ცნობილი ფრანგული რევოლუციური ორგანიზაციის ფუნდამენტური ნაშრომი. ტექსტი მოკლედ მიმოიხილავს ლიბერტარულ კომუნისტურ ხედვას კლასობრივ საზოგადოებაზე, მის რევოლუციურ გარდაქმნაზე და რევოლუციური ორგანიზაციის როლზე. ნაშრომში ხაზგასმულია მშრომელთა კლასის თვითორგანიზების მნიშვნელობაზე და ბრძოლის პროცესში რევოლუციური ორგანიზაციის განსაკუთრებულ როლზე.
შენიშვნა
პლატფორმა განიხილეს და მიიღეს 1971 წლის 11 ივლისს მარსელში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრა მოიწვია Mouvement Communiste Libertaire-მა[1], რომელიც დააფუძნეს ყოფილი Federation Communiste Libertaire-დან[2], Jeunesse Anarchiste Communiste-დან[3] და Union des Groupes Anarchistes-Communistes-დან[4] გამოსულმა ჯგუფებმა 1968 წლის მაისში Organization Révolutionnaire Anarchiste-ის[5] რამდენიმე ადგილობრივ ჯგუფთან შერწყმის ფარგლებში. მე აქტიურად ვმონაწილეობდი პლატფორმის საბოლოო ვერსიის განხილვაში, ჟორჟ ფონტენის[6] მონახაზის საფუძველზე. პლატფორმა გამოქვეყნდა 1971 წლის ნოემბერში გაზეთში Guerre de Classes[7], Organization Communiste Libertaire-ის[8] ორგანოში.
დანიელ გერინი[9]
1984
I
ინდივიდუალური და კოლექტიური ამბოხი თან სდევს კაცობრიობის ისტორიას, რომელიც ექსპლუატაციური საზოგადოებების მონაცვლეობაა. ყველა ეპოქაში მოაზროვნეები მიდიოდნენ იდეამდე, რომელსაც მათ საზოგადოებაში ეჭვი შეჰქონდა. მაგრამ საზოგადოების დაყოფა ორ ძირითად, ანტაგონისტურ კლასად ცხადად გამოჩნდა თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაში; კლასობრივი ბრძოლით, რომელიც კაპიტალისტური საზოგადოების ევოლუციის მამოძრავებელი ძალაა, გაიკვალა გზა ამბოხიდან რევოლუციურ ცნობიერებამდე.
დღეს ხშირად უარყოფენ კლასობრივი ბრძოლის არსებობას – ამას ხსნიან მშრომელი კლასის ბურჟუაზიფიკაციით და სისტემაში შერწყმით ან ახალი მშრომელი კლასის დაბადებით, რომელიც ვითომ კაპიტალისტურ საზოგადოების მმართველ ცენტრებში ბუნებრივად აღწევს. რეალურად – ძველი სოციალური ფენები ქრება, გაყოფა ორ კლასად კიდევ უფრო მწვავე ხდება და მსოფლიოში ყოველთვის სადღაც მაინც კლასობრივი ბრძოლა ახალი სიმძაფრით ჩაღდება.
რა იდეოლოგიურ ფორმასაც არ უნდა იღებდეს, კაპიტალისტური წარმოების წესი გლობალური ერთობაა. კაპიტალიზმის ერთადერთი პასუხი გამანადგურებელ კრიზისზე, რომელიც ემუქრება, არის შრომის ექსპლუატაციის გაზრდა – არ აქვს მნიშვნელობა საით მიიწევს საკუთარი ფორმით, რომელიც თავდაპირველად “ლიბერალიზმს” დაეფუძნა – მონოპოლიური კაპიტალიზმისკენ თუ სახელმწიფო ბიუროკრატიული კაპიტალიზმისკენ. ხოცვა-ჟლეტა, საცხოვრებელი პირობების საზოგადო მოშლა, ამა თუ იმ ჯგუფისთვის (ქალები, ახალგაზრდები, რასობრივი ან სექსუალური უმცირესობები) მახასიათებელი ექსპლუატაცია და გაუცხოება – ყველა მათგანი კლასობრივი საზოგადოებისგან განუყოფელია; საზოგადოებისგან, რომელი შთანთქავს სიმდიდრეს და მშრომელებს, ქმნის და ინახავს საზოგადოების ზედნაშენებს (ტრადიციები, მორალური ღირებულებები, კანონი, საერთოდ კულტურა), და ქმნის სიმდიდრეს.
პროლეტარიატი ფართოდ შეგვიძლია განვმარტოთ შემდეგნაირად: ისინი, ვინც ქმნიან ჭარბ ღირებულებას ან მის რეალიზებაში მონაწილეობენ. პროლეტარიატს ემატიან ისინი, ვინც არაპროლეტარულ ფენებს მიეკუთვნებიან, მაგრამ პროლეტარული მიზნებისკენ იღწვიან (ასეთები არიან ინტელექტუალები და სტუდენტები).
II
კლასობრივი ბრძოლა და რევოლუცია არ არის წმინდად ობიექტური პროცესები, მექანიკური აუცილებლობების შედეგები, რომლებიც დამოუკიდებელია ექსპლუატირებულებისგან. კლასობრივი ბრძოლა არ არის მხოლოდ ფენომენი, რომელსაც შეიძლება დააკვირდე: ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მუდმივად ცვლის კაპიტალისტური საზოგადოების მდგომარეობას და რეალობებს. რევოლუცია მისი ბოლოა. რევოლუცია არის ექსპლუატირებულთა მიერ წარმოების და გაცვლის ინსტრუმენტების მოპოვება, სახელმწიფოს ძალაუფლების ცენტრების და საშუალებების განადგურება.
კლასობრივ ბრძოლას თან სდევს სირთულეები, წარუმატებლობები და სისხლიანი დამარცხებები, მაგრამ პროლეტარული მოქმედება პერიოდულად თავიდან ჩნდება უფრო ძლიერად და უფრო ფართოდ.
პირველად ის თავს იჩენს სამუშაო ადგილას პირდაპირი დაპირისპირებით. ის ასევე იჩენს თავს ყოველდღიური პრობლემების დონეზე, ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში; განათლების, კულტურის, ხელოვნების და ღირებულებების ეჭვის ქვეშ დაყენებისას. მაგრამ ეს ბრძოლები არასდროს არ უნდა გამოეყონ კლასობრივ ბრძოლას. სახელმწიფოსთვის და ზედნაშენებისთვის დარტყმა ნიშნავს კაპიტალისტურ ბატონობაზე დარტყმას. უკეთესი სამუშაო პირობებისთვის ან ხელფასის ზრდისთვის ბრძოლა იგივე ბრძოლის გაგრძელებაა. მაგრამ ცხადია, რომ მხოლოდ ხელფასების ნაცვლად, მთელი ცხოვრების წესის საკითხის დაყენება ბრძოლას რეალურ რადიკალურ ასპექტს ანიჭებს – ეს ნიშნავს მასობრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელიც ცხოვრების სრულიად ახალ ფორმას ითხოვს, უბრალო რაოდენობრივი გაუმჯობესების ნაცვლად.
ისტორიული ანალიზი გვანახებს კაპიტალისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი მშრომელების ღრმა ტენდენციას თვითორგანიზებისკენ. უკლასო საზოგადოების სტრუქტურები ემბრიონულად ჩნდებიან რევოლუციური მოქმედების ფორმებში. ეს ავტონომიური მოქმედების ტენდენცია შეგვიძლია დავინახოთ ყოველდღიური ბრძოლების უმეტესობაში: არაოფიციალურ გაფიცვებში, ექსპროპრიაციებში, ბიუროკრატიული მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ პირდაპირ მოქმედებაში, სამოქმედო კომიტეტებში, ა.შ. მშრომელთა საერთო ყრილობებზე ძალაუფლების და დელეგატების გამოხმობის მექანიზმის მოთხოვნა დღის წესრიგში ნამდვილ თვითმმართველობას აყენებს.
ჩვენთვის არ არსებობს ისტორიული და ფორმალური საზღვარი პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების მოპოვებასა და ამისთვის ბრძოლას შორის, არამედ თვითმმართველობის ტექნიკის განგრძობადი და დიალექტიკური განვითარება, რომელიც იწყება კლასობრივი ბრძოლით და სრულდება პროლეტარიატის გამარჯვებით, უკლასო საზოგადოების შექმნით.
კონკრეტულად პროლეტარული ორგანიზების ფორმა, “საბჭოთა ძალაუფლება”, ჩნდებოდა სხვადასხვა რევოლუციურ პერიოდში: პარიზის კომუნა (1871), მახნოვისტური უკრაინა (1918-1921), იტალიელ მშრომელთა საბჭოები (1918-1922), ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა (1918-1919), ბუდაპეშტის კომუნა (1919), კრონშტადტის კომუნა (1921), ესპანეთის რევოლუცია (1936-1937), უნგრეთის აჯანყება (1956), ჩეხეთის აჯანყება (1968) და 68 წლის მაისი.
საბჭოთა ძალაუფლება, აღწევს რა საერთო თვითმმართველობას ცხოვრების ყველა სფეროში, მხოლოდ ისტორიული პრაქტიკით შეიძლება განისაზღვროს. ახალი სამყაროს განსაზღვრის ნებისმიერი მცდელობა შეიძლება მხოლოდ ვარაუდი, შემოთავაზება, ძიება იყოს.
მშრომელთა ძალაუფლების პირდაპირი ფორმების გამოჩენა და განზოგადება მოიაზრებს, რომ რევოლუციური პროცესი უკვე საკმაოდ განვითარებულია. მიუხედავად ამისა, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საფეხურზე ბურჟუაზიის ძალაუფლება ჯერ კიდევ შორსაა განადგურებისგან. ასე იქმნება დროებითი დუალური ძალაუფლება, ერთი მხრივ, მშრომელი კლასების შექმნილ რევოლუციურ და სოციალისტურ სტრუქტურებს და, მეორე მხრივ, კონტრრევოლუციურ ძალებს შორის.
ამ პერიოდში კლასობრივი ბრძოლა არათუ სუსტდება, არამედ კლიმაქსს აღწევს, სწორედ აქ იძენს სიტყვები “კლასთა ომი” მთელ სიმძაფრეს: რევოლუციის მომავალი ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, სახიფათო იქნებოდა ამ პროცესის დანახვა მკაფიოდ განსაზღვრული ნორმებით. სახელმწიფოებრივი ძალის (ანუ კონტრრევოლუციური ძალის) ბუნება მრავალნაირი შეიძლება იყოს საბჭოების წინააღმდეგ ბრძოლისას. რაც მნიშვნელოვანია – საბჭოთა ძალაუფლება სრულიად საწინააღმდეგოა ნებისმიერი სახელმწიფო ძალაუფლების, რადგანაც ის გამოხატავს თავს საზოგადოების შიგნით საერთო ყრილობებით, რომელთა დელეგატებიც სხვადასხვა ორგანიზაციებში მხოლოდ მათ გამოხატულებას წარმოადგენენ და ნებისმიერ დროს შეიძლება უკან გამოიხმონ.
ამ მომენტში ავტორიტეტი და საზოგადოება გადაჯაჭვულია – ინდივიდების და სოციალური ჯგუფების საჭიროებების, ტენდენციების და მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად მაქსიმალური პირობები შესრულებულია და კაცობრიობა თავს აღწევს ობიექტის მდგომარეობას, რათა გახდეს საკუთარი ცხოვრების შემოქმედი სუბიექტი.
ცხადია, რომ რევოლუცია შუამავლებით ვერ გაკეთდება: ის მასების სპონტანური მოძრაობის შედეგია და სპეციალისტების ან ე.წ. ავანგარდის გენერალური შტაბის, რომელიც ერთადერთი ცნობიერი ძალაა და ბრძოლის მიმართულების განსაზღვრა ევალება. სიტყვა “სპონტანური” არ უნდა გავიგოთ ე.წ. სპონტანისტური იდეის მიხედვით, რომელიც მასების სპონტანურობას რევოლუციური ცნობიერების ხარჯზე უჭერს მხარს – რევოლუციური ცნობიერება მასების სპონტანურობის განუყოფელი დანამატია და აღემატება მას. სხვანაირად – სპონტანურობის ცნების არასწორი გამოყენება არის მისი მიმსგავსება “უწესრიგო”, “ინსტინქტურ” მოქმედებასთან, რომელსაც არ შეეძლებოდა რევოლუციური ცნობიერების ჩამოყალიბება, როგორც ამას ამტკიცებდა კაუცკი და შემდეგ ლენინი წიგნში “რა ვაკეთოთ?”.
არანაკლებ ცხადია, რომ რევოლუცია შეუძლებელია იყოს ძველი საზოგადოების მარტივი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყობა. საპირწონედ, კაპიტალისტური საწარმოო ურთიერთობების და სახელმწიფოს განადგურებისას ის ერთიანად ამოატრიალებს საზოგადოების ყველა სფეროს, იქნება არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ ამავდროულად კულტურული – სწორედ ამ გაგებით შეგვიძლია ავითვისოთ ტოტალური რევოლუციის იდეა.
III
ნამდვილი ავანგარდი არ არის ესა თუ ის ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს პროლეტარიატის ისტორიულ ცნობიერებად აცხადებს. ავანგარდს, რეალურად, ის მებრძოლი მშრომელები წარმოადგენენ, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზებში დგანან და დამარცხების პერიოდებშიც ინარჩუნებენ ცნობიერების გარკვეულ დონეს.
რევოლუციური ორგანიზაცია არის ადგილი შეხვედრისთვის, განხილვისთვის, ინფორმაციისთვის და დაფიქრებისთვის. ის საშუალებას გვაძლებს განვავითაროთ რევოლუციური თეორია და პრაქტიკა – ეს ორი რამ კი მხოლოდ ერთი მოძრაობის ორი ასპექტია. რევოლუციური ორგანიზაცია თავს უყრის მილიტანტებს, რომლებიც ერთმანეთს მოქმედების, აზროვნების და კავშირის საერთო დონით ცნობენ. ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს პროლეტარულ მოძრაობას საკუთარი თავით, თავს ვერ მოახვევს საკუთარ ხელმძღვანელობას, ვერ გამოაცხადებს საკუთარ თავს პროლეტარული მოძრაობის სრულყოფილ ცნობიერებად.
მეორე მხრივ, ორგანიზაცია უნდა ესწრაფვოდეს ბრძოლის გამოცდილებების სინთეზს, ხელს უნდა უწყობდეს რევოლუციური ცნობიერების უდიდესი შესაძლო დონის და ამ ცნობიერებაში უდიდესი შესაძლო თანმიმდევრულობის მიღწევას. ეს ცნობიერება არ უნდა იყოს დანახული, როგორც მიზანი ან აბსტრაქტულად არსებული რამ, არამედ როგორც პროცესი.
მოკლედ, რევოლუციური ორგანიზაციის როლია მხარი დაუჭიროს პროლეტარულ ავანგარდს და დაეხმაროს პროლეტარიატის თვითორგანიზებას ანუ ითამაშოს იდეების გამავრცელებლის, კატალისტის და მაჩვენებლის როლი, საშუალება მისცეს მასში შემავალ რევოლუციონერებს კოორდინირებულად და ერთიანად ჩაერიონ ინფორმაციის, პროპაგანდის და მოქმედების სფეროებში.
რევოლუციური ორგანიზაციის ასეთი ხედვის ბუნებრივი გაგრძელება და დასკვნა არის მისი საბოლოო მისია გაქრეს. გაქრეს არა მექანიკური გადაწყვეტილებით, არამედ მაშინ, როცა აღარ შეასრულებს ფუნქციებს, რომლებიც მის შექმნას ამართლებდა. რევოლუციური ორგანიზაცია ჩაიშლება უკლასო საზოგადოებაში.
რევოლუციური პრაქტიკა მასების შიგნით წარიმართება და თეორიული განვითარება მხოლოდ მაშინაა აზრიანი, თუ ის მუდმივადაა დაკავშირებული პროლეტარიატის ბრძოლებთან. ამ გზით რევოლუციური თეორია საპირისპიროა იდეოლოგიური მჭევრმეტყველების, რომელიც ნამდვილად პროლეტარული პრაქტიკის არარსებობას ფარავს.
ეს ნიშნავს, რომ რევოლუციური ორგანიზაციის მიზანია შეკრიბოს მილიტანტები, რომლებიც ზემოთხსენებულს ეთანხმებიან, ყველანაირი მარქსისტული, ანარქისტული, კონსილისტური ან ლიბერტარულ კომუნისტური იარლიყის დამოუკიდებლად, იარლიყის, რომელიც გამოიყენება ავანგარდის ელიტისტური გაგების დასაფარად – ეს გაგება, რა თქმა უნდა, არსებობს ლენინისტებში, მაგრამ ასევე მოიპოვება ე.წ. ანარქისტებშიც.
რევოლუციური ორგანიზაცია ექსკლუზიურად არ იმოწმებს რომელიმე კონკრეტულ თეორეტიკოსს ან აქამდე არსებულ რომელიმე ორგანიზაციას – მაგრამ აღიარებს მათ წვლილს, ვინც მასობრივი მოძრაობიდან გამოტანილ იდეებს ასისტემატიზებდა, ხვეწდა და ავრცელებდა. საპირწონედ, ის პოზიციონირებს, როგორც პირველი ინტერნაციონალის ანტიავტორიტარი მშრომელების მიმდინარეობის სხვადასხვა გამოხატულების მემკვიდრე, მიმდინარეობის, რომელიც ისტორიულად ცნობილია კომუნისტური ანარქიზმის ან ლიბერტარული კომუნიზმის სახელით, მოძრაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ე.წ. ანარქისტული მიმდინარეობები ხშირად უხეშად ამახინჯებდნენ.
რევოლუციური ორგანიზაცია თვითმმართველობას ეყრდნობა. საკუთარ სტრუქტურებში და მუშაობაში ის უნდა განასახიარებდეს არაბიუროკრატიულ საზოგადოებას, რომელშიც მოშლილი იქნება განსხვავება ბრძანების გამცემებსა და შემსრულებებს შორის, რომელიც დელეგაციას მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებით და გამოხმობის პერმანენტული შესაძლებლობოთ დაუშვებს.
ტექნიკური ცოდნა და სხვადასხვა სახის უნარი მაქსიმალურად უნდა განევრცოს ორგანიზაციაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების ეფექტური როტაცია. იდეათა განხილვა და განვრცობა ყველა მილიტანტის მოვალეობა უნდა იყოს. აუცილებელ ორგანიზაციულ ნორმებზე მეტადაც კი, ნორმებზე, რომლებიც ყოველთვის შეიძლება გადაიხედოს, ნებისმიერი ბიუროკრატიული გადახრის წინააღმდეგ საუკეთესო ანტიდოტი არის კოლექტიურობის და პასუხისმგებლობათა შეგნების საერთო დონე.
-
[1] MCL, ლიბერტარულ კომუნისტური მოძრაობა.
[2] FCL, ლიბერტარულ კომუნისტური ფედერაცია.
[3] JAC, ანარქისტულ კომუნისტური ახალგაზრდობა.
[4] UGAC, ანარქისტ-კომუნისტური ჯგუფების კავშირი
[5] ORA, რევოლუციური ანარქისტული ორგანიზაცია
[6] ჟორჟ ფონტენი (1920-2010) – ფრანგი სკოლის მასწავლებელი, ანარქისტი/ლიბერტარი კომუნისტი. მონაწილეობდა FCL-ის და MCL-ის დაფუძნებაში (ეს უკანასკნელი მალევე გარდაიქმნა OCL-ად, მოცემული პლატფორმის საფუძველზე). ცნობილია ნაშრომით “ლიბერტარული კომუნიზმის მანიფესტი”, რომელმაც რევოლუციურ მოძრაობაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
[7] კლასთა ომი
[8] OCL, ლიბერტარულ კომუნისტური ორგანიზაცია
[9] დანიელ გერინი (1904-1988) – ფრანგი რევოლუციონერი. მარქსიზმის და ანარქიზმის “სინთეზის” – ლიბერტარული კომუნიზმის – როგორც ცალკეული მიმდინარეობის, ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი. პიონერი რევოლუციურ მოძრაობაში სექსუალობის და ქვიარების საკითხის დაყენებაში.
-
თარგმანი მოამზადა ჟერმინალმა. ტექსტი ინგლისურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Comments