სად ვდგავართ ჩვენ?/მარქსიზმი და ანარქიზმი - Subversion (1991)

კოლექტივ Subversion-ის ორი პატარა ტექსტი. პირველში კოლექტივი მოკლედ გამოთქვამს საკუთარ პრინციპებს, მეორეში კი ის პასუხს სცემს კითხვებს ანარქიზმის, მარქსიზმის და ამ ორ ტრადიციასთან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ. Subversion ხაზს უსვამს ამ ორი ტრადიციის მიღმა განვითარების აუცილებლობას.

Author
Submitted by Germinal on March 12, 2026

სად ვდგავართ ჩვენ?

SUBVERSION-ის ყველა წევრი ეთანხმება შემდეგ პრინციპებს. ჩვენთვის ეს პრინციპები რევოლუციური ორგანიზაციის მინიმალურ საფუძველს შეადგენს.

• ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველანაირ კაპიტალიზმს: კერძოს, სახელმწიფოს თუ თვითმართულს.

• ჩვენ ვემხრობით კომუნიზმს, უკლასო საზოგადოებას, სადაც ყველას ყველა ნაწარმი მიეწოდება საჭიროების და სურვილის მიხედვით.

• ჩვენ აქტიურად ვუპირისპირდებით ყველა იდეოლოგიას, რომელიც მშრომელ კლასს ყოფს – ასეთებია რელიგია, სექსიზმი და რასიზმი.

• ჩვენ ვართ ნაციონალიზმის ყველა გამოხატულების წინააღმდეგ, მათ შორის “ეროვნულ-განმანთავისუფლებელი” მოძრაობების, როგორიცაა IRA.

• მშრომელი კლასი (დაქირავებული მშრომელები, დაუსაქმებლები, დიასახლისები, ა.შ.) რევოლუციური კლასია; მხოლოდ მის ბრძოლას შეუძლია კაცობრიობის განთავისუფლება დეფიციტისგან, ომისგან და ეკონომიკური კრიზისისგან.

• პროფკავშირები კაპიტალისტური სისტემის ნაწილები არის. ისინი ყიდიან ჩვენს სამუშაო ძალას ბოსებზე და საბოტაჟს უწყობენ ჩვენს ბრძოლებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშრომელი კლასის დამოუკიდებელ ბრძოლას ცხოვრების ყველა სფეროში კაპიტალიზმის ქვეშ, ყველა პროფკავშირის და პოლიტიკური პარტიის კონტროლის მიღმა.

• ჩვენ სრულიად ვეწინააღმდეგებით ყველა კაპიტალისტურ პარტიას, მათ შორის ლეიბორისტულ პარტიას და კაპიტალისტური მემარცხენეობის სხვა ორგანიზაციებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ორგანიზაციებთან ერთიან ფრონტში მონაწილეობას.

• ჩვენ ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას; ჩვენ ვემხრობით კაპიტალისტური სახელმწიფოს განადგურებას მშრომელი კლასის მიერ და მშრომელი კლასის ძალაუფლებლის ორგანიზაციების შექმნას.

• ჩვენ ვართ სექტანტიზმის წინააღმდეგ და ვემხრობით პრინციპულ თანამშრომლობას რევოლუციონერებს შორის.

• ჩვენ ვვარსებობთ, რათა აქტიურად ვიმონაწილეოთ კლასობრივი ბრძოლის კომუნიზმამდე ესკალაციაში.

-

მარქსიზმი და ანარქიზმი

შესავალი

ცოტა ხნის წინ ჩვენ წერილი მივიღეთ ანარქისტული წარმომავლობის ამხანაგისგან, რომელსაც აინტერესებდა “საბჭოს[council] კომუნისტების” აზრი რამდენიმე საკითხზე. მათ შორის იყო პროლეტარიატის დიქტატურა, ცენტრალიზაცია, მარქსის და ენგელსის დაკავებული რეაქციული პოზიციები, მთელი მარქსისტულ-ანარქისტული გაყოფა, მატერიალიზმი და დიალექტიკა. ქვემოთ მოცემულია ჩვენი პასუხის რედაქტირებული ვერსია, რომელსაც ვაქვეყნებთ, მოცემული საკითხების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო.

პირველი, რასაც ვიტყვით – მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს[council] კომუნიზმს ერთ-ერთ დადებით და შთამაგონებელ ტენდენციად მივიჩნევთ, საკუთარი თავისთვის ეს სახელი არასდროს დაგვირქვამს. ტერმინი, რომელიც ჩვენ პოლიტიკურად ზუსტად აღგვწერდა, არ არსებობს. შეიძლება ასეთი იყოს “ლიბერტარი[ანელი] კომუნისტი” ან უკეთესი – “ულტრამემარცხენე”, რადგანაც ტერმინ “მემარცხენეს” მხოლოდ კაპიტალიზმის მარცხენა ფრთის აღსაწერად ვიყენებთ.

რასაც თქვენ “საბჭოს[council] კომუნისტებს” ეკითხებით, “Subversion”-ისგან ვუპასუხებთ.

პროლეტარიატის დიქტატურა

ეს ტერმინი, ჩვეულებრივ, არასწორადაა გაგებული. გვირჩევნია ჩვენი პოზიცია რაც შეიძლება პირდაპირი ენით ავხსნათ – ჩვენ მხარს ვუჭერთ მას, რამდენადაც გაგებულია, როგორც ახალი, განვითარებადი კომუნისტური საზოგადოების მიერ კოლექტიური ძალაუფლების გამოყენება დამარცხებული კლასების ნარჩენების წინააღმდეგ, სანამ ეს უკანასკნელნი ისტორიად არ იქცევიან. ჩვენ ნამდვილად არ ვემხრობით რაიმე სტრუქტურას ან ძალაუფლებას ახალი საზოგადოების მაცხოვრებლებზე (შენიშნეთ, რომ ჩვენ არ გვითქვამს “მშრომელი კლასი”, რადგან ეს კლასი არსებობას წყვეტს ძალაუფლების აღებისთანავე, რამდენადაც ის აღარ არის ექსპლუატირებულ მწარმოებელთა კლასი, რომელსაც არაფერი გააჩნია საკუთარი სამუშაო ძალის გარდა, არამედ ქცეულია ადამიანთა ერთობად, რომელიც კოლექტიურად ფლობს წარმოების საშუალებებს და, საერთოდ, არც წარმოადგენს კლასს, რადგან მას არ აქვს კლასობრივი ანუ საწარმოო ურთიერთობა ვინმე სხვასთან. ისინი წარმოადგენენ უკლასო საზოგადოებას ჩანასახოვან ფორმაში).

ცენტრალიზაცია

ეს ტერმინი ორ განსხვავებულ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ყველაფერს უძღვება მთელი საზოგადოება, რომელიც მთლიან გადაწყვეტილების მიმღებ ერთეულად მოქმედებს – საპირისპიროდ სისტემისა, სადაც ადამიანთა ერთ ჯგუფს ექსკლუზიური კონტროლი აქვს საკუთარი მიწის ნაკვეთზე, მეორეს – სხვა ნაკვეთზე და ა.შ. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს “ცენტრში” მყოფი უმცირესობის ძალაუფლებას, “არჩეულის”, “დელეგირებულის” თუ არცერთის. ამ ორიდან პირველი კომუნისტური საზოგადოების მოწყობის იდეალურ გზას ჰგავს, რადგანაც თუ მსოფლიოს რესურსების ერთ ნაწილზე კონტროლი გარკვეულ ჯგუფს აქვს და არა – სხვებს, ეს კერძო საკუთრების ფორმაა, რასაც ცალსახად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ არ გვჯერა, რომ ადამიანებს უფრო მეტი უფლება აქვთ “ფლობდნენ” რესურსებს მათთან ახლომდებარე არეალში, ვიდრე დანარჩენ კაცობრიობას. ადამიანების “ბუნებრივი” დაკავშირება მათ გეოგრაფიულ არეალთან შეზღუდვაა, რომლის გადალახვის საშუალებასაც ტექნოლოგიური განვითარება (ტრანსპორტის და კომუნიკაციების) თანდათან მოგვცემს, დროის გასვლასთან ერთად.

ცუდი მარქსი

რაც შეეხება მარქსისა და ენგელსის მიერ დაკავებულ “მემარცხენე” (ანუ რადიკალურ კაპიტალისტურ) პოზიციებს – სოციალ-დემოკრატიის, პარლამენტარიზმის, ნაციონალიზმის მხარდაჭერა და ა.შ. – ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა ან სულ ცოტა – კომპლექსური დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ჯგუფის უმრავლესობა ამ პოზიციებს უარყოფს.

ნამდვილად, ჩვენ თავს “მარქსისტებად” ვთვლით იმ გაგებით, რომ მარქსის ანალიზის მეთოდს ვიზიარებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისტორიულ მატერიალიზმს, კაპიტალიზმის მარქსისეულ ეკონომიკურ ანალიზს და მიუხედავად იმისა, რომ ზომიერებას ვიცავთ ისეთ არასწორად ხმარებულ სიტყვასთან, როგორიცაა “დიალექტიკა”, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ კლასობრივი ბრძოლის (და ზოგადად რეალობის) ასეთ დინამიკურ პროცესად აღქმა სხვა ბევრისგან გამოგვარჩევს (მათგან ზოგი საკუთარ თავს “მარქსისტსაც” უწოდებს).

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარქსის ან “მარქსისტული მოძრაობის” პოლიტიკურ პრაქტიკას ვიღებთ ან ამ მოძრაობას ვთვლით “სახელოვან ტრადიციად”, რომლის ჩირაღდანსაც მაღლა ვწევთ.

ჩვენი აზრით, მარქსისტული და ანარქისტული ტრადიციების ცნებები მხოლოდ უკანდამხევია დღევანდელი რევოლუციონერებისთვის, რომლებიც რომელიმე მათგანს ეჭიდებიან – რევოლუციური იდეების განვითარებაში მნიშვნელოვანი ელემენტია წარსულის იდეების უარყოფა ისტორიული გამოცდილების მიხედვით. მე-19 საუკუნის გაყოფას მარქსიზმსა და ანარქიზმს შორის ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს დღევანდელი კლასობრივი ხაზისთვის რევოლუციასა და რეაქციას შორის, რამდენადაც დღევანდელ რევოლუციონერებს ორივე ტრადიციიდან ბევრად უფრო მეტის უარყოფა ჭირდებათ, ვიდრე მიღება.

მატერიალიზმი

ჩვენთვის ეჭვი არ არსებობს, რომ იდეების განმსაზღვრელი ძალა მატერიალური რეალობაა. სხვაგან საიდან მოდიან ისინი? ციდან ვარდებიან? ცალსახად, კონკრეტულ დროში არსებული იდეები წარმოადგენს მატერიალურ ძალათა ისტორიული განვითარების კონკრეტული დონის შედეგს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ უნდა მოვკალათდეთ და მოვლენათა განვითარება მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი. მშრომელი კლასი თვითონაც წარმოადგენს მატერიალურ ძალას და უნდა იბრძოლოს კიდეც.

რევოლუციურ იდეებს შეუძლიათ მოვლენებზე გავლენა იქონიონ, მაგრამ ეს მატერიალიზმს არ ეწინააღმდეგება, რამდენადაც ეს იდეებიც მატერიალური ძალების პროდუქტია.

თუმცა ჩვენ ვთანხმდებით, რომ მატერიალიზმზე, დიალექტიკაზე და მსგავს საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არ გამორიცხავს ერთად, როგორც რევოლუციონერების, მოქმედებას.

რაც შეეხება თქვენს ბოლო პუნქტს ორი ტრადიციის “თავიდან გაერთიანების” შესახებ, ჩვენ მხოლოდ იმას გავიმეორებთ, რაც ზემოთ ვთქვით. ეს ორი ტრადიცია უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური და მათ შორის კონფლიქტი ჩვენთან არანაირ კავშირშია. დროა მომავლისკენ გავიხედოთ!

ამხანაგურად, SUBVERSION

-

ტექსტები აღებულია გაზეთ Subversion-ის მე-8 ნომრიდან, გამოცემულია 1990/91 წელს. გაზეთის სრული არქივი შეგიძლიათ იხილოთ აქ. თარგმანი შეასრულა ჟერმინალმა.

Comments