რატომ ვარ კომუნისტი - იოჰან მოსტი (1892)

იოჰან მოსტის კარიკატურა Harper's Weekly-დან

ცნობილი გერმანელი ანარქისტი კომუნისტი იოჰან მოსტი მოკლედ ხსნის კომუნისტური პოზიციის ძირითად პუნქტებს: არსებული წარმოების წესის განვითარებას, რომელიც გარდაუვალ, ძალადობრივ რევოლუციამდე მიდის, რევოლუციამდე, რომლის აუცილებელი მიზნებიც იქნება სახელმწიფოსა და კერძო საკუთრების მოსპობა.

Author
Submitted by Germinal on March 20, 2026

თანამედროვე ინდუსტრიული წარმოების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებლებია შრომის ძალების და წარმოების საშუალებების მზარდი ორგანიზაცია. შედეგად, საქონლის მზარდი რაოდენობა ნაკლები “ხელით” იწარმოება. აქედან შეიძლება გამომდინარეობდეს, რომ ადამიანს ნაკლები ფიზიკური დატვირთვით უნდა შეეძლოს ყველა ინტელექტუალური და ფიზიკური საჭიროების დაკმაყოფილება. თუმცა მსგავს შედეგს ვერ ვხედავთ. საპირისპიროდ, ყველანაირი პროგრესი წარმოების პროცესის გაადვილების მიმართულებით ამცირებს დასაქმებულ მშრომელთა რაოდენობას და უმუშევრებს აიძულებს გააძლიერონ ერთმანეთის წინააღმდეგ კონკურენცია. შედეგად, ანაზღაურების რაოდენობა, რომელსაც მწარმოებელს კაპიტალიზმი ართმევს, იზრდება; ხელფასი მიდრეკილია შემცირდეს მინიმუმამდე, რომელიც შეესაბამება უმცირეს აუცილებელ სტანდარტს, რომლის გარეშეც ადამიანი შიმშილით მოკვდებოდა. შესაბამისად, არსებულ წესრიგში, ერთი მხრივ, უზარმაზარი სიმდიდრე გროვდება კაპიტალისტების ხელში, რომლებიც განგრძობითად მცირდებიან და ცენტრალიზდებიან, მეორე მხრივ, დარჩენილი ხალხის მასა ღატაკდება. რაც უფრო მძიმდება მდგომარეობა ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება – ამგვარად, ეს წესრიგი თვითონვე ქმნის საკუთარი თავის საპირისპიროდ ძლიერ წინააღმდეგობას.

ეს შეუსაბამობა არაა გამოწვეული შემთხვევითობით, ის კერძო საკუთრების ბუნებრივ შედეგს წარმოადგენს.

წარმოშობიდანვე კერძო საკუთრებამ ღარიბები დამოკიდებული გახადა მდიდრებზე. დამოკიდებულება ნიშნავს თავისუფლების საპირისპიროს, რაც ცნობილია, როგორც მონობა, ყმობა და დაქირავებული შრომა – ეს უკანასკნელი მათ შორის ყველაზე აუტანელია, რადგანაც ის არა პროდუქტების ნაკლებობით, არამედ სიმდიდრის მუდმივად მზარდი სიუხვის გამონაზარდია, რაც ჩვენს ცივილიზაციას მთლიანად საეჭვო დაწესებულებად აქცევს.

მოვლენათა ამ მიმდინარეობის აბსურდულობა მალე ცხადი გახდება, როცა თვალწინ შემდეგი სურათი დაგვიდგება – მცირე რაოდენობა გიგანტურ მესაკუთრეთა, რომელთა საქონლის შეძენა თითქმის შეუძლებელია, რამდენადაც მასების მსყიდველუნარიანობა შეზღუდულია; ისინი, ვინც წარმოების პროცესშია ჩართული და თავი ძლივს გააქვს; და საბოლოოდ, ხალხის მასა, რომელსაც სურს და შეუძლია მუშაობა, მაგრამ ვერ ყიდის საკუთარ შრომას და საზოგადოების ნაძირლად არსებობს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ ვუახლოვდებით დროს, როცა საზოგადოება არა ნაკლებობით, არამედ სიუხვით იმდენად გასაცოდავდება, რომ გაბანკროტდება ინტელექტუალურად, მორალურად და ყველა სხვა გზით. ამ დროს შეკითხვა – “რა უნდა გაკეთდეს?” – არამარტო დაისმება, არამედ ამ კითხვს დამსმელები ჯეროვან პასუხსაც მოითხოვენ. კაცობრიობამ, როგორც სახეობამ, რომელიც საკუთარ განადგურებას არ შეეგუება, უნდა მოძებნოს ახალი სისტემა, რომელსაც ძალაში დაუყოვნებლივ მოიყვანს. ეს ახალი სისტემა ვერ შედგება უკვე მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების დათმობით, არამედ მათი მოხმარებით საერთო კეთილდღეობისთვის. ადგილი ვერ ექნება რეგრესს ან არაორგანზებულ ინდივიდუალურ წარმოებასთან დაბრუნებას; საპირწონედ, ორგანიზებული შრომით გამართული წარმოების საშუალებები, რომლებსაც ახლა კერძო მესაკუთრეები ფლობენ მშრომელი მასების გაძარცვის მიზნით, საზოგადოების მფლობელობაში გადავა. ეს გადასვლა ნიშნავს კერძო საკუთრების განადგურებას და სიმდიდრის კოლექტივიზმის, კომუნიზმის, დამყარებას.

რამდენადაც წარსულის და აწმყოს მოვლენებზე დაკვირვებით ვხედავ ასეთი ეკონომიკური განვითარების აუცილებლობას, მე ვარ კომუნისტი.

კომუნიზმის რეალურ მნიშვნელობაზე არაერთი არასწორი წარმოდგენა არსებობს. ვიღაცების აზრით კომუნიზმი ერთგვარი უტოპიაა, სხვები ფიქრობენ, რომ ეს სახელმწიფოს ყოვლისმომცველი, ყველაფრის მომგვარებელი მანქანაა. და მაინც, არც ერთი და არც მეორე აუცილებლად არ არის დაკავშირებული კომუნიზმის იდეასთან.

თანამედროვე კომუნისტები არ ფიქრობენ ისეთ უტოპიებზე, როგორებსაც ყველა იდეალისტი წარმოიდგენდა თომას მორიდან ედვარდ ბელამიმდე; ისინი არც იმას გვთავაზობენ, რომ წინასწარ ჩამოაყალიბონ მომავლის ადამიანების ქცევის ფორმა. თანამედროვე კომუნისტები კმაყოფილდებიან იმით, რომ აცხადებენ სიმდიდრის საერთო ფლობის პრინციპებს და ეკონომიკურ ფილოსოფიური მტკიცებულებებს, რომ კაცობრიობა, თუ სხვა გზით განვითარდა, ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწევს.

და რაც შეეხება სახელმწიფოს, მეცნიერულად განათლებული კომუნისტი ვერ ხვდება თუ რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ დაწესებულებას კომუნიზმთან.

ყველა მეცნიერულმა კვლევამ ისტორიის დარგში აჩვენა, რომ სახელმწიფო მისი ყველა ნაცნობი ფორმით კერძო საკუთრებიდან მომდინარეობს, როგორც მოცემულ პირობებში მისი დაცვის საშუალება. როგორ შეიძლება რაიმესგან, რისი დანიშნულებაც კერძო საკუთრების შენახვაა, ველოდეთ რომ კერძო საკუთრების სრულიად საწინააღმდეგო დაწესებულება შეითვისოს? ესაა იარაღი, რომელიც ჭირდებათ მათ, ვისი კომფორტიც და ფუფუნებაც შესაძლებელი ხდება მხოლოდ მასების ჩაგვრით, საჭიროებებისგან განძარცვით; ეს იარაღი შეუძლებელია აუცილებელი ან თუნდაც გამოსადეგი იყოს მათთვის, ვინც საკუთარი დროშა თანასწორობის და თავისუფლების პრინციპებით შეამკეს – ფაქტი, რომელსაც ვერ უარვყოფთ თანამედროვე კომუნისტების შესახებ.

საზოგადოება, რომელიც იმდენად განვითარებულია ინტელექტუალურად, რომ კერძო საკუთრების და მისი თანხმლები უკიდურესობების – სიმდიდრის და სიღატაკის – მიერ თავსმოხვეული მონობის ჯაჭვი გაწყვიტოს; რომლისთვისაც შესაძლებელი იქნება ასეთი განთავისუფლება მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის უღლის ერთდროული მსხვრევით – ეს საზოგადოება თავიდან ვერ დაიმონებს თავს ახალი სახელმწიფოს აშენებით.

კაცობრიობის ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნებაყოფლობითი შეთანხმებით. არა სახელმწიფოს სავალდებულო მანდატებით, არამედ საჭიროებით, არა კანონებით, არამედ სრული თავისუფლების ძალით, აზრით და სოლიდარობით დაბადებული, თანასწორობის ნიადაგზე აღმოცენებული იქნება ყველა მოქმედების შთამაგონებელი. ასეთი პირობა ასევე გულისხმობს ნებისმიერი პიროვნული მმართველის არარსებობას, რასაც ნიშნავს ანარქიზმი.

კომუნიზმი არათუ საწინააღმდეგოა ანარქიზმის, არამედ შეადგენს მის აუცილებელ საფუძველს, მის მარადიულ საძირკველს.

კერძო საკუთრების განადგურების გარეშე შეუძლებელია თანასწორობა და თანასწორობის გარეშე – ნამდვილი დამოუკიდებლობა, როცა დამოუკიდებლობა თავისუფლების, ანარქიზმის, პირველი პირობაა.

კითხვა, თუ როგორ ორგანიზდება მომავლის საზოგადოება, შესაბამისად, ვერ იქნება არჩევანი კომუნიზმსა და ანარქიზმს შორის; აშკარაა, რომ ეს ორი ერთად იარსებებს, რათა ახალ სამყაროს აცილდეს ტანჯვა, რომელიც თანამედროვე სამყაროს ადეგრადირებს.

მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად თავს უბრალოდ არ ვუწოდებ კომუნისტ ანარქისტს. თუ შემეკითხებით, როგორ შეიძლება ასეთი მიზნის მიღწევა, მე თავისუფლად და ღიად განვაცხადებ – სოციალური რევოლუციით. ამრიგად, მე არ ვაკეთებ უსაფუძვლო დაშვებას, მე მხოლოდ დასკვნები გამომაქვს ისტორიიდან, როცა ვაცხადებ, რომ ასეთი დიდი სოციალური გარდაქმნა შეუძლებელია მოხდეს ძალადობრივი ქმედებების გარეშე,

მე ვიცი, რომ არცერთ მმართველ კლასს მშვიდობიანად არ დაუთმია საკუთარი პრივილეგია. მე ვიცი ამ და სხვა ქვეყნების მონოპოლისტების და კაპიტალისტების შესახებ და ვიცი, რომ ბრძოლა, რომელიც უკეთეს პირობებს მოიტანს, საზარელი იქნება.

ზოგი ამბობს, რომ ეს იდეები გამოდგება ძველი სამყაროსთვის, სადაც მეფეები და იმპერატორები ჩაგრავენ ხალხს, მაგრამ არა – ამერიკისთვის. თუმცა მე ვიღებ ოფიციალურ მონაცემებს და ვპოულობ დაახლ. 2,000 მილიონერს და 10,000 სხვა კაპიტალისტს, რომლებიც ფლობენ შეერთებული შტატების სიმდიდრის ორ-მესამედს ანუ სამოც ათას მილიონ დოლარს, მთელი დანარჩენი ხალხის წარმოებას, შემდეგ ვსვამ კითხვას: განა ეს მილიონერები უბრალოდ იღბლიანები არიან? არა, ისინი თანამედროვე ტირანიის წარმომადგენლები არიან და პოლიტიკოსები – მათი იარაღები, ყველა დანარჩენი მონები არიან და ასეთებადვე დარჩებიან, სანამ საკუთარი თავის განთავისუფლებისთვის მზად იქნებიან.

ამერიკის ისტორია მოკლეა. მხოლოდ ორი გადამწყვეტი მოვლენა მოხდა. პირველი იყო ამერიკელების მიერ ინგლისური ბატონობი გადაგდება, მეორე – შავი მონობის განადგურება. ეს ორი რამ მოხდა არა ხმის მიცემით, არა პეტიციით – არამედ მახვილის აღმართვით. ახლა გვაქვს თეთრი დაქირავებული მონობა და ვიმედოვნებ, რომ ამერიკის ისტორიის მესამე დიდი მოვლენა მისი განადგურება იქნება.

-

თარგმანი მოამზადა ჟერმინალმა. სტატია აღებულია არქივისტის და მთარგმნელის – შონ პ. ვილბურის – საიტიდან Libertarian Labyrinth. გამოქვეყნებულია 1892 წელს, გაზეთში The Commonweal. იოჰან მოსტის კარიკატურა გაზეთიდან Harper’s Weekly.

Comments