მარქსიზმის დედა-აზრი - კარლ კორში (1922)

კარლ კორშის 1922 წლის ნაშრომის თანამედროვე თარგმანის ტრანსკრიპცია. "ამ ნაშრომის უახლოესი მიზანია—გახდეს ის მოკლე სახელმძღვანელოდ მეცნიერული კომუნიზმისთვის. მიუხედავად თავისი სიმოკლისა, გამოცდილ ხელმძღვანელს ის საშუალებას აძლევს მარქსიზმის საანბანო დებულებებთან ერთად განიხილოს აგრეთვე ამ მოძღვრების უფრო რთული საკითხები ეკონომიკისა და საზოგადოების შესახებ მათი მჭიდრო კავშირით."

Author
Submitted by Germinal on March 13, 2026

(პოპულიარული მოთხრობა)

წინასიტყვაობა

ამ ნაშრომის უახლოესი მიზანია—გახდეს ის მოკლე სახელმძღვანელოდ მეცნიერული კომუნიზმისთვის. მიუხედავად თავისი სიმოკლისა, გამოცდილ ხელმძღვანელს ის საშუალებას აძლევს მარქსიზმის საანბანო დებულებებთან ერთად განიხილოს აგრეთვე ამ მოძღვრების უფრო რთული საკითხები ეკონომიკისა და საზოგადოების შესახებ მათი მჭიდრო კავშირით. საკუთარი გამოცდილების მიხედვით მე ვურჩევდი მკითხველს გაენაწილებინა ეს მასალა საუბრად,—თითო საუბრისთვის მოენდომებინა 2 საათი—ისე რომ პირველი სამი თავი (კითხვები 1—23) გაერჩია სამ საუბარში, ხოლო დანარჩენი, უფრო რთული საკითხების განსახილველად კი (24-37) დარჩენილიყო კიდევ სამი საუბარი.

წიგნაკის მეორე მიზანია—ისეთმა პირმა, რომელიც ახლა იწყებს მარქსიზმის შესწავლას, დამოუკიდებლად შეითვისოს ამ მოძღვრების სისტემა. ვინც საკმარისად გაეცნობოდა ამ წიგნაკის შინაარსს და ასე მიღებულ ცოდნას შეივსებდა მარქსისა და ენგელსის ლიტერატურის მაჩვენებელში NN 1—6-ით აღნიშნულ შრომათა საფუძვლიანი კითხვით, ასეთი პირი საკმაოდ მომზადებული იქნებოდა დამოუკიდებლად მოეკიდა ხელი მარქსის ძირითადი შრომის—”კაპიტალის” შესწავლისათვის. უფრო მომზადებულთა საყურადღებოთ აღვნიშნავ, რომ ამ წიგნაკის მე-III-დან IV (კითხვა 24) ნაწილზე გადასვლა დაეხმარება მათ გააბან კავშირი მეორე და მესამე ნაწილსა და კაპიტალის პირველ ტომს შორის.

რაგინდ დამოუკიდებლად არ უნდა იყოს გადმოცემული მარქსიზმის “კინტ-ესსენცია”, მასში მაინც უნდა იყოს დაცული ამ მოძღვრების არსებითი შინაარსი. ვიმედოვნებ, რომ მოძღვრების ეკონომიურ ნაწილში მე სავსებით მივაღწევ მიზანს. სწავლა საზოგადოებაზე კი მე აქ გადმოვეცი მეტად შეკუმშულად. უფრო ფართოდ წყაროების მიხედვით შევეხები ამ წიგნაკში გარჩეულ საკითხს ჩემს წიგნში, რომელიც გამოვა “ისტორიის მატერიალისტურად გაგების ძირითადი დებულებანი”—ს სახელწოდებით.

კარლ კორშ.

იენა,

თებერვალი, 1922 წ.

ნაწილი I

მარქსის მოძღვრება საზოგადოებაზე.

1. რა არის კომუნიზმი?

კომუნიზმი არის მეცნიერული თეორია და ამ მეცნიერულ თეორიაზე დამყარებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა.

შენიშვნა 1. კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მიერ შექმნილი მოძღვრება—მეცნიერული სოციალიზმი ანუ კომუნიზმი (მარქსიზმი) შეიცავს: ა) მოძღრებას კომუნიზმის მიზნებზე და მათ მისაღწევ საშუალებებზე; ბ) მეცნიერულ დასაბუთებას ამ მიზანთა და საშუალებათა.

შენიშვნა 2. მაგრამ კომუნიზმი მარტოოდენ მეცნიერული თეორია (სისტემა) როდია, იგი ამ თეორიაზე დამყარებული მოქმედებაც არის—პრაქტიკა. კომუნისტები ეთანხმებიან სხვა სოციალისტურ პარტიებს მარქსიზმის თეორიულ დასაბუთებაში, ხოლო განსხვავდებიან მათგან იმითი, რომ არა სიტყვიერად, არამედ პრაქტიკულად, საქმით ანხორციელებენ ამ მოძღვრებას. (შეადარე “კომ. მანიფ.” გვერდ. 41, 42).

2. საითკენ მიისწრაფვის კომუნიზმი?

პროლეტარიატის განთავისუფლებისაკენ არსებული სახელმწიფოებრივისა და საზოგადოებრივი წყობილების შეცვლით ისეთი წყობილებით, “სადაც თვითეულის თავისუფალი განვითარება პირობა იქნება ყველას თავისუფალი განვითარებისათვის” (შეადარე ენგელსის “კომუნიზმ. პრინციპ.” კითხვა 1, და “კომ. მანიფ.” გვ. 54).

3. დემოკრატიულ რესპუბლიკაში კიდევ რაღა “ბორკილებიდან” უნდა გაანთავისუფლოს კომუნიზმმა პროლეტარიატი?

არსებობს მონობის ორი სახე: პოლიტიკური მონობა არადემოკრატიულ სახელმწიფოში და საზოგადოებრივი (სოციალური) მონობა პროლეტარიატისა არაკომუნისტურ საზოგადოებაში. დემოკრატიული რესპუბლიკა ანიჭებს თავის მოქალაქეთ მხოლოდ პოლიტიკურ თავისუფლებას და იმასაც მარტო სიტყვიერად, ხოლო სოციალურ მონობას (დაჩაგვრას და ექსპლუატაციას) პროლეტარიატისას კაპიტალისტურ საზოგადოებაში სრულიადაც ვერ სპობს. 

4. რაში გამოიხატება პროლეტარიატის სოციალური მონობა (დაჩაგვრა და ექსპლუატაცია) კაპიტალისტურ საზოგადოებაში?

ბურჟუაზიული თავისუფლებანი (როგორიც არის—თავისუფლება პროფესიის, ხელობის არჩევისა, უფლება ყოველგვარი განათლების მიღებისა, თავისუფალი საარჩევნო უფლება და სხვ.) ვერ ანთავისუფლებს პროლეტარიატს ჩაგვრისა და ექსპლოატაციისაგან, რადგან მისი კლასიური მდგომარეობა კაპიტალისტურ საზოგადოებაში ხელს უშლის ამას.

მაგალითი 1. “კანონი ერთგვარად უკრძალავს როგორც მდიდარს, ისე ღარიბს ღამის გათევას ხიდის ქვეშ!” ანატოლ ფრანსი. 

2. “კონსტიტუცია რ. ს. ფ. ს. რ.”, თავი 5, §§ 13-17).

5. რაზე ემყარება კაპიტალისტური საზოგადოებრივი წყობილების კლასიური ხასიათი?

იგი დამყარებულია კაპიტალისტურ მეურნეობაზე, იმ ეკონომიურ ფაქტზე, რომ ზოგს (კაპიტალისტთა კლასს) აქვს საკუთრებად წარმოების საშუალებანი: კაპიტალი, ხოლო ზოგი (პროლეტარები) სრულიათ მოკლებულია წარმოების საშუალებებს (ადამიანთა საზოგადოების განვითარების მარქსისტულად გაგების თანახმად).

6. რა კავშირი არსებობს ადამიანთა საზოგადოების სხვადასხვა ელემენტებს შორის, თანახმად მატერიალისტური შეხედულებისა საზოგადოებაზე?

გრაფიული გამოხატულება ადამიანთა საზოგადოებისა:

ზედნაშენი: იდეოლოგია (ადამიანთა აზრები),

უფლება, სამართალი, ჩვეულებანი, ადათები.

ეკლესია, სკოლა, თავისუფალი კავშირები.

ოჯახი, სახელმწიფო;

ბაზისი (საფუძველი): სამეურნეო წყობილება (ეკონომიკა)

7. რაზეა დამყარებული კაპიტალსტური სამეურნეო წყობილების კლასიური ხასიათი?

წინააღმდეგობაზე კაპიტალისტებსა და პროლეტარებს შორის, რომელთაგან პირველნი მესაკუთრენი არიან წარმოების საშუალებათა (მიწის ზედაპირის, მისი გულის, სამთო-სამრეწველოების, ნედლი მასალის, იარაღბის, მაშინების, მიმოსვლის საშუალების და სხვ.), ხოლო მეორენი მოკლებულნი არიან საკუთრების წარმოების ასეთ საშუალებებზე.

8. როგორ მოხდა, რომ კაპიტალისტთა კლასი ახერხებს მუშათა კლასის ჩაგვრასა და ექპლოატაციას?

ამ სიტყვის საპასუხოდ მარქსი ამბობს: “თვით შრომის ბუნებიდან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელსაც არა აქვს რაიმე სხვა საკუთრება, გარდა თავისი სამუშაო ძალისა, ყოველთვის, საზოგადოებისა და კულტურის ყოველნაირ მდგომარეობაში, იძულებულია გახდეს მონა იმ ხალხისა, ვისაც ხელთ ჩაუგდია მატერიალური საშუალებანი და წარმოების იარაღები. მხოლოდ მათის ნებართვით შეუძლია მას იმუშაოს და ამიტომ მხოლოდ მათის ნებართვით შეუძლია იცხოვროს”. (ეს შენიშვნები, რომელიც გერმანიის მუშათა პარტიის პროგრამას აქვს გაკეთებული).

მაგალითი. შეადარე ის მუშა, რომელიც საკუთარ სამუშაო ძალას ჰყიდის სამუშაო ქირაზე და საშუალო საუკუნეების გლეხი ან ხელოსანი, რომელიც თვითონ იყენებდა თავის სამუშაო ძალას და ყიდდა ან ხმარობდა საკუთარი შრომის პროდუქტს, ორივე სცხოვრობს “თავისი შრომით”.

9. რა სახით ხდება მუშათა კლასის ჩაგვრა და ექპლოატაცია კაპიტალისტთა კლასის მიერ?

პასუხს გვაძლევს მარქსის თეორია ღირებულებასა და ზედმეტ ღირებულებაზე.

ნაწილი II

მარქსის მოძღვრება ღირებულებაზე.

10. რა განსხვავებაა პროდუქტის მოხმარებითი ღირებულებისა და გაცვლითი ღირებულების შორის?

მოხმარებითი ღირებულება (გამოსადეგობა) პროდუქტს აქვს იმისთვის, ვისაც იგი პირადად თავისთვის ესაჭიროება, ხოლო გაცვლითი ღირებულება იმისთვის, ვისაც იგი პირადად არ ესაჭიროება (მაგალითად საფლავის ზეთის (კასტორკა) ფაბრიკანტისათვის). პროდუქტის მოხმარებითი ღირებულება არ შეიძლება ზედმიწევნით გაზომილ იქნეს, მაშინ როდესაც მისი გაცვლითი ღირებულება შეიძლება სისწორით გაიზომოს (ღირებულების საზომი: “ფული”). ყოველი პროდუქტი იმისთვის, რომ მას, როგორც საქონელს, გაცვლითი ღირებულება ჰქონდეს, უნდა წარმოადგენდეს ვისმესთვის მოხმარებით ღირებულებას, მაგრამ, ამსათანავე, გაცვლით ღირებულების ოდენობა დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ როგორია მისი გამოსადეგობა.

11. რანაირ ღირებულებაზეა დამყარებული კაპიტალისტური მეუნრეობა?

“გაცვლით ღირებულებაზე”. თითქმის ყოველი პროდუქტი მზადდება აღებ-მიცემობისათვის (გასაყიდად), მაშასადამე, მზადდება როგორც “საქონელი” “ბაზრისათვის” (ვაჭრობისათვის); პროდუქტი, ვიდრე მას გამოიყენებდენ და მოიხმარდენ როგორც “მოხმარებით ღირებულებას”, “ბრუნვას”, როგორც “საქონელი” (ბრუნვის საშუალებაა “ფული”). მეურნეობის კაპიტალისტური წყობილების დროს იყიდება აგრედვე პროლეტარიატის “სამუშაო ძალა”, მას მისი ფიზიკური მფლობელი მუშა ჰყიდის “შრომის ბაზარზე”, როგორც “საქონელს” და მხოლოდ ამის შემდეგ ამ სამუშაო ძალას მოიხმარს ხოლმე მისი მყიდველი კაპიტალისტი თავის საწარმოო დაწესებულებაში. 

(ასე არ იქნება გეგმით მოწყობილ, კომუნისტურ საპროდუქტო მეურნეობაში.)

12. რა “ღირებულებისაა” (გაცვლითი) საქონელი კაპიტალისტურ მეურნეობაში?

მარქსის ღირებულების თეორიის თანახმად, საქონელს მით უფრო მეტი “ღირებულება” აქვს, რაც უფრო მეტი “საზოგადოებრივ-აუცილებელი შრომაა” დახარჯული მისს დასამზადებლად.

შენიშვნა. ქვემოდ დავასახელებთ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ბაზრის ნამდვილი ფასები ჩვეულებრივად არ ეთანხმება საქონელის ღირებულებას.

13. რით განიზომება ამ მასშტაბით “შრომის ბაზარზე” ღირებულება (გაცვლითი ღირებულება) “სამუშაო ძალისა” (როგორც საქონლისა) მისი გამყიდველისა და მყიდველისათვის?

სამუშაო ძალა, აღებული როგორც საქონელი, ღირს იმდენი, რამდენი საზოგადოებრივ-აუცილებელი შრომის დახარჯვაც იქნება საჭირო მისი აღდგენისათვის. ეს საზოგადოებრივ-აუცილებელი შრომა იხარჯება პრიველი მოთხოვნილების საგანთა დასამზადებლად მუშათა კლასისთვის (მაგ. წარმოება არსებობის საშუალებისა, რაშიაც შედის სოფლის მეურნეობა ტანისამოსის დამზადება და საამშენებლო მრეწველობა). სამუშაო ძალაში იხდიან სამუშაო ქირას, რომელსაც სამუშაო ძლის გამყიდველი მუშა ღებულობს მისი მყიდველ კაპიტალისტისაგან პროდუქტებს, რომლებიც საჭიროა მისთვის და მისი ოჯახისათვის.

მაგალითი. საქმე შეიძლება წარმოვიდგინოთ ისე, თითქო ადამიანის სამუშაო ძალა იქმნება მრეწველობის განსაზღვრულ დარგში (სანოვაგის დამზადება და სხვ.) როგორც მაშინა. მწარმოებელი, რომელსაც სურს გამოიყენოს სამუშაო ძალა თავის წარმოებაში, ყიდულობს მას პირდაპირ თვით მუშისაგან, ხოლო არა პირდაპირ იმ წარმოებაში, სადაც მზადდება მუშისათვის სურსათ-სანოვაგე და სხვ., და ამით მზადდება, მაშასადამე, თვით სამუშაო ძალა.

ნაწილი III

ზედმეტი ღირებულების შექმნა ცალკე კაპიტალისტურ საწარმოვო დაწესებულებაში.

მაგალითი. მაუდის ფაბრიკა 5,500,000 მარკის კაპიტალით.

14. როგორია “კაპიტალისტის” “ხარჯები” საწარმოვო დაწესებულების გახსნის დროს და წარმოების პირველ წელიწადს?

იგი ყიდულობს:

ადგილს ცარიელი საფაბრიკო შენობებით 2,000,000 მ

საქსოვ ჩარხებსა და სხვა ინვენტარს   500,000 მ

ნართს, სხვა ნედლეულს და მასალას წარმოებისთვის 1,000,000 მ

იხდის წლის განმავლობაში სამუშაო ქირას და ჯამაგრის 2,000,000 მ

—————————

ამრიგად მან წარმოებაში “ჩასდო” 5,500,000 მ

15. როგორია წლიური პროდუქტის ნამდვილი “თვითღირებულება”?

ნედლი მასალა და წარმოების საშუალებანი 1,000,000 მ

სამუშაო ქირა და ჯამაგირი 2,000,000 მ

შენობებსა და მაშინების გაცვეთისთვის “გადარიცხული”   200,000 მ

          ——————

ჯამი ნამდვილი თვითღირებულებისა 3,200,000 მ

16. რას იტყვის კაპიტალისტი, რომ პროდუქტის გაყიდვის დროს მან მხოლოდ ამ პროდუქტის “თვითღირებულება” დაიბრუნოს”

იგი იტყვის: “არაფერი მომიგიაო”.

შენიშვნა. იგი იმასაც იტყვის: “ზარალში ვარო”, და ივარაუდებდა იმ “პროცენტებს”, რომლის გადახდაც მას დასჭირდებოდა კრედიტორისათვის (მაგ. ბანკისათვის), ვინიცობაა სესხი აეღო; ეხლა კი იგი თითქო საკუთარ თავს სთვლის თავისავე ბანკირად და აღნიშნული პროცენტები თავის გასასტუმრელბელ ანგარიშში შეაქვს.

ქვემოთ განვმარტავთ იმ მიზეზებს, რომლის გამოც კაპიტალისტ-”მწარმოებელმა” საქმეში დაბანდული კაპიტალის პროცენტები უნდა მიათვალოს წლიური პროდუქტების “დამზადების კაპიტალისტურ ხარჯებს”.

17. იქნება თუ არა მწარმოებელი-კაპიტალისტი დაკმაყოფილებული, გაყიდულ პროდუქტში რომ ამას გარდა მიიღოს თავისი სამუშაო ქირაც (ე. ი. ჯილდო თავისი მუშაობისათვის, როგორც საწარმოო დაწესებულების ხელმძღვანელისა)?

პასუხი ნათელი იქნება, თუ წარმოვიდგენთ, რომ საწარმოო დაწესებულება იქცა სააქციო საზოგადოებად 5,500,000 მარ. სააქციო კაპიტალით. იქ დირექტორის ჯამაგირი ჩაიწერება “ჯამაგირებისა და სამუშაო ქირის გასავალის მუხლში”. მაგრამ კაპიტალისტი მწარმოებელი, ამ შემთხვევაში—აქციონერი, მაინც იკითხავს: “ჩვენი დივიდენდები სადღააო?

18. ნამდვილად რა ნორმალურ შემოსავალს იძლევა გაყიდული პროდუქტი?

ნორმალურ პირობებში გაყიდული პროდუქტის შემოსავალი მეტია ამ პროდუქტის თვითღირებულებაზე, მაგ. დახარჯული 3,200,000 მარკის ნაცვლად გაყიდული საქონელი საწარმოო დაწესებულებას მისცემს 5,200,000 მარკას, ე. ი., გარდა “თვითღირებულებისა”, კიდევ “ზედმეტს” 2,000,000 მარკას. ღირებულების საერთო თანხა, რომელიც კაპიტალისტმა საქმეში ჩასდო, ერთი წლის განმვალობაში ამრიგად გაიზარდა 5,500,000 მარკიდან 7,500,000 მარკამდე (2,300,000+5,200,000=7,500,000 მ.) “კაპიტალმა” მისცა მწარმოებელს 2,000,000 მარკის “ზედმეტი ღირებულება”.

19. საიდან მიემატება კაპიტალს “ზედმეტი ღირებულება”?

არა იქიდან, რომ ყიდვა-გაყიდვა ხელსაყრელ პირობებში მოხდა (გამოყენება “კონიუნქტურის”, ე. ი. ბაზრის პირობებისა, ჩარჩობა და სხვ.). ამ მიზეზით შეიძლება აიხსნას მხოლოდ ცალკე კაპიტალისტების შემთხვევითი ზემდეტი მოგება და აგრეთვე მოგება, მირებული მზა პროდუქტების (საქონლის) გაყიდვიდან—სავაჭრო მოგება; მაგრამ ამ მიზეზებით არ შეიძლება ახსნა ნორმალურ პირობებში მიღებული მოგებისა, რაც შედეგია თვით წარმოების კაპიტალისტური წესისა. ეს ნორმალური მოგება, რომელსაც კაპიტალისტი წარმოებაში ღებულობს, დამყარებულია იმაზე, რომ მზა პროდუქტს მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე მთელ იმ თანხას, რაც კაპიტალისტმა დახარჯა წარმოების ელემენტებზე (ნედლი მასალა და სხვ.+სამუშაო ქირა:—მარქსისებურად: მოხმარებული მუდმივი და ცვალებადი კაპიტალი: C+V).

მაგალითი. შეადარე მოგება, რომელიც შეიძლება მიიღოს საწარმოვო დაწესებულების პატრონმა ნედლი მასალის გადაყიდვით, მაშინების გაყიდვით და სხვ. და მოგება, რომელიც მას დარჩება მაშინებისა და მუშების საშუალებით ამ ნედლი მასალის პროდუქტებად გადამუშავების შემდეგ.

20. როგორ ჩნდება წარმოების პროცესში პროდუქტის “ზედმეტი ღირებულება”?

წარმოებაში მომუშავე ყველა მუშის ნაყოფიერი შრომის წყალობით.

შენიშვნა. საზოგადოებრივი თვალსაზრისით ამ ზედმეტ ღირებულებას არ ჰქმნის ცალკე არც კაპიტალისტი, არც მისი წარმოების მუშა და არც ორივე ერთად. პირიქით, მრავალი სხვა საწარმოო დაწესებულების ერთდროულად მოქმედების დროს იქმნება ისეთი საზოგადოებრივი პირობები, როდესაც ამა თუ იმ საწარმოვო დაწესებულებაში დახარჯული სამუშაო ძალა, მოხმარებულ სიმდიდრის აღდგენის გარდა (ნედლი მასალა და სხვ.+სამუშაო ძალა=C+V), ჰქმნის აგრეთვე “თავისუფალ” ზემდეტ ღირებულებას (m). ამ პროდუქტს, საზოგადოების განკარგულებაში რომ იმყოფება—”ადამიანის შრომის იმ ბუნებრივი ძალის წყალობით, რომელიც ნივთიერ საშუალებას ხმარდება”,—მიზანშეწონილად გამოიყენებდა კომუნისტური საზოგადოება თავისი სათანადო ორგანოების მეშვეობით, წინააღმდეგ იმ ანარქიისა და სტიქიისა, რომელსაც იძლევა თანამედროვე საზოგადოება.

კაპიტალისტურ საზოგადოებაში საწარმოო დაწესებულების მთელი პროდუქტი, მაშასადამე, “ზედმეტი ღირებულებაც” ამ პროდუქტისა, წარმოადგენს კაპიტალისტ-მწარმოებლის კერძო საკუთრებას, რასაც იგი მარტო განაგებს თავისი შეხედულებისამებრ.

21. რა საშუალებებით სარგებლობს კაპიტალისტი ზედმეტი ღირებულების მისაღებად?

არა იძულებითი საშუალებით, ისეთი საშუალებით, როგორითაც, ვსთქვათ, სახელმწიფო გადასახადებს აგროვებს (მაგ. 10%-ის დაჭერა სამუშაო ქირიდან და ჯამაგირიდან); არც მოტყუებით,—მაგ. როცა მწარმოებელი ანგარიშის გასწორების დროს ატყუებს ნედლი მასალის მიმწოდებელს ან მუშას და აძლევს მათ კუთვნილზე ნაკლებს.

პირიქით, ნორმალურ კაპიტალისტურ მეურნეობასა და საზოგადოებაში ყველაფერი “თავისუფლად” და “სამართლიანად” კეთდება. კაპიტალისტი საშუალოდ მუშასაც მისი საქონლის—სამუშაო ძალის—სრულ ღირებულებას აძლევს. მხოლოდ გამონაკლისის სახით, ცალკე საწარმოო დაწესებულებებსა და სამრეწველო დარგებში (მაგ. შინაურ მეურნეობაში) და ზოგიერთ ქვეყნებში (მაგ. შორეულ კოლონიებში) სამუშაო ძალა კარგა ხნის განმავლობაში იყიდება უფრო ნაკლებ ფასში, ვიდრე მისი ნამდვილი ღირებულება. სამუშაო ძალის ასეთი “თავაშვებული ექსპლოატაციის” წყალობით ჩნდება კაპიტალისტების ზედმეტი მოგება, მაგრამ არა ის ნორმალური კაპიტალისტური “ზედმეტი ღირებულება”, რასაც კაპიტალისტი ღებულობს მის მიერ ნაყიდი და ხელფასით დაკმაყოფილებული სამუშაო ძალის კანონიერი გამოყენებით.

22. რითი უნდა აიხსნას ის წინააღმდეგობა, რომ კაპიტალისტი ყველაფერში, რასაც იგი თავისი წარმოებისათვის ყიდულობს, იხდის სრულს ფასს, მაინც კიდევ ღებულობს წარმოებიდან “ზედმეტ ღირებულებას”?

“ღირებულება”, რაც სამუშაო ძალას, როგორც საქონელს, აქვს შრომის ბაზარზე მისი გამყიდველი-მუშისათვის და მყიდველი-კაპიტალისტისათვის, თითონ განისაზღვრება იმ საზოგადოებრივ-აუცილებელი შრომის რაოდენობით, რომელიც საჭიროა მოხმარებისათვის გამოსადეგი ასეთივე სამუშაო ძალის აღსადგენად (შეადარე კითხვა 13). მაგრამ მოხმარებითი ღირებულება (გამოსადეგობა), რომელიც ნამდვილად გამოყენებულ სამუშაო ძალას აქვს წარმოებაში მისი მომხმარებელი—კაპიტალისტისათვის, სრულიადაც არ არის იგივე, რაც გაცვლითი ღირებულება ამ სამუშაო ძალისა,—როგორც საქონლისა, შრომის ბაზარზე. სამუშაო ძალის მოხმარების საშუალებით წარმოებაში იქმნება ახალი ღირებულება; ეს ღირებულება მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტი პროდუქტია დამზადებული, ე. ი. რაც უფრო ინტენსიურად და მეტ ხანს ნაყოფიერად იხარჯებოდა სამუშაო ძალა. რადგანაც კაპიტალისტი წარმოების საშუალებათა (საწარმოო-დაწესებულებათა) მესაკუთრეა, ამიტომ მხოლოდ მას შეუძლიან მიითვისოს სამუშაო ძალის მოხმარების ნაყოფი; იგი სარგებლობს იმ პრივილეგიური მდგომარეობით საზოგადოებაში, რათა “ამოიგოს” მთელი განსხვავება (რომელსაც ჰქმნის სამუშაო ძალის ნაყოფიერი მოქმედება) ნედლი მასალის, სამუშაო ძალის და სხვ. ღირებულების, ერთის მხრით, და მზა პროდუქტის ღირებულების შორის, მეორეს მხრით. ასე იქნება “ზედმეტი ღირებულება”, რაც კაპიტალისტურ სიმდიდრეს ზრდის.

23. რაღაში მდგომარეობს დაქირავებული მუშის ჩაგვრა და ექსპლოატაცია კაპიტალისტურ წარმოებაში?

ყოველი წარმოებისათვის აუცილებელი (მოხმარებითი ღირებულების შესაქმნელად) “ადამიანის სამუშაო ძალა” თვით წარმოების პროცესის განმავლობაში ეკუთვნის უკვე არ ამის ბუნებრივ მატარებელ-მუშას, არამედ კაპიტალისტ-მწარმოებელს. უკანასკნელს შეუძლია გამოიყენოს იგი უფრო მეტ ხანს და უფრო ინტენსიურად, ვიდრე ეს საჭიროა წარმოების პროცესში მოხმარებულ ნედლი მასალისა და თვით სამუშაო ძალის აღსადგენად. ამის გამო, მაგ. 8 საათის სამუშაო დღის პირობებში შეიძლება, ოთხი საათის “აუცილებელი შრომის” გარდა, იყოს კიდევ ოთხი საათის “ზედმეტი შრომა”. ამ “ზედმეტი შრომით” შექმნილი “ზედმეტი პროდუქტი” შეიცავს “ზედმეტ ღირებუელბას”. მაშასადამე, ზედმეტი პროდუქტი და ზედმეტი ღირებულება მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტი “ზედმეტი შრომაა” დახარჯული, ე. ი. 1) რაც უფრო ხანგრძლივია საერთოდ სამუშაო დღე და რაც უფრო ინტენსიურია შრომა (“აბსოლიუტური ზედმეტი ღირებულება”); 2) სამუშაო დღის რაც უფრო ნაკლები დროა საჭირო ნაყოფიერად-მოხმარებულ სიმდიდრეთა აღსადგენად—ნედლი მასალის და სხვ. სამუშაო ძალის აღსადგენად (“შედარებით ზედმეტი ღირებულება).

მუშა იძულებულია, მის მიერ დადებული “თავისუფალი ხელშეკრულების” ძალით, მუქთად მისცეს ეს “ზედმეტი შრომა” იმ კაპიტალისტს, რომელციც მის სამუშაო ძალას თავის საწარმოო დაწესებულებაში იყენებს. ამაში მდგომარეობს მუშის “ექსპლოატაცია”. იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ზედმეტი შრომა გამოსწუროს “თავის მუშებს”, კაპიტალისტი თავის წარმოებაში მომუშავე ხალხს, მთელი სამუშაო დროის განმავლობაში, უმორჩილებს უმკაცრეს კაპიტალისტურ შრომის დისციპლინას. თუ მუშას სურს მუშობა, იგი იძულებულია—”თავისუფალი ხელშეკრულების” ძალით,—დაემორჩილოს კაპიტალისტ-მწარმოებლის განკარგულებას; ხოლო კაპიტალისტი აქ ხელმძღვანელობს მხოლოდ თავისი პირადი ინტერესებით და, ამის გამო, მუშაობის მთელი დროის განმავლობაში, მუშა მოკლებულია პირად თავისუფლებას. ამაში გამოიხატება მუშის “ჩაგვღა” (შეადარე კითხვა 8).

ნაწილი IV

ზედმეტი ღირებულების განაწილება კაპიტალისტურ საზოგადოებაში.

24. რატომ მოითხოვს ზედმეტი ღირებულების განწილების საკითხი განსაკუთრებულ განხილვას?

თუმცა ცალკე კაპიტალისტის სუბიექტური თვალსაზრისით კაპიტალისტური მეურნეობის მთელი დედა-აზრი იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალისტს შეეძლოს გამოაღებიოს მოგება თავის კერძო კაპიტალს, მაგრამ ობიექტურ-საზოგადოებრივი თვალსაზრისით იგი, მეურნეობა, ამავე დროს წარმოადგენს შრომის განაწილებაზე დამყარებულ მოხმარებითი ღირებულებების წარმოებას. ყველა პროდუქტი მზადდება საწარმოო დაწესებულებებში, რომელნიც იურიდიულად თითქოს ეკუთვნიან კერძო მესაკუთრეთა დიდსა თუ მცირე რიცხვს (კერძო მფლობელებს, კომპანიებს, სააქციო საზოგადოებებს და სხვ.), მაგრამ საზოგადოებრივ-ეკონომიური მხრით ისინი სავსებით დამოკიდებულნი არიან ერთმანეთისაგან. რომ ცალკე კაპიტალისტ-მწარმოებელთ შეძლება ჰქონდეთ განაგრძონ თავიანთი კაპიტალისტ გამოყენება, ისინი ყოველთვის უნდა გამოდიოდენ თავიანთი ბაზარზე, როგორც მყიდველნი და გამყიდველნი (ე. ი. მუდმივ უნდა ახდენდენ პროდუქტების გაცვლა-გამოცვლას). გარდა ამისა, ისინი ურთიერთზე მოქმედებენ, უწევენ რა ერთმანეთს კონკურენციას. ამგვარად, კაპიტალისტ-მწარმოებელნი ხშირად თავისი სურვილის წინააღმდეგ (ისე, რომ თითონაც არ იციან) იმყოფებიან ერთმანეთთან განსაზღვრულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში, რომელსაც ვერც ერთი ცალკე კაპიტალისტი ვერ აარიდებს თავს. წარმოების კაპიტალისტური წესის ამ საზოგადოებრივი ხასიათით არის გამოწვეული აგრეთვე ზედმეტი ღირებულების განაწილების საზოგადოებრივი ფორმა. აქამდე (ნაწილი III) ჩვენ სიმარტივისთვის დავუშვით, რომ ცალკე მწარმოებელს შეუძლია უმალვე უშუალოდ და სავსებით მიითვისოს თავისს საწარმოო დაწესებულებაში შექმნილი ზედმეტი ღირებულება, ასე რომ თვითეულ მწარმოებელს შეხვდება სწორედ იმდენი “მოგება”, რამდენი “ზედმეტი ღირებულებაც” შექმნილია მის დაწესებულებაში; მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა ცხადად გავარკვიოთ, რომ ასეთი დაშვება სწორედ ახასიათებს მხოლოდ ურთიერთობას კაპიტალისტების მთელ კლასსა (“ყველა კაპიტალისტები ერთად”) და მუშთა მთელ კლასსა (“ყველა მუშები ერთად”) შორის. ხოლო ის, თუ რა მონაწილეობას იღებს ყოველი ცალკე მწარმოებელი მთელ საზოგადოებრივ ზედმეტ ღირებულებაში, კაპიტალისტურ საზოგადოებაში დამოკიდებული არ არის იმაზე, რამდენ ზედმეტ ღირებულებას შექმნის საკუთრივ მისი საწარმოო დაწესებულება. და ამის გამო ზედმეტი ღირებულების განაწილებაში, გარდა კაპიტალისტ-მწარმოებლებისა საკუთრივ (საწარმოო დაწესებულების პატრონთა), მონაწილეობას იღებს აგრეთვე ყველა დანარჩენი წევრი კაპიტალისტთა კლასისა.

მაშასადამე, ცალკე კაპიტალისტების ადგილს, იმ კაპიტალისტებისა, რომელნიც წარმოების მატერიალურ საშუალებათა (საწარმოო დაწესებულებათა) კერძო მესაკუთრენი არიან და რომელნიც უშუალოდ ითვისებენ თვიანთ მუშების ზედმეტი შრომით შექმნილ ზედმეტ ღირებულებას, იჭერს კაპიტალისტთა მთელი კლასი (როგორც მფლობელი მთელი საზოგადოებრივი კაპიტალისა), რომელიც ითვისებს (უჩინრად!) მთელ საზოგადოებრივ ზედმეტ ღირებულებისა. ცალკე ნაწილები მთელი საზოგადოებრივი ზედმეტი ღირებულებისა, რომელიც იქმენბა მთელი ერთობილივი საზოგადოებრივი შრომით, ნაწილდება სხვადასხვა მოზიარეთა შორის სხვადასხვანაირად, და ამის შედეგად ხშირად ვხედავთ კაპიტალისტურ “მოგებას” ან რაიმე სხვა კაპიტალისტურ “შემოსავალს” სულ სხვა ადგილას და არა იმ საწარმოო დაწესებულების შემოსავალ-გასავლის წიგნში, სადაც იგი შექმნილია.

მაგალითი. რკინიგზის მუშათა ზედმეტი შრომით შექმნილი ზედმეტი ღირებულება ხშირად თავს იჩენს ხოლმე ქვანახშირისა და რკინის მწარმოებელთა მოგებაში. 

მარქსი ამბობს: “კაპიტალისტები (ნაგულისხმევია ყველა, ვინც კი კაპიტალისტთა კლასს ეკუთვნის) ერთმანეთში იყოფენ ზედმეტ ღირებულებას, როგორც მონაწილენი სააქციო საზოგადოებისა, იმის მიხედვით, თუ როგორია თვითეული მათგანის წვლილი (“ერთობლივ საზოგადოებრივ კაპიტალში”).

25. რა სახით იღებენ კაპიტალისტთა კლასის ცალკე წევრნი თავიანთ წვლილს საზოგადოებრივი ზედმეტი ღირებულების მთელი ჯამიდან?

“კაპიტალისტური შემოსავლის” სხვადასხვა სახით და, გარდა ამისა, ისეთი შრომის ანაზღაურების სახით, რომელიც მხოლოდ მოჩვენებითია (“არა ნაყოფიერი” მუშაობისა და სამსახურის დაჯილდოვება”).

26. როგორია კაპიტალისტური მოგების მთავარი ფორმები?

ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა არის საწარმოო მოგება, რომელიც ხვდებათ კაპიტალისტური საწარმოო დაწესებულების პატრონებს. მეორე ადგილი უჭირავს “პროცენტებს” და “მიწის რენტას”. “პროცენტს” იღებს ფულისაგან შემდგარი კაპიტალის მესაკუთრე, რომელიც ფულს სესხად აძლევს; ხოლო “მიწის რენტას”—იღებს ადგილმამულის პატრონი, რომელიც მას ქირით ან იჯარით აძლევს.

მაგალითი. ჩვენს მაგალითში მწარმოებელმა მთელი კაპიტალიდან (5,500,000 მარკა) თავისი საკუთარი ფული საქმეში ჩასდო მხოლოდ 500,000 მარკა, 3,000,000 მ. მან ისესხა და იმ ფულით იჯარით აიღო მიწა შენობებით (2,000,000 მ. ღირებულებისა). თავისი წლიური პროდუქტი (5,200,000 მ. ღირებულებისა) მან მიჰყიდა არა უშუალოდ მომხმარებელს, არამედ შუამავალს, რომელმაც მისცა მწარმოებელს 4,700,000 მ. მაშინ წლიური პროდუქტის გაყიდვით მიღებული ზედმეტი ის ნაწილი, რაც თვითღირებულებას აღემატება (2,000,000 მ.), იყოფა ოთხად: 300,000 მ. ეძლევა კრედიტორს, როგორც “საპროცენტო ფული” (10%-ის ანგარიშით), 200,000 მ.—მიწის მესაკუთრეს საიჯარო გადასახადის სახით (“მიწის რენტა”), 500,000 მ. მოგებაა (ბრუტო) შუამავლისა, და მხოლოდ დანარჩენი ნაწილი (1,000,000 მ.) შეადგენს “მწარმოებლის მოგებას”; ამ თანხას მწარმოებელი აკლებს კიდევ 50,000 მ., როგორც “საპროცენტო ფულს” თავისი “საკუთარი კაპიტალისას” (500,000 მ.), რაც მან საქმეში ჩასდო. (ამის შესახებ შეადარე კითხვა 16).

27. რა სახით იღებენ თავიანთ წვლილს მთელი საზოგადოებრივი ზედმეტი ღირებულებიდან კაპიტალისტთა კლასის ის ელემენტები, რომელნიც არავითარი სახით არ მონაწილეობენ “კაპიტალისტურ მოგებაში”.

კაპიტალისტურ საზოგადოებაში, გარდა იმ პირთა, ვინც კაპიტალისტურ მოგებას იღებს (შეადარე კითხვა 26), მონაწილეობენ აგრეთვე ის ელემენტებიც, რომელნიც არ ასრულებენ არავითარ “ნაყოფიერ” მუშაობას (“მეფე, ეპისკოპოსი, პროფესორი, პროსტიტუტკა, გენერალი და სხვ.”). ეს ჯგუფები ისეთ მოქმედებას აწარმოებენ, რომელიც შეიძლება გადამეტებულ ძალ-ღონეს მოითხოვდეს და რომელიც განსაზღვრულ პირობებში აუცილებელი ან სასარგებლოც იყოს ადამიანთა საზოგადოების დაცვისა და შემდეგი განვითარებისათვის; მაგრამ ამ მოქმედებას არ შეიძლება ეწოდოს ნაყოფიერი შრომა (ე. ი. ისეთი შრომა, რომელიც  ჰქმნის სამეურნეო ღირებულებას) ამ სიტყვის ეკონომიური აზრით. მაშასადამე, ისინი სცხოვრობენ “მწარმოებელ” მუშათა ზედმეტი შრომით შექმნილი “ზედმეტი ღირებულების” ხარჯზე.

ის ფორმები, რომელშიაც ხორციელდება საზოგადოების ამ ელემენტების მონაწილეობა ზედმეტ ღირებულებაში, მეტად მრავალნაირია.

მაგალითი. ფინანსისტები, მიწათმფლობელნი, მწარმოებელნი თავიანთ მოგებიდან აძლევენ სახელმწიფოს გადასახადს; თავიანთ სამუშაო ქირიდან მუშებიც იხდიან პირდაპირსა და არაპირდაპირს გადასახადს. კაპიტალისტები, მუშები, მოსამსახურენი თავიანთი შემოსავლით ინახავენ მრავალ არანაყოფიერ მუშაობასა და თანამდებობას (ხუცესს, პროფესორს და სხვ.).

28. როგორი ურთიერთობაა ცალკე მწარმოებელთა შორის კაპიტალისტური მეურნეობის შიგნით?

ეს ურთიერთობა ორგვარია. შრომის განაწილებაზე დამყარებულ კაპიტალისტურ გაცვლით მეურნეობაში ყოველი ცალკე მწარმოებელი იძულებულია ერთსა და იმავე დროს გამოვიდეს პირდაპირ და არაპირდაპირ: როგორც მყიდველი სხვა მრავალ საწარმოო დაწესებულების პროდუქტებისა და როგორც გამყიდველი თავისი საკუთარი საქონლისა. არავის არ შეუძლია პროდუქტების წარმოება, თუ იგი არ იყიდის ნედლ მასალას, მაშინებს და აგრეთვე სანოვაგეს (მუშათა სამუშაო ქირის სახით) და სხვ. არავის არ შეუძლია მოახდინოს თავისი მოგების რეალიზაცია (ე. ი. აქციოს იგი ფულად), თუ არ გაჰყიდის საკუთარ პროდუქტს საქონლის სახით. ამგვარად, ერთის მხრით ინტერესები მწარმოებელთა, რომელთაც ურთიერთის აღებ-მიცემობა აქვთ, ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, რადგან თვითეული მწარმოებელი მოწადინებულია რაც შეიძლება იაფად შეიძინოს მეორისაგან მისი საქონელი და რაც შეიძლება ძვირად მიჰყიდოს მას თავისი. მაგრამ, მეორეს მხრით, ისინი დახმარებას უწევენ ერთმანეთს: არც ერთ მათგანს არ შუძლია რეალიზაცია თავისი მოგებისა, თუ იმავე დროს იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ არ დაეხმარება ყველა სხვას მათი მოგების რეალიზაციაში, რადგან ყოველი ცალკე საწარმოო დაწესებულების “წარმოების კაპიტალისტური ხარჯები” აუცილებლად ნაწილობრივ შეიცავენ მრავალ სხვა საწარმოო დაწესებულების მოგებას.

ასევე მძაფრად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს კონკურენციაზე დამყარებულ კაპიტალისტურ მეურნეობაში ინტერესები იმ ცალკე მწარმოებელთა, რომელნიც ერთსა და იმავე საქონელს ჰქმნიან; ყოველი მათგანი ცდილობს სხვაზე იაფად გაჰყიდოს თავისი საქონელი. მაგრამ სწორედ ამით ისინი არაპირდაპირ საერთო ინტერესებს ემსახურებიან: ადიდებენ რა შრომის ნაყოფიერებას ტეხნიკურ და ორგანიზაციულ გაუმჯობესებათა საშუალებით, ისინი ამცირებენ “ღირებულებას” ყოველი საქონლისას, სხვათა შორის, ღირებულებას “სამუშაო ძალისაც”, როგორც საქონლისა; ხოლო ამ გზით ისინი იწვევენ “შედარებითი ზედმეტი ღირებულების” გადიდებას (შეადარე კითხვა 23).

29. როგორი ურთიერთობაა კაპიტალისტ-მწარმოებლებსა და კაპიტალისტური საზოგადოების სხვა ელემენტებს შორის?

ეს ურთიერთობაც ორნაირია. ერთის მხრით, მწარმოებელთა მონაწილეობა მთელ ზედმეტ ღირებულებაში მცირდება იმ თანხების გამო, რომელსაც იღებენ კაპიტალისტური საზოგადოების სხვა ელემენტები პროცენტისა და მიწის რენტის და სხვა სახით. ამ ნიადაგზე ზოგიერთ პირობებში იბადება ერთგვარი წინააღმდეგობა სხვადასხვა კაპიტალისტურ ჯგუფს შორის (მაგ. საფინანსო და სამრეწველო კაპიტალებს შორის). გამოდის, თითქოს იმ კაპიტალისტების წყალობით, რომელნიც უშუალოდ წარმოებაში არიან ჩაბმულნი, სხვებმა “ხელი უნდა მოითბონ.” მაგრამ, მეორეს მხრით, “მრეწველთა” მიერ მათი განსაკუთრებული ფუნქციების “წარმატებით” შესრულება კაპიტალისტთა მთელი კლასის ინტერესებისათვის (ე. ი. სამუშაო ძლის მოხმარება ზედმეტი ღირებულების შესაქმნელად), სავსებით დამოკიდებულია კაპიტალისტური საზოგადოების ყველა დანარჩენი ელემენტის (ვაჭარი და ფინანსისტი, მეფე, ხუცესი, პროფესორი და სხვ.) პარალელური მოქმედებისაგან. ამიტომ სწორი იქნება შემდეგი თვალსაზრისი ზემო აღნიშნული ჯგუფების დამოკიდებულებათა საერთო ხასიათის შესახებ: წარმოების ნამდვილი საშუალებანი, რომელთა განსაკუთრებულ მფლობელობაზედაც, ბოლოს და ბოლოს, დამყარებულია საზოგადოების ყველა კაპიტალისტური ელემენტების მთელი ძლიერება და შემოსავალი, ფაქტიურად სრულებითაც არ არის განაწილებული ცალკე “კაპიტალისტთა” შორის ისე, რომ ყოველი მათგანი ცალკე ფლობდეს და სარგებლობდეს მარტოოდენ თავისთვის წარმოების ნამდვილ საშუალებათა განსაზღვრული ნაწილით. პირიქით, წარმოების საშუალებათა მთელი ჯამი შეადგენს საერთო საკუთრებას კაპიტალისტთა კლასის ყველა წევრისას, რომელნიც, “შრომის განაწილების” დროს, სხვადასხვა სახით ხელს უწყობენ კაპიტალისტური მეურნეობის და საზოგადოების დაცვასა და განვითარებას. მაშასადამე, ერთნაირი საბუთით შეიძლება ითქვას, როგორც: “კაპიტალისტები ფლობენ წარმოების საშუალებებს და ამიტომ მათ შეძლება აქვთ მიითვისონ ზედმეტი ღირებულებაო”, ისე წინააღდეგი: “კაპიტალისტებს შეძლება აქვთ მოითხოვონ ზედმეტი ღირებულება და ამიტომ ფლობენ ისინი წარმოების საშუალებებსაო”. მარქსი ამბობს: “კაპიტალისტობა ნიშნავს—გეჭიროს წარმოებაში არა მარტო პირადი, არამედ ერთგვარი საზოგადოებრივი მდგომარეობაც”. (“კომუნისტური მანიფესტი”, გვ. 38).

მაგალითი. შეადარე კაპიტალისტი-”მწარმოებელი” სამხედრო წინამძღოლს “მოწინავე ხაზზე”, სადაც “ადამიანთა მსხვერპლი” ანაზღაურდება “სივრცის მოგებით”, ან და შეადარე საქაჩავს, რომელიც ამოღებულ წყალს თავისთვის კი არ იტოვებს, არამედ აწვდის მახლობლად მდებარე სხვადასხვა ზომის აუზს.

30. როგორი ურთიერთობა არსებობს ცალკე კაპიტალისტის კერძო ინტერესებსა და მთელი საზოგადოების ინტერესებს შორის?

ეს ურთიერთობაც ორგვარია. მაშინ, როდესაც ყოველ კაპიტალისტს მხედველობაში აქვს თავისი კერძო ინტერესი, კაპიტალისტები ყველანი ერთად რამდენიმე ასრულებენ განსაზღვრულ საზოგადოებრივ ფუნქციას: ამზადებენ ისეთ საქონელს, რომელზედაც მოთხოვნილებაა და ამით საზოგადოებრივ საჭიროებას აკმაყოფილებენ; თავიანთ საქონელში აღებული ფულის დიდ ნაწილს ახმარებენ წინანდელი სამრეწველო კაპიტალის აღდგენასა და ახალის შექმნას, და ამით, საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ხელს უწყობენ მთელი საზოგადოებრივი კაპიტალის “აღდგენასაც” და “დაგროვებასაც”, სცდილობენ უფრო კარგი და იაფი საქონლის მიწოდებით დაამარცხონ თავიანთ კონკურენტები და ამით ტეხნიკური და ორგანიზაციული გაუმჯობესებანი შეაქვთ წარმოებაში და ხელს უწყობენ საზოგადოებრივი შრომის ნაყოფიერების უფრო გადიდებას (შეადარე კითხვა 28).

მაგრამ ცალკე კაპიტალისტს კერძო ინტერესები და მთელი საზოგადოების ინტერესები შეიძლება ეთანაბრებოდენ ერთმანეთს მხოლოდ განსაზღვრულ ფარგლამდე. საკონკურენციო ბრძოლას კაპიტალისტურ მეურნეობაში, რომელიც დამყარებულია მოგების შეძენაზე, ცალკე კაპიტალისტი ეწევა არა იმიტომ, რომ წარმოების არსებულ საშუალებათა და მუშა ძალის ერთდროული მოხმარებით დაამზადოს რაც შეიძლება მეტი სასარგებლო საგნები. სრულიადაც არა: ბრძოლა სწარმოებს იმისთვის, თუ მთელი საზოგადოების ერთიანი შემოსავლის განაწილების დროს—კაპიტალისტს თავის პირად პაიზე დაგროვილი ფულის რა ნაწილი ერგება. ცალკე კაპიტალისტი დაინტერესებულია იმაში, რომ რაც შეიძლება მომგებიან საქმეში ჩასდოს თავისი საკუთარი კაპიტალი, ხოლო საზოგადოებაში—იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლიანობით გამოიყენოს წარმოების ყველა არსებული საშუალება და სამუშაო ძალა. მაგრამ როცა ამ ინტერესების შეთანხმება შეუძლებელია, მაშინ წარმოების კაპიტალისტური წესი და საზოგადოებრივი წყობილება შემაფერხებელნი ხდებიან სამურნეო და საზოგადოებრივი პროგრესისა და არა მისი აღმძვრელნი და წინ წამწევნი, როგორც მანამდე იყო. ეს წესი და წყობილება ხელს უშლიან წარმოების არსებულ საშუალებებისა და სამუშაო ძალის მოხმარებას შესაძლებელი ნაყოფიერებით და ამით აბრკოლებენ საზოგადოებრივი შრომის ნაყოფიერების ზრდას.

ეს წინააღმდეგობა ორ ინტერესს შორის: კერძოსი—მოგებისადმი და საზოგადოსი—ნაყოფიერებისადმი განსაკუთრებული სიცხადით იჩენს ხოლმე თავს “კაპიტალი”-სა და “ღირებულების” ცნებათა ორ აზროვნებაში. ცალ-ცალკე კაპიტალისტის თვალსაზრისით “კაპიტალს” წარმოადგენს არა მარტო ნამდვილი “საშუალებანი წარმოებისა”, რომელთა შმწეობითაც შეიძლება ღირებულებათა შექმნა (შეადარე კითხვა 7), არამედ ყოველი საკუთრებაც, რომელიც შეძლებას აძლევს მას მიითვისოს მთელი საზოგადოებრივი შემოსავლის განსაზღვრული ნაწილი, მაგალითად: ფასიან ქაღალდებში ჩადებული თანხა, სამხედრო სესხის ობლიგაცია, ბუნებრივი ან ხელოვნური მონოპოლიის ექსპლოატაციის უფლება (გზებისა და ხიდების ბაჟი, ბუნებრივი და ხელოვნური გზები წყალზე, რკინისგზა). პირიქით, მარქსიზმის შეხედულებით, ყველა ამგვარი საკუთრება წარმოადგენს მხოლოდ “ფიქტიურ” (არა რეალურ, არა ნამდვილ) კაპიტალს, რადგანაც საზოგადოებრივი თვალსაზრისით მხოლოდ “წარმოების” ნამდვილი “საშუალებანი” შეიძლება ჩაითვალოს “რეალურ” კაპიტალად. 

იმავე მიზეზებით საქონლის ფასი კაპიტალისტურ საზოგადოებაში არ ეთანაბრება მის ღირებულებას (იხ. კითხვა 12). საქონლის კაპიტალისტურ “ფასში” იხატება არა მარტო მისი “რეალური ღირებულება” (მასში განხორციელებული საზოგადოებრივი შრომა), არამედ “ფიქტიური ღირებულებაც”, რომელსაც აკუთვნებენ საქონელს იმიტომ, რომ ეს მოგებას აძლევს მის მფლობებლს მთელი საზოგადოებრივი შემოსავლის განაწილების დროს. მაგალითად, დაუმუშავებელ მიწას ან რაიმე ფიქტიურ კაპიტალში მონაწილეობის უფლებას საზოგადოებრივი თვალსაზრისით არა აქვს არავითარი რეალური “ღირებულება”, ხოლო კაპიტალისტურ საზოგადოებაში ასეთი რამ მათი მფლობელისთვის მომგებიან საკუთრებას წარმოადგენს. 

ნაწილი V

კომუნიზმის განხორციელება

31. რაზეა დამყარებული კომუნისტების რწმენა, რომ კაპიტალისტური მეურნეობა და საზოგადოებრივი წყობილება აუცილებლად დაიღუპება?

ისტორიის ფაქტებზე. ისტორიული განვითარების მსვლელობა, განსაკუთრებით უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში, ამტკიცებს, რომ: 1) უკვე აღნიშნული (კითხვები 28-30) შინაგანი წინააღმდეგობანი და ორმაგობა კაპიტალისტური სამეურნეო და საზოგადოებრივი წყობილებისა დროთა განმავლობაშაი არა თუ არ სუსტდება, არამედ, პირიქით, უფრო მწვავდება და 2) წინააღმდეგობა კაპიტალისტ-ექსპლოატატორთა კლასსა და ექსპლოატაციის საგნად გამხდარ დაქირავებულ მუშათა კლასს შორის (კითხვები 2-8) აგრეთვე უფრო და უფრო მწვავდება.

საბუთები:

ა) სამეურნეო კრიზისები, რომლებიც პერიოდულად მეორდება კაპიტალისტურ საზოგადოებაში დღიდან მისი წარმოშობისა;

ბ) გაუმაძღარი მისწრაფება ყველა კაპიტალისტური სახელმწიფოსი ახალი გასასაღებელი ბაზრების მოსაპოვებლად;

გ) აქედან გამომდინარე და მსოფლიო ბაზრების სრული დაყოფის შემდეგ (მე-1900 წლებში) უკიდურესად გამწვავებული წინააღმდეგობა კაპიტალისტურ სახელმწიფოთა ინტერესებისა (დაახლოებით 1900 წ.), ყველა მისი შედეგით: მილიტარიზმით, იმპერიალიზმით, ნაციონალური ომებით და მსოფლიო ხოცვა-ჟლეტით;

დ) ნაციონალური და ინტერნაციონალური მასშტაბით პროლეტარიატის კლასიური ორგანიზაცია, რომელიც სწრაფლ ვითარდება.

(დაწვრილებით ამის შესახებ იხ. “კომ. მანიფესტი”, ლენინისა და რ. ლიუქსემბურგის თხზულებანი).

32. არსებობენ თუ არა წმინდა ეკონომიური მიზეზები, რომელთაც ობიექტური აუცილებლობით უნდა გამოიწვიონ კაპიტალისტური მეურნეობისა და საზოგადოებრივი წყობილების დამსხვრევა?

წარმოების კაპიტალისტური წესი რომ მთელ მსოფლიო მეურნეობაზე გავრცელდეს, ისე რომ, ბოლოს და ბოლოს, მთელ ქვეყნიერებაზე დარჩნენ მხოლოდ კაპიტალისტები და დაქირავებული მუშები, მაშინ, ეჭვს გარეშეა, დადგება მომენტი, როდესაც ეს მეურნეობა ვეღარ შესძლებს მოქმედებას წმინდა ეკონომიური მიზეზების გამო. მარტო მოახლოვებაც კი ასეთი მდგომარეობისა იმდენად გაამწვავებს წინააღმდეგობას ცალკე კაპიტალისტის ინტერესებსა და მთელი საზოგადოების ინტერესებს შორის (იხ. კითხვა 30), რომ წარმოების კაპიტალისტური წესი ვეღარ შესძლებს თავისი საზოგადოებრივი ფუნქციების გაგრძელებას.

ზედმეტი ღირებულების თანდათანი ზრდა, მეცადინეობა მისი უზომოდ გადიდებისთვის წარმოადგენს მთელი კაპიტალისტური წარმოების შინაგან მამოძრავებელ იმპულსს; ხოლო მისწრაფება იქითკენ, რომ ამ ზედმეტი ღირებულებიდან რაც შეიძლება მეტი წილი იქნას მიღებული, ის ძალაა, რომელიც ცალკე კაპიტალისტს ამოქმედებს. ამიტომ ცალკე კაპიტალისტები ისწრაფვიან შექმნან კაპიტალისტური საზოგადოების დაცვისა და განვითარებისათვის საჭირო მოხმარებითი სიმდიდრე და ისწრაფვიან ამისთვის უმთავრესად იმ მიზნით, რომ გაადიდონ და გაზარდონ თვიანთი კაპიტალი. მაგრამ წარმოების კაპიტალისტური წესის შემდგომი არსებობისათვის საჭიროა არა მარტო ის, რომ განუწყვეტლივ იქმნებოდეს საზოგადოებრივი “ზედმეტი პროდუქტი”, არამედ ისიც, რომ ცალკე კაპიტალისტს შეეძლოს გასაღება ამ პროდუქტის, როგორც საქონლისა. მხოლოდ მაშინ შეეძლებათ კაპიტალისტ-მწარმოებელთ მოახდინონ თავიანთ სასარგებლოდ (“მოგების” სახით) ზედმეტ პროდუქტში მოთავსებული “ზედმეტი ღირებულების” რეალიზაცია (აქციონ ფულად). მხოლოდ მაშინ შესძლებენ ისინი აღადგინონ და გაადიდონ თავიანთი კაპიტალი და, მაშასადამე, განაგრძონ წარმოება იმავე ან მეტი მასშტაბით. მაგრამ მოგების რეალიზაცია ზედმეტი პროდუქტის (როგორც საქონლის) გასაღების საშუალებით კაპიტალისტურ ბაზარზე მით უფრო ძნელდება, რაც უფრო იძულებულნი ხდებიან კაპიტალისტები გაჰყიდონ საკუთარი საქონელი ერთმანეთში ან თავიანთ მიერ დაქირავებულ მუშებში. მარტო მოახლოვებაც კი ასეთი მდგომარეობისა, ფულიან მყიდველთა ნაკლებობის გამო, “ზედმეტი პროდუქტების” სიჭარბეს ქრონიკულ მოვლენად გადააქცევს; შესწყდება აღდგენა და კონცენტრაცია ცალკე კაპიტალისტებისა და, დასასრულ, სრულიად შეუძლებელი გახდება კაპიტალისტური ფორმით პროდუქტთა შექმნა. 

მაგალითი. “იგავი წყლის აუზის შესახებ”—ბელლამისა.

მაგრამ თანამედროვე კაცობრიობა ჯერ კიდევ შორის არის ისეთი მდგომარეობიდან, როცა მასში მარტოოდენ კაპიტალისტები და დაქირავებული მუშები იქნებიან. კაპიტალიზმს აქვს მხოლოდ ტენდენცია გარდაქმნას მთელი ქვეყნიერება “მსგავსად და ხატად თვისად”. მაგრამ ამ ტენდენციის განხორციელება მსოფლიო მასშტაბით შეიძლება მხოლოდ მეტად შორეულ მომავალში (უფრო დაწვრილებით იხ. “კომ. მან.” გვ. 24-26, 34-35 და როზა ლიუქსემბურგის ნაწერებში).

33. არსებობენ თუ არა რაიმე სხვა საზოგადოებრივი ძალები, რომელთაც შეუძლიანთ კაპიტალისტური სამეურნეო და საზოგადოებრივი წყობილების დამხობა და კომუნიზმის განხორციელება?

პროლეტარიატის კლასიური ბრძოლით (ყოველგვარ ფორმაში), არსებული სამეურნეო და საზოგადოებრივი წყობილების დამხობით და პროლეტარიატის დიქტატურით შეიძლება დაიწყოს კომუნიზმის განხორციელება, თუ საზოგადოების საწარმოო ძალები განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწევენ, როდესაც კომუნისტური სამეურნეო და საზოგადოებრივი წყობილება ეკონომიურად შესაძლებელი გახდება. ასეთი მდგომარეობა დგება არა მარტო მაშინ, როდესაც წმინდა ეკონომიური მიზეზების გამო (იხ. კითხვა 32) კაპიტალისტური საზოგადოებრივი წყობილების შემდგომი არსებობა სრულიად შეუძლებელი ხდება, არამედ მაშინაც, როდესაც კაპიტალისტური საზოგადოებრივი წყობილება, განსაკუთრებით კაპიტალისტური კერძო საკუთრება, წინ ეღობება საზოგადოების საწარმოო ძალთა შემდგომ განვითარებას. ამ მდოგმარეობას (საზოგადოების “ეკონომიურად საკმაო სიმწიფეს” წარმოადგენს კომუნისტურ წესზე გადასვლისათვის) ჩვენ უკვე კარგა ხანია მივაღწიეთ. კომუნიზმის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ პროლეტარიატის დარაზმვა და მისი სოციალურ და პოლიტიკურ კლასად გარდაქმნა. დამტკიცება იმის, რომ პროლეტარიატმა ნამდვილად მიაღწია საამისო “ორგანიზაციულ და იდეოლოგიურ სიმწიფეს”, მას შეუძლია მხოლოდ უშუალო, რევოლიუციური მოქმედებით (შეადარე “კომ. მანიფესტს”, გვ. 26-35).

34. შესაძლებელია თუ არა კაპიტალისტური მეურნეობის ორგანიზაციის გაუმჯობესებით და საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეფორმებით კაპიტალისტური სისტემის ნაკლთა და წინააღმდეგობათა შემსუბუქება ან თავიდან აცილება?

ყოველგვარ ცდას იმისთვის, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში გაუმჯობესებულ იქნას წარმოებისა და განაწილების კაპიტალისტური წესის ორგანიზაცია (კარტელები, სინდიკატები, ტრესტები, სახელმწიფოებრივი კაპიტალიზმი, ამხანაგობები და სხვ.) და შემოღებულ იქნას სოციალ-პოლიტიკური რეფორმები, წინ ეღობება ერთი გადაუვალი დაბრკოლება: მოგებისა და გამდიდრების წყურვილი კაპიტალისტის მხრით. რაიმე გაუმჯობესებისა და რეფორმის განხორციელება მოსახერხებელია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს გაუმჯობესება და რეფორმა სერიოზულ დაბრკოლებას არ გაუწევენ გამდიდრების საქმეს, რომელზედაც, ბოლოს და ბოლოს, დამყარებულია მთელი კაპიტალისტური საზოგადოების მოქმედება. მაშასადამე, მათ შეუძლიათ შესცვალონ მხოლოდ ფორმები, რომლებშიაც მიმდინარეობს კონკურენცია კერძო მესაკუთრე-კაპიტალისტებისა, კონკურენცია წარმოებული იმისათვის, რომ თვითეულმა მათგანმა ხელში ჩაიგდოს რაც შეიძლება მეტი წილი მუშათა კლასის ექსპლოატაციით მიღებულ შემოსავლისა. მაგრამ ვერავითარი რეფორმა ვერასოდეს ვერ აღმოფხვრის თვით კონკურენციას და ვერ მოსპობს წინააღმდეგობას კაპიტალისტთა და პროლეტარიატის კლასებს შორის (საუკეთესო წარმოდგენას ამ ურთიერთობის შესახებ გვაძლევს რ. ლიუქსემბურგი თავის წიგნში: “სოციალური რეფორმა ან რევოლიუცია”).

35. შესაძლებელია თუ არა კაპიტალისტურ-საზოგადოებრივი წყობილებიდან კომუნისტურზე გადასვლა თანდათანობით, კლასიური ბრძოლის, რევოლიუციისა და დიქტატურის გარეშე?

ისტორია გვასწავლის, რომ დღემდე არც ერთ გაბატონებულ და პრივილეგიით მოსილ კლასს ნებაყოფლობით უარი არ უთქვამს ხელისუფლებაზე. შეუძლებლობა ასეთი ნებაყოფლობითი უარისა გამომდინარეობს აგრეთვე ისტორიის მატერიალისტური გაგებიდან, რომლის თანახმადაც ადამიანთა შეგნება (იდეა, კეთილი ნება, შეხედულება) კი არ ჰქმნის მათ საზოგადოებრივ ყოფნას, არამედ, პირიქით, ეს საზოგადოებრივი ყოფნა ჰქმნის მათ შეგნებას (იხ. კითხვა 6). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის საშუალებანი, რომლითაც სწარმოებს კლასიური ბრძოლა კომუნიზმის განსახორციელებლად (ესე იგი კლასიური ბრძოლის ტაქტიკა), არ არის ისეთი რამ, რაც ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ წესად უნდა ჩაითვალოს. ეს საშუალებანი, ეს ტაქტიკა უარღრესად შეფარდებული უნდა იყოს მრავალ ქვეყანაში და სხვადასხვა ეპოქაში (უფრო დაწვრილებით ამის შესახებ იხ. ლენინის ყველა თხზულებასა და სიტყვაში).

36. შეიძლება თუ არა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეხლანდელი კლასთა ბრძოლა პროლეტარიატის გამარჯვებით დასრულდება?

მარქსის მოძღვრებით, კლასიური ბრძოლა წინანდელ საზოგადოებათა ისტორიაში “ყოველთვის გათავებულა მთელი საზოგადოების რევოლიუციონური გარდაქმნით ან მებრძოლი კლასების ერთად დაღუპვით. (შეადარე “კომუნისტ. მან.”, გვ. 18).

37. მაშ რას უნდა აკეთებდეს კომუნიზმის განსახორციელებლად ყოველი მუშა და კომუნისტი, რომელსაც “მთელი ისტორიული პროცესის მსვლელობა თეორიულად შეუგნია?”

მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ყოველგვარ კლასიურ ბრძოლაში და, განსაკუთრებით, თავისი ქვეყნის კომუნისტური პარტიის მუშაობაში იმისთვის, რომ გახდეს წევრი იმ “კომუნისტური ინტერნაციონალისა”, რომელიც მთელ ქვეყანას ედება. კომუნისტური ინტერნაციონალი საქმით ეწევა ბრძოლას კომუნიზმის განსახორციელებლად და ამ მიზნით რაზმავს მთელი დედამიწის პროლეტარიატს.

-

ტექსტი ინგლისურად შეგიძლიათ იხილოთ აქ. ორიგინალი თარგმანის ტრანსკრიპცია შეასრულა ჟერმინალმა.

Comments