიგის მშვიდობიანი განვითარება. თუმცა ეს ტაქტიკის საკითხია, რასაც არაფერი აქვს საერთო პრინციპებთან.
ანარქიზმი თავისთავად ნიშნავს ახალ საზოგადოებრივ წესრიგს და ყველა, ვინც იცნობს ადამიანთა ცხოვრებას; ვინც საკმარისად გაბედულია, რომ მოისროლოს ყველა შელამაზება, შემსუბუქება, ვაჭრობა და კომპრომისი; ვისაც წარსული ევოლუციიდან აუცილებელი დასკვნები გამოაქვს – გარდაუვლად მივა პრინციპამდე, რომელზეც ეს ახალი წესრიგი დაშენდება. ჩვენი პრინციპია: მოვიშოროთ ადამიანზე ადამიანის ყველანაირი ბატონობა, წარსულში დავტოვოთ სახელმწიფო, მთავრობა, კანონი, და არსებული ნებისმიერი სახის იძულება, რათა დამყარდეს საყოველთაო თავისუფლება. ანარქიზმი პირველ რიგში ნიშნავს თავისუფლებას ნებისმიერი მთავრობისგან.
მაგრამ ნამდვილად სასურველია ასეთი მოწყობა? რა თქმა უნდა, მმართველები გვიპასუხებენ: არა. თუმცა მართულები, იძულების მსხვერპლები? თითქმის 50 წლის წინ მარქსმა დაამტკიცა, რომ ისტორიის განმავლობაში ყველა პოლიტიკური დაპირისპირება კლასობრივი დაპირისპირება იყო. კლასი, რომელიც სათავეში იყო, მიისწრაფოდა საკუთარი მმართველობის (არქია) შენარჩუნებისკენ, რადგან სწორედ მისი საშუალებით სუქდებოდა; და დამონებული კლასი მიისწრაფვოდა ამ მმართველობის დამხობისკენ (ანარქია), რადგან ეს წესრიგი მის შიმშილზე იდგა.
სახელი თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იყო, მაგრამ პრინციპი – საერთო: ანარქია წინააღმდეგ არქიისა. და ისევ – თუ ასეა, რატომაა ანარქიზმი დღემდე ამდენად ცუდად გაგებული იდეა, ნაცვლად იმისა, რომ დიდი ხნის წინ განხორციელებულიყო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია და ერთ დღეს სრულყოფილად გაეცემა კიდეც.
ახლა კი საკმარისი იქნება მკთხველს შევახსენოთ ფაქტი, რომ იდეა შესაძლებელია დამარცხდეს და არ დაიკარგოს. შეხედეთ დაპირისპირებათა ამ გრძელ სერიას. შედეგები ხელშესახებია. თავისუფლების სახალხო მოთხოვნა იმაზე ძლიერი და მკაფიოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა და მიზნის მისაღწევად საჭირო პირობები – კიდევ უფრო მომწიფებული. ჩვენ, როგორც ჩანს, ისე ახლოს ვართ ანარქიზმთან, როგორც საუკუნის წინ ვერც კი იოცნებებდნენ. აშკარაა, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში მიმდინარეობს ევოლუცია, რომლითაც მონობის და იძულების ნებისმიერი სახე, ნებისმიერი ხასიათის მთავრობა (არქია) უნდა დაიშალოს და რომლიდანაც სრული, შეუზღუდავი თავისუფლება, თავისუფლება ყველასთვის და ყველასგან (ანარქია) უნდა დაიბადოს. რადგან ანარქიზმი არაა უბრალოდ ლამაზი იდეა, უტოპია:
არანაირად. ის ცივილიზაციის პროგრესის ბუნებრივი და აუცილებელი შედეგია. მიზანი, რომლის მიმართაც ყველა ადამიანური მისწრაფება ბუნებრივად იხრება. როცა საზოგადოებრივი განვითარების გარკვეული ეტაპი, ამგვარად, საკუთარ თავს განსაზღვრავს არამარტო როგორც სასურველს, არამედ როგორც აუცილებელს, როგორც ევოლუციის შედეგს – ძალიან მცირე მნიშვნელობას იძენს მისი შესაძლებლობის საკითხი, რომელსაც აყენებენ არათუ ფრთხილი, არამედ მშიშარა პოლიტიკური ფილოსოფოსები.
აქედანვე გამომდინარეობს, რომ ანარქიზმი შეუძლებელია იყოს უკუსვლის მოძრაობა, როგორც ხშირად ამტკიცებენ; გამომდინარეობს, რომ ანარქისტები თავისუფლების არმიის ავანგარდში დგანან და არა არიერგარდში; გამომდინარეობს, რომ სოციალისტებსა და ანარქისტებს შორის წინააღმდეგობა, რომელსაც ხშირად იმეორებენ, აშკარა აბსურდია.
სოციალიზმი, სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, ყველა დოქტრინას თუ ტენდენციას მოიცავს, რომელიც ადამიანურ საზოგადოებას მიემართება. უფრო ვიწრო გაგებით, სიტყვა ნიშნავს საზოგადოებრივი წესრიგის რაიმე კონკრეტულ, მეტნაკლებად მკაფიოდ განსაზღვრულ სისტემას.
თუმცა ამ უკანასკნელი განსაზღვრებითაც ძალიან ბევრი სახის სოციალისტი არსებობს – ჩვენს დროში ყველა მისდევს სოციალურ რეფორმებს. არსებობენ სამეფო, არისტოკრატი, ქრისტიანი, ა.შ. სოციალისტები. ვილჰელმ[1] სოციალურ რეფორმებს ქადაგებდა, ისე როგორც თვითონ ესმოდა. ბისმარკი[2] ხანდახან თავს სოციალისტს უწოდებს. პასტორ შტოეკერსაც[3] შემოუთავაზებია რამდენიმე მსგავსი რამ. ნამდვილად ჭრელი კომპანიაა. სწორედ ამიტომ ბევრი სერიოზული სოციალისტი დიდი ხანია აუცილებლად თვლის მიუთითოს რაიმე მახასიათებელზე, რომელიც ცალსახად წარმოაჩენს მის მისწრაფებებს. ისინი საკუთარ თავს კომუნისტებს უწოდებდნენ, რითიც მიუთითებდნენ, რომ სურდათ საერთო საკუთრება გაეხადათ მიწა და ყველაფერი მასში თუ მასზე. ისინი არ ხელმძღვანელობდნენ სულგრძელი სურვილებით ან ახირებული სპეკულაციებით, არამედ არსებული საზოგადოების მდგომარეობაზე სერიოზული დაკვირვებით; საზოგადოებაზე, რომელიც აუცილებლად იწვევს და აბსოლუტურად მოითხოვს ამ მიმართულებით განვითარებას.
ამჟამინდელმა გაბატონებულმა კლასმა, ბურჟუაზიამ, სრულად გარდაქმნა წარმოების და გაცვლის მთელი მექანიზმი.
პირველად კაპიტალისტმა განდევნა დამოუკიდებელი ოსტატი-მექანიკოსი. შემდეგ, თავისმხრივ, კაპიტალისტები განდევნეს სააქციო კომპანიებმა. თუმცა ვერც სააქციო კომპანიებმა გაძლეს მონოპოლიების, ტრესტების, პულების (კარტელების), ა.შ. წინააღმდეგ და ახლა სერიოზული განხილვა მიმდინარეობს არამარტო ინდუსტრიის გარკვეული სფეროებისთვის, არამედ წარმოების მთელი ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ზოგადი ფორმის მიცემაზე.
ამ მოძრაობის აღიარებული მიზანი იყო მინიმალური ადამიანური შრომით მაქსიმალური რაოდენობის საქონლის მიღება; და გარკვეულ დონემდე მიზანი მიღწეულიცაა.
თუმცა ამას სხვა გამოცდილებაც მოყვა. ხალხის მასა უკმარისობიდან სიღარიბეში და სიღარიბიდან სრულ უმწეობაში გადავარდა, ახლა კი ვხედავთ, რომ თუ ეს მოძრაობა გაგრძელდება, კაცობრიობა, მორალურად დეგრადირებული, ფიზიკური უკმარისობით დაიღუპება დოვლათით სავსე მსოფლიოში.
თუმცა ასეთი მდგომარეობა პირდაპირი სიგიჟეა და გადაჭრით მოითხოვს საზოგადოებრივი წესრიგის სრულ რეორგანიზაციას, სრულიად ახალი საზოგადოებრივი სისტემის შექმნას.
მაგრამ წარსულის წვრილ წარმოებასთან დაბრუნება შეუძლებელია. მასობრივი წარმოების და შრომის ორგანიზაციის უპირატესობები ზედმეტად აშკარაა.
შესაბამისად, არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ყველაფერი, რაც წარმოების და გაცვლის ფუნდამენტურ პირობებს შეადგენს, საერთო საკუთრება გახდეს – არაფერი რჩება, გარდა კომუნიზმისა.
ამ აზრს ყველა იზიარებს, ვინც არსებული წესრიგით უკმაყოფილია და სურს სხვა საზოგადოება, სადაც ყველა თავისუფალი, თანასწორი და ბედნიერია. შესაბამისად, დიდი ბოროტება ან დიდი სისულელეა, როცა ამბობენ, რომ ანარქისტები სწორედ ამ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობენ.
არა! ანარქისტები სოციალისტები არიან, რადგან მათაც სურთ რადიკალური სოციალური რეფორმა; ისინი კომუნისტები არიან, რადგან ისინიც დარწმუნებულები არიან, რომ საერთო საკუთრება ასეთი რეფორმის საფუძველს შეადგენს. თუმცა მათ ასევე საკუთარი განსაკუთრებული მახასიათებელი აქვთ, მათ არც სოციალიზმი და არც კომუნიზმი არ დააკმაყოფილებთ, სანამ ანარქიზმის სულით სრულად არ გაიჟღინთება.
ამავდროულად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ სახელით მითითებული განმასხვავებელი ნიშნის შენარჩუნება, რამდენადაც ძალიან ბევრი კომუნისტი მომავლის საზოგადოებრივ წესრიგს განსაზღვრავს, როგორც “სახელმწიფოს”, “მომავლის სახელმწიფოს”, “სახალხო სახელმწიფოს”. ისინი ამ სახელმწიფოს ყველაზე სასტიკ სამთავრობო მექანიზმს და წვრილმან კანონებს უბოძებენ ისე, თითქოს კომუნისტური საზოგადოება რამდენიმე მანდარინის მიერ იდიოტების მასების ზედამხედველობა იყოს.
რა თქმა უნდა, არცერთი თანმიმდევრული სოციალისტი ან კომუნისტი არ გაიზიარებს მსგავს იდეას. მათ ზედმეტად კარგად იციან, რომ სახელმწიფო არის და ყოველთვის იყო ჩაგვრის იარაღი, მმართველი კლასი მას ყოველთვის იყენებდა და იყენებს საკუთარი პრივილეგიის დასაცავად და მასების დასამორჩილებლად. რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ასეთი ჩაგვრის იარაღს თავსუფალ ქვეყანაში? აქ არც დასაცავი პრივილეგიები არსებობს და არც მორჩილებაში დასატოვებელი არაპრივილეგირებულები ცხოვრობენ.
კომუნიზმის დამყარება წარმოუდგენელია, სანამ თანამედროვე მონობა არ განადგურდება. თუ რაიმე სხვა სახის მონობა უნდა დამყარდეს? თუ არა, მაშინ ნებისმიერი სახის მთავრობა გამოუსადეგარია, რადგან მთავრობა, რომელიც არავის მართავს, დანაა პირის გარეშე და არაფრად ღირს. ხოლო თუ კომუნიზმი ნამდვილი თავისუფლების და თანასწორობას დასამყარებლად საკუთარ თავს ნებისმიერი სახის მთავრობისგან ითავისუფლებს, მაშინ ვიღებთ ანარქიზმს.
სახელმწიფოსთან და მთავრობასთან ერთად გაქრება კანონებიც. ადამიანები, რომლებიც კომუნისტურ საზოგადოებაში “კანონებზე” ლაპარაკობენ, ალბათ ფიქრობენ კეთილგონივრული ქცევის ზოგად წესებზე, რომლის მიყოლაც ყველა კარგი ადამიანისთვის მარტივია. ამ შემთხვევაში ისინი არასწორ ტერმინს იყენებენ. კანონი არის მორჩილების მაიძულებელ აპარატთან დაკავშირებული წესი. კანონის უკან დგას სასამართლო, შერიფი, პოლიცია, ჯალათი, ა.შ. ვის უნდა ისინი? არც არავის, რამდენადაც ვხვდებით.
მორალურად, სახელმწიფო, მთავრობა და კანონები დანაშაულის და კრიმინალის პირველი მიზეზებია. მიზეზთან ერთად გაქრება შედეგიც.
ინდუსტრიულად, ისინი წარმოადგენენ წარმატების და სიუხვის პრინციპულ დაბრკოლებებს, რამდენადაც გამოცდილება უკეთ გვასწავლის რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ვიდრე ნებისმიერი ცაში მოლივლივე ბიუროკრატია.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ კომუნისტურ საზოგადოებაში ადამიანი ისევ რაიმე ძალდატანების ქვეშ უნდა იყოს, რათა სწორად მოიქცეს – ჯობია მან კომუნიზმი მიატოვოს და კაცობრიობის ყველანაირი იმედი დათმოს.
თუმცა, საბედნიეროდ, ეს აზრი მცდარია. დღეს კაცობრიობა არ არის ის, რაც ხვალ კაცობრიობა იქნება. არაა საჭირო ოცნებებს შევეფაროთ და მომავალ თაობებს მივმართოთ.
ამასთან დაკავშირებით გამოცდილება ბევრ რამეს გვასწავლის. ყოველთვის, როცა გრანდიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ყველა, ვინც მასთანაა დაკავშირებული, ახლოდან თუ შორიდან, გარკვეულ ცვლილებას განიცდის – მცირე მოდიფიკაციიდან სრულ ტრანსფორმაციამდე. უძლეველი ძალით მათში ერთი რამ იშლება და მეორე რამ იქმნება.
მოაშორეთ ადამიანს ჩაგვრის უღელი და მოათავსეთ ის სრულ თავისუფლებაში – ნახავთ, თუ რამდენად ბუნებრივად მოექცევა ის სხვა ადამიანს, როგორც თანამოძმეს. ადამიანი არ არის ბუნებით ცუდი. მან დღევანდელი სახე მიიღო მხოლოდ იმ საზოგადოებაში ცხოვრებით, რომელშიც ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არავის ადარდებს სხვები.
მხოლოდ კერძო საკუთრებიდან ამოიზარდა შური, სიხარბე, მომხეჭველობა, თავხედური ქედმაღლობა, სხვისი მოტყუების და გასრესის ჟინი, მოკლედ, ყველაზე ჩვეულებრივი და ყველაზე საძაგელი მანკიერებების მთელი ბანდა. ისინი კერძო საკუთრებასთან ერთად დაეცემიან და გზას გაუხსნიან ძმურ სიყვარულს, საერთო პასუხისმგებლობის ძლიერ გრძნობას და საყოველთაო სიკეთისკენ ლტოლვას.
ასეთი ცხოვრება ვერასდროს ჩაეტევა სახელმწიფოს ჩარჩოში და როცა კომუნისტები ანარქიზმს განერიდებიან – ისინი მხოლოდ სახელს უფრთხიან და არა – პრინციპს. მათ მხოლოდ აჩრდილი აშინებთ.
არც რაიმე მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ სხვა კომუნისტებმა ანარქისტებისგან თავი შორს დაიჭირონ მხოლოდ მათი ტაქტიკების გამო.
ყველა, ვინც რადიკალურ წინააღმდეგობაშია არსებულ საზოგადოებრივ წესრიგთან და შრომობს, რათა გარდაქმნას ის საერთო საკუთრების საფუძველზე, გულით რევოლუციონერი უნდა იყოს.
განსხვავება ანარქისტებსა და მათ შედარებით მორცხვ თანამშრომლებს შორის უბრალოდ ისაა, რომ ეს უკანასკნელნი გარკვეულ ოპორტუნისტულ პოლიტიკას მისდევენ.
რას ვიღებთ აქედან? ანარქისტები უბრალოდ სისხლის მოყვარულები არ არიან. მათ მკვლელობის და ხანძრის გაჩენის წყურვილი არ ამოძრავებთ. თუმცა ისინი რევოლუციურ აგიტაციას ეწევიან, რადგან იციან, რომ გაბატონებული კლასის ძალაუფლება არასდროს დანგრეულა მშვიდობიანი საშუალებებით; რადგან თვლიან, რომ ბურჟუაზიაც მხოლოდ ძალადობით განადგურდება.
შესაბამისად, ისინი აბსოლუტურად აუცილებლად მიიჩნევენ, რომ ხალხის მასამ ერთი წამითაც არ დაივიწყოს ის უზარმაზარი ბრძოლა, რომელიც აუცილებლად მოხდება, სანამ მისი იდეები განხორციელდება და, შესაბამისად, ანარქისტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას – სიტყვას, პრესას, საქმეს – რევოლუციური განვითარების დასაჩქარებლად.
ვის შეუძლია საქმეს სერიოზულად იღებდეს და თან მათ ამაში ადანაშაულებდეს?
საბოლოოდ გარკვეულია, რომ კაცობრიობის კეთილდღეობა, როგორც მას მომავალი მოიტანს და უნდა მოიტანოს, დამოკიდებულია კომუნიზმზე; იმაზე, რომ კომუნიზმის სისტემა, ლოგიკურად, გამორიცხავს ნებისმიერ ურთიერთობას ბატონსა და მსახურს შორის და, რეალურად, ნიშნავს ანარქიზმს; იმაზე, რომ ამ მიზნამდე გზა სოციალურ რევოლუციაზე გადის.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ რატომ ვეზიზღებით კაპიტალისტებს, პრესის და ამბიონის ყბედებს, ფილისტერებს და კონსერვატორებს და არაერთხელ გვქონია შესაძლებლობა რომ ამ სოციალური, პოლიტიკური და ზეციური მღვდლებისთვის გვეჩვენებინა, რამდენად კარგად გვესმის მათი გრძნობები.
თუმცა ჩვენ საერთოდ არ გვესმის თუ რატომ უნდა ვიყოთ შრომის აგიტატორების თავდასხმების სამიზნე, თავდასხმების, რომლებიც ზოგჯერ დაუჯერებლად მტრული, ხშირად ბრმად ფანატიკურია და, ზოგადად, საბრალო დაუფასებლობას ავლენს. რამდენჯერაც გვიცდია წინ წამოგვეწია ჩვენი შეხედულებები თანამედროვე ანუ კომუნისტურ ანარქიზმზე, ჩვენ ერთდროულად ორი საპირისპირო პოზიციიდან შეგვეწინააღმდეგნენ.
ერთი მხრივ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ზედმეტად შორს წავედით, რომ გადავაბიჯეთ სოციალური ევოლუციის აუცილებელ გარდამავალ ფორმებს, რომ ჩვენ მალულად შევცვალეთ სოციალიზმი ანარქიზმით. რამდენჯერაც ვცადეთ აგვეხსნა, რომ ანარქიზმი უბრალოდ სოციალური წესრიგია მთავრობის გარეშე, როგორიც უნდა იყოს კიდეც ყველა თანმიმდევრული სოციალისტისთვის, რომელიც ნამდვილი თავსუფლებისთვის და თანასწორობისთვის იბრძვის – ჩვენი განმარტება დაფარეს და გაიმეორეს ძველი მტკიცება, რომ სოციალიზმი და ანარქიზმი ერთმანეთის პირდაპირი საპირისპიროა.
მეორე მხრივ, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვითხრეს, რომ ჩვენი ტენდენცია სრულიად რეაქციული ხასიათისაა, რომ ჩვენ წარსული ინდივიდუალური წარმოების მირაჟს მივდევთ და ა.შ.
თუმცა როგორც შეიძლება ჩვენ ან საერთოდ ვინმემ ეს ტრიუკი ჩაატაროს: ერთდროულად მისდიოს ძველისძველ წვრილ წარმოებას და თან ზედმეტად შორი მომავლის იდეების პროპაგანდას ეწეოდეს? ნამდვილად, ჩვენ “მეცნიერული” თავადი ორინდური[4] გვჭირდება, რომ აგვიხსნას რომელი რომელია!
რეალურად, საკითხი ასე დგას: როცა ჩვენი მოწინააღმდეგეები თავიანთ მიმდევრებს ეუბნებიან, რომ ჩვენ მოძველებული წვრილი წარმოების იდეებს ვიზიარებთ, ისინი უბრალოდ იტყუებიან და როცა ამის დასამტკიცებლად ბენჟამინ ტაკერზე[5] მიუთითებენ, მათი ტყუილი ოდნავ მართალიც არ ხდება.
ბატონი ტაკერი მანჩესტერის სკოლის[6] მოსწავლეა, რომელიც ზედმეტად გვიან გამოჩნდა. ის თანამედროვე კლასობრივი მოძრაობის მიღმა დგას და არ იცის კანონები, რომელთა მიხედვითაც სოციალური განვითარება მიმდინარეობს.
მან არ იცის ჩვენი ინდუსტრიული ცხოვრების ტენდენციებზე და ტექნიკურ მიღწევებზე და როცა ანარქიზმზე ლაპარაკობს, ის არანაირ სოციალურ წესრიგს არ წარმოადგენს, არამედ მისი გონების მოფიქრებულ ილუზიას ხატავს.
ევროპაში ის არავინაა და ამერიკაში მხოლოდ იმ კონკრეტულ ლიტერატურულ წრეებში წარმოადგენს რამეს, რომლებსაც საკითხის არაფერი ესმით და სამყაროს გარდაქმნის გაურკვეველ, სენტიმენტურ სურვილს მიყვებიან.
ამ ადამიანის გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ ხრიკია, ასეთი ხრიკი შეუსაბამო იარაღია სერიოზულ განხილვაში.
ხანდახან ჩვენს წინააღმდეგ კროპოტკინსაც[7] ციტირებენ, როგორც “ნამდვილ” ანარქისტს და, რა თქმა უნდა, იმ დაშვებით, რომ ისიც, ტაკერის მსგავსად, უარყოფს კომუნიზმს.
მაგრამ ეს მძიმე შეცდომაა. კროპოტკინი ნამდვილად ყველაზე მტკიცე კომუნისტია, ვისაც ოდესმე უარსებია. სწორედ მისი დამსახურებითაა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში: საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ბელგიაში ანარქისტები მუდმივად ხაზს უსვამენ და გარკვეულწილად აფიშირებენ კიდეც საკუთარი კომუნისტური პოზიციით.
მისთვის, როგორც ჩვენთვის, კომუნიზმია მთავარი აზრი და ანარქიზმი – მხოლოდ საბოლოო შტრიხი. დაახლოებით 10 წლის წინ, სენ-იმიერში იურას ფედერაციის ანარქისტულ კონგრესზე, მან შეიტანა წინადადება, რომ გავრცელებულ ცრურწმენებთან კომპრომისი უნდა გაკეთებულიყო სახელი “ანარქისტის” გაუქმებით და ახლის მიღებით – “თავისუფალი კომუნისტი.” ეს წინადადება არ მიიღეს, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ კროპოტკინი, უპირველეს ყოვლისა, კომუნისტია. მეტიც, ის იმდენად შორსაა კომუნისტური ანარქიზმის მოწინააღმდეგეობისგან, რომ, საპირწონედ, მის მამადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ბრალდებები სავსეა სიძულვილით ან უცოდინრობით. თუმცა ჩვენს მოწინააღმდეგეთა თავდასხმები ხშირად ახალი, პირადი ელფერით წარმოდგება, რაც საქმისთვის არანაკლებ დამაზიანებელია. კინკლაობებს, რომელთა მიზეზიც მხოლოდ პირადი კონფლიქტი და პარტიული მანევრებია, შეიძლება შერჩეს ბუნებრივი საბაბი (თუ რეალური გამართლება არა) რამდენადაც საკუთარი წარმოშობის ბუნებრივ ნიადაგზე, ევროპაში, რჩება.
თუმცა მათი გადმოტანა უცხო ქვეყანაში და მათი გაგრძელება აქ, ამერიკაში, აბსურდულია. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ ამერიკელებს ასეთი ამაოების მიმართ?
შეიძლება იფიქროთ, რომ ემიგრანტ სოციალისტს ენდომება კიდეც ოკეანის გადმოკვეთისას ამ ყველაფრის უკან დატოვება და ამერიკული პროპაგანდის საჭიროებებზე მორგება.
მაგრამ არა! როგორც ჩანს, ის ვალდებულია სამშობლო თან წამოიყოლოს. ის აქ შეგნებულად უბრუნდება ყველაფერს, რაც იქ მიატოვა.
ის ამერიკულ მიწაზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიის ყველა მოძრაობას იმეორებს უკანასკნელ წვრილმანამდე და ოდნავადაც არ აღელვებს რომ სულ სხვა მიწაზე იმყოფება. ეს ფუჭია, სხვა თუ არაფერი.
უგულებელყოფს რა ფაქტს, რომ პრინციპულად თითქმის არანაირი განსხვავება არ არსებობს მოძრაობის ჯგუფებს შორის და რომ ტაქტიკის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაც არ არის დაუძლეველი, ის უდგება სამუშაოს და ქმნის გაყოფებს, რომლებსაც არანაირი ბუნებრივი საბაბი და, მით უმეტეს, არანაირი რეალური გამართლება არ აქვს.
ამ გზაზე ბევრი რამ დავკარგეთ და, რაც საინტერესოა, ის შემდეგ მოგვიბრუნდება და შემოგვეკამათება, რომ ჩვენი მეთოდი “არაამერიკულია”.
ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არაა ისე მომზადებული ანარქისტული აგიტაციისთვის, როგორც ამერიკა.
ევროპის მონარქიულ ქვეყნებში ხალხი ჯერ კიდევ ენთუზიაზმითაა განწყობილი იმის მიმართ, რასაც სახალხო სახელმწიფოს – რესპუბლიკას – უწოდებენ და ასეთ ინსტიტუციაზე ოცნებობენ, როგორც თავიანთი სოციალური სირთულეების მოგვარების საშუალებაზე.
ენთუზიაზმი უნდა დაიხარჯოს, ილუზია უნდა დაინგრეს, სანამ დრო მოვა ნამდვილად ეფექტური ანარქისტული აგიტაციისთვის და ასეთი შესაძლებლობა რთულად თუ იარსებებს, სანამ ოცნების პრაქტიკული ექსპერიმენტი არ განხორციელდება.
საფრანგეთში მშრომელმა უკვე 1848 წელს დააგემოვნა თუ მისთვის რისი გაკეთება შეუძლია და რას გაუკეთებს სახალხო სახელმწიფო, მაგრამ გემო ტკბილი არ აღმოჩნდა. 1871 წელს მან დაამტკიცა, რომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. მან ცადა დამოუკიდებელი კომუნის დამყარება სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაგრამ მცდელობა ჩაფლავდა და გეგმა არასაკმარისია.
ამის შემდეგ “რესპუბლიკურმა” მთავრობამ იზრუნა, რომ სახალხო სახელმწიფოს რწმენის ყველა ნაპერწკალი ჩაექრო. მაინც საფრანგეთში ექსპერიმენტი არასრულია.
ამერიკაში, საპირისპიროდ, სახელმწიფო, რომელიც ყველაფერი კეთდება “ხალხის მიერ და ხალხისთვის”, საუკუნეზე მეტია არსებობს; ვინ ვერ ხედავს, რომ ამ უზარმაზარი ექსპერიმენტის ნამდვილი ისტორიული მნიშვნელობა საზარელი გაფრთხილებაა, რომელსაც ის ყველა მომავალ სახელმწიფო მოხელეს უგზავნის?
ხელისუფლების მექანიზმზე მიჯაჭვულია კორუფცია, ეგოიზმი, ინტრიგა, ის მორჩილება, რომელიც თაობების განმავლობაში ჩაგვრის უბადრუკი მემკვიდრეობაა, და სხვა არაფერი. ყველა კეთილშობილი გული, ყველა მოაზროვნე თავი დიდი ხანია გამორიდებულია მთელ სამთავრობო მანქანას და არჩევნები ჭირივით ძულთ.
ვინმე უშვებს, რომ ასეთი ადამიანები რაიმენაირად, თუნდაც შეუგნებლად, საკმაოდ კარგად არ არიან მომზადებულები ანარქიზმის იდეებისთვის?
ისინი მზად არიან! მათ დიდი ხანია დათმეს სახელმწიფოს სიკეთის, სიძლიერის, სიბრძნის და სამართლიანობის იდეა, როგორც არასერიოზული ცრურწმენა, მათ ახლა მხოლოდ შემდეგი არჩევანი დარჩათ: ან პესიმიზმი, რომელიც კაცობრიობას სასოწარკვეთილად თმობს, ან ანარქიზმი.
ესაა იმ ზიზღის ნამდვილი მიზეზი, რომელიც აქ კონსერვატიულ ან რეაქციულ პარტიებს აქვთ ანარქისტების მიმართ, და რომელმაც ჩიკაგოში მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი პოლიტიკური დანაშაული ჩაადენინა.
სწორედ ასეთმა დაკვირვებებმა გვიკარნახეს აგიტაციის ჩვენი მეთოდი და ჩვენს თანამოძმეთა შორის ჩვენი მოწინააღმდეგეები ჯობია პირველს დააკვირდნენ, სანამ მეორეს გაკიცხავდნენ – როგორც არაამერიკულს.
შედეგი ალბათ შემდეგი იქნებოდა: ისინი დაუყოვნებლივ შემოგვიერთდენობდნენ ბრძოლაში ეკლესიის, სახელმწიფოს და ბაზრის წინააღმდეგ, იმ “წმინდა სამების” წინააღმდეგ, რომელიც უნდა დაემხოს, რომ გზა გაეხსნას თავისუფლებას, თანასწორობას და ძმურ სიყვარულს.
არაანარქისტ სოციალისტებს ანარქიზმის წინააღმდეგ ხშირად მოყავთ მისი დოქტრინა “თავისუფალ შეთანხმებებზე.”
სანამ ანარქისტები აცხადებენ, რომ თავისუფალ საზოგადოებაში მისმა წევრებმა ყველა ურთიერთობა თავისუფალი შეთანხმებების საფუძველზე უნდა წარმართონ, არაანარქისტი სოციალისტები განზე დგანან ეჭვიანი ღიმილით და სოციალური იძულების ველზე რჩებიან.
მათთვის გამოუსადეგარია იმის მტკიცება, რომ ძალდატანების სისტემას, რომელიც ზოგადად ყველას ერთნაირად აწვება, რომელიმე ცალკეული ინდივიდი არ გრძნობს. არგუმენტი უაზროა.
ყველა ერთნაირი არ არის და არც ერთნაირად აღიქვამს ერთი და იმავე რამეს: ასე რომც იყოს, ეს გამოდგებოდა მხოლოდ არსებული იძულების სისტემის შერბილებული ფორმის მხარდასაჭერად და არა საზოგადოებრივი წესრიგის, რომელშივ თვით თავისუფლებაა ერთადერთი რეგულატორი. გამოსავლის პოვნა შეუძლებელია მათ მითითებაში ლამის მუდმივ ხმისმიცემაზე მთელი ხალხის მიერ. ან მთელი ხალხი იმდენად გამჭრიახია, რომ ყოველთვის ხვდება რა არის სწორი და მაშინ ნებისმიერი სახის პოლიტიკური ხელისუფლება ან სოციალური მფარველობა სრულიად ზედმეტია; ან მთელი ხალხი არ არის საკმარისად გამჭრიახი, რომ თავიდან აიცილოს დემაგოგების კარგად გაწვრთნილი არისტოკრატიის ჩამოყალიბება, მაშინ კი ისევ ძველი ამბავი მეორდება.
თუმცა არაა საჭირო უცნობ სამყაროში გადავიდეთ იმისთვის, რომ მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ თუ როგორ მუშაობს თავისუფალი შეთანხმება.
მაგალითად, არსებობს მსოფლიო საფოსტო კავშირი. თითოეული საფოსტო ორგანიზაცია გაერთიანებას უერთდება მარტივი შეთანხმებით, რომელიც ეხება მისაღებ და გასაცემ მომსახურებას.
არ არსებობს არანაირი საერთაშორისო სასამართლო ძალაუფლებით, რომ მოიხმოს და რაიმე აიძულოს მას, ვინც შეთანხმებას დაარღვევს; არსებობს მხოლოდ კონფერენციები, რათა იმედიატოროს, როცა უჩვეულობა ან გაუგებრობა ხდება.
მიუხედავად ყველაფრისა, შეთანხმება არასდროს ირღვევა, მარტივი მიზეზით, რომ შეთანხმების დამრღვევი საკუთარ თავს დააზარალებდა.
და ეს ინსტიტუცია, რომელიც შეიძლება ნიმუშად გამოდგეს მსგავსი თავისუფალი გაერთიანებებისთვის განსხვავებულ სფეროებში, არანაირად უნიკალური არ არის. არსებობს ტრესტები, პულები, ა.შ. ჩამოყალიბებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც, როგორც წესი, არც ისე საზრიანები არიან, რამდენადაც საქმე საყოველთაო სიკეთეს ეხება.
ქვეყნების უმეტესობაში ასეთი გაერთიანებები არალეგალურია და არც რაიმე კანონი არსებობს, რომელიც მხარეებს შეთანხმების შენარჩუნებას აიძულებდა. მიუხედავად ამისა, შეთანხმება იშვიათად ირღვევა – ზუსტად იგივე მიზეზით: თვითინტერესი.
არსებობს ასობით გაერთიანება, რომელიც ახლა წარმატებულად და ჰარმონიულად მუშაობს ყველანაირი იძულების გარეშე, გარდა პირადი მორალური გრძნობისა: მომღერალთა საზოგადოებები, ხარატების ასოციაციები, სპორტული კლუბები, საზოგადოებები პოლიტიკური, ლიტერატურული, მეცნიერული ან სახელოვნებო მიზნებით, ა.შ.; და აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველ ჯერზე ასეთი გაერთიანებების მუშაობაში მთავრობის ჩარევა არათუ გამოსადეგი, არამედ ხელისშემშლელი აღმოჩნდა.
როცა თავისუფალი შეთანხმებით ამდენ რამეს მიაღწიეს თანამედროვე საზოგადოებაში, ეგოისტებით სავსე მსოფლიოში, რა ლიმიტი ექნება მის პოტენციალს საზოგადოებაში, რომლის შექმნაც ჩვენ გვსურს, კომუნიზმზე დამყარებულ სოციალურ წესრიგში, რომელშიც კერძო საკუთრება მიტოვებულია და ამით ეგოიზმის საზრდოც განადგურებულია? ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებაში, რომლის ყველა წევრიც თავისუფალი და თანასწორია სიტყვების ნამდვილი გაგებით, თავისუფალი შეთანხმების გარდა არ არსებობს საშუალება, რომლითაც რაიმე სახის გაერთიანება ან ურთიერთობა შეიქმნებოდა. რაიმე სახის კანონით იძულება აბსოლუტურად გამორიცხულია თავისუფლებით და თანასწორობით.
ჩვენ ხანდახან გაგვიგია არგუმენტიც, რომ ეკონომიკურ სფეროში, სადაც თავისუფლება ბატონობს გარკვეულწილად მაინც, რამდენადაც მთავრობა პირდაპირ არასდროს ერევა წარმოების და გაცვლის საქმეებში, სწორედ ამ თავისუფლებამ სავალალო შედეგები გამოიწვია.
საკმაოდ თავისებური არგუმენტია; ის დგას ხის ფეხზე, რომლის მოჭრასაც ვაპირებთ.
როცა, კერძოდ, თანამედროვე საზოგადოებაში ეკონომიკური სამყაროს თავისუფალმა მოძრაობებმა უდიდესი მნიშვნელობის და გადაუდებელ სოციალურ საკითხებამდე მიგვიყვანა; “ამ სახიფათო მდგომარეობის” რეალური მიზეზი არა თავისუფლების პრინციპი, არამედ საკუთრების ინსტიტუციაა, რომლის უკანაც დარაჯად თვითონ მთავრობა დგას.
ეს ინსტიტუციაა, რომელმაც ღარიბი მონები შექმნა და სახელმწიფოს ძალაუფლებაა, რაც მათ მონობაში აჩერებს.
პრობლემის არსი არის არა ეკონომიკური თავისუფლება, არამედ კერძო საკუთრება, რომელიც უნდა მოისპოს, და სახელმწიფოს ძალაუფლება, რომელიც უნდა განადგურდეს.
რაც შეეხება მომავალ საზოგადოებრივ წესრიგში კანონებისა და კანონმდებლობის როლს, არანაირი მკაცრი აზრთა სხვადასხვაობა არ არის არც აუცილებელი და არც შესაძლებელი. საკითხს ნათელს ფენს ფაქტი, რომ ყველა თაობა ყოველთვის უმძიმეს შეცდომებად მიიჩნევს წინაპართა კანონებს. კანონმდებლობის ისტორია შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ყველაზე უცნაური შეცდომების ისტორია.
განა მენტალურ გადახრებად არ გვეჩვენება ჯადოქრობის, მწვალებლობის და სხვა მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული კანონები, რომლებიც ბარბაროსული სისასტიკით სჯიდა ბრალდებულს, ახლა კი სრულიად შეუმჩნეველია? განა სიგიჟე არ იყო სარის და სხვა საწამებელი იარაღების გამოყენება ადამიანის ბრალეულობის გასარკვევად?
განა შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მომავალი თაობა მოწყალე თვალით შეხედავს ჩვენს კანონებს მისი სახრჩობელებით და ჯალათებით, მისი დილეგებით და ჯაჭვებით? არა! ბაკლი[8] სრულიად მართალი იყო, როცა განაცხადა, რომ საუკეთესო კანონი არის კანონი, რომელიც ძველ კანონს აუქმებს.
ჩვენსა და ჩვენს მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი საკითხია გასარკვევი – კომუნისტურ საზოგადოებაში თავისუფალი შეთანხმებით შექმნილი ორგანიზაციები ცენტრალიზაციის ხასიათს მიიღებენ თუ ფედერაციის.
როგორც გამოცდილებამ დაგვიმტკიცა, ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალიზაცია ადრე თუ გვიან ძალიან დიდ ძალაუფლებას აგროვებს ძალიან ცოტას ხელში, რაც თავიდან წარმოშობს, ერთი მხრივ, ბატონობას და, მეორე მხრივ, მონობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოციალური პრობლემის კომუნიზმის ნიადაგზე გადაჭრის შემდეგ კაცობრიობა ცენტრალიზაციას სრულ სიმახინჯედ მიიჩნევს. წარმოიდგინეთ ვაშინგტონში მოწყობილი მცხობელ-გენერლების ცენტრალური კომიტეტი, რომელიც პეკინის და მელბორნის მცხობელებს ფუნთუშების ფორმას და გემოს უდგენს. ასეთ სრულყოფილ მონობაზე ვერცერთი მანდარინი ვერ იოცნებებდა. არა, ყველა ურთიერთობა თავის თავს დაარეგულირებს პრაქტიკის და გამოცდილების მიხედვით, როგორც ანარქიზმის არასამთავრობო პრინცპი მოითხოვს.
ჩვენ აქ შევჩერდებით, რამდენადაც სრულად დავფარეთ ჩვენი დავა შრომის პარტიის სხვა ჯგუფებთან, რომლებიც მარჯვნივ იხრებიან და ტრადიციას ებღაუჭებიან. ჩვენ მიყოლებით განვიხილეთ სადავო პრინციპული და ტაქტიკური საკითხები, ასევე შევეხეთ განხილვის მიერ მიღებულ არასახარბიელო ხასიათს.
მიყოლებით ჩვენ ვაჩვენეთ ნამდვილი ურთიერთობა ანარქიზმსა და კომუნიზმს შორის, სახელმწიფოსა და თავისუფალ შეთანხმებას შორის, ცენტრალიზაციასა და ფედერაციას შორის, გამოვასწორეთ ის, რაც თავხედურმა და არათანმიმდევრულმა კრიტიკამ გააფუჭა. რა თქმა უნდა, ამის კეთებისას ჩვენი მიზანი არ ყოფილა ჩვენსა და ჩვენს მეტოქეებს შორის გაყოფის გაღრმავება; საპირისპიროდ, ჩვენ მის ამოვსებას ვცდილობთ. მყისიერ და სრულ თანხმობას არ ველით, მაგრამ ჩვენი აზრით ორივე მხრიდან საკმარისი კეთილგანწყობით შესაძლებელია განსხვავებული ჯგუფების დარაზმვა და საბოლოო ბრძოლისთვის ასეთი მანევრის მნიშვნელობა ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.
ამმხრივ სამწუხაროა მკაცრად დადგენილი პლატფორმის მიმართ ერთგულება, რასაც ზოგადად ყველა პარტია მოითხოვს. დოქტრინა არ არის ცხოვრება. არსებობს რაღაც, რაც დოგმაზე მაღლა დგას და საცოდაობაა, რომ მსოფლიო ამას ჯერ კიდევ ვერ ხედავს. სიტყვებს, კარგ სიტყვებსაც კი იმაზე მეტი არეულობა გამოუწვევიათ ადამიანთა ცხოვრებაში, ვიდრე სხვა ყველაფერს. მიუხედავად ამისა, ცენტრალიზაციასა და ფედერაციას შორის განხილული განსხვავების მიხედვით, შესაძლებლად მიგვაჩნია იმ მოკლე ფორმულების მოძებნა, რომლებიც მთლიანობას ზოგადად დაფარავდა და დეტალების არჩევანს თითოეულ პარტიულ ორგანიზაციას დაუტოვებდა.
არსებობს, მაგალითად, პიტსბურგის პროკლამაცია, ამერიკის კომუნისტ ანარქისტთა პრინციპების დეკლარაცია[9]. მთელი შინაარსი შეჯამებულია მის ბოლო მონაკვეთში. ორი აბზაცი დაახლოებით მაინც მოიცავს ყველაფერს, რაც კომუნისტებს აქვთ საერთო.
პირველი: არსებული კლასობრივი ბატონობის განადგურება ნებისმიერი მეთოდით ანუ ენერგიული, შეუპოვარი, რევოლუციური და საერთაშორისო მოქმედებით.
მეორე: თავისუფალი საზოგადოების შექმნა წარმოების კოოპერატიული[10] ორგანიზაციის საფუძველზე.
ეს ან რაიმე მსგავსი შეგვიძლია გამოვიყენოთ ზოგად დევიზად, რომლის ქვეშაც სოციალისტები და ანარქისტები საბრძოლველად გაერთიანდებიან. დანარჩენი გასარკვევად შეგვიძლია დავუტოვოთ მათ, ვინც გამარჯვების შემდეგ ვალდებული იქნება საკუთარი ძალები მიუძღვნას თავისუფალი საზოგადოების განვითარებას – საზოგადოების, რომელშიც მონობის ყველა ფორმა საბოლოოდ განადგურებულია.
-
[1] ვილჰელმ I (1797-1888) – პრუსიის მეფე და შემდგომში გერმანიის იმპერიის პირველი იმპერატორი.
[2] ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898) – გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე და გერმანიის იმპერის პირველი კანცლერი. გერმანიის იმპერიის ერთ-ერთი შემოქმედი.
[3] ადოლფ შტოეკერი (1835-1909) – ვილჰელმ I-ის კაპელანი, ქრისტიანული სოციალური პარტიის ფუძემდებელი.
[4] თავადი ორინდური – გერმანელი პოეტის, ადოლფ მიულნერის (1774-1829), პოემა “დანაშაულის” პერსონაჟი. XIX-XXსს.-ში გავრცელებული იყო ციტატა პოემიდან: “ამიხსენით, თავადო ორინდურ, ბუნების ეს წინააღმდეგობა!”
[5] ბენჟამინ ტაკერი (1854-1939) – ამერიკელი სოციალისტი ანარქისტი, თავისუფალი საბაზრო მოდელის მომხრე, ცნობილი ჟურნალისტი და გამომცემელი.
[6] მანჩესტერის სკოლა – მე-19 საუკუნის ლიბერალური სოციალური მიმდინარეობა. ხასიათდებოდა კლასიკურ ეკონომისტებზე დაყრდნობით თავისუფალი ბაზრის მხარდაჭერით. ტაკერი თავს უწოდებდა “თანმიმდევრულ მანჩესტერისტს.”
[7] პეტრე კროპოტკინი (1842-1921) – რუსი მეცნიერი და რევოლუციონერი, ანარქისტული კომუნიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსი.
[8] ჰენრი ტომას ბაკლი (1821-1862) – ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი.
[9] დეკლარაციის ტექსტის ნახვა ინგლისურად შესაძლებელია აქ.
[10] იგულისხმება კოლექტიური, “თანამშრომლური” წარმოება და არა თანამედროვე გაგებით კოოპერატივების შედგენილი წარმოება.
-
თარგმანი და სქოლიო მოამზადა ჟერმინალმა.
Comments