ანარქისტული კომუნიზმის გამოჩენილი თეორეტიკოსი პეტრე კროპოტკინი განიხილავს ცნობილ კონტრრევოლუციურ არგუმენტს ადამიანის "მანკიერების" შესახებ.
Georgian translation of Peter Kropotkin's work "Are We Good Enough?"
ანარქისტული კომუნიზმის გამოჩენილი თეორეტიკოსი პეტრე კროპოტკინი განიხილავს ცნობილ კონტრრევოლუციურ არგუმენტს ადამიანის "მანკიერების" შესახებ.
Georgian translation of Peter Kropotkin's work "Are We Good Enough?"
კომუნიზმის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრალდების მიხედვით, ადამიანები კომუნისტური მოწყობისთვის საკმარისად კარგები არ არიან. ისინი არ დაემორჩილებოდნენ იძულებით კომუნიზმს, თუმცა არც თავისუფალი, ანარქისტული კომუნიზმისთვის არ არიან მზად. ინდივიდუალისტური განათლების საუკუნეებმა მათში ჭარბი ეგოიზმი ჩამოაყალიბა. მონობამ, ძლიერის მორჩილებამ, აუცილებლობის მათრახის ქვეშ მუშაობამ, ისინი შეუსაბამო გახადა საზოგადოებისთვის, რომელშიც ყველა თავისუფალი იქნება და არანაირ ვალდებულებასთან შეხება არ ექნება, გარდა იმ ვალდებულებისა, რომელიც მოდის სხვებთან თავისუფლად მიღებული გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – გაკიცხვით. შესაბამისად, ჩვენ გვეუბნებიან, რომ კომუნიზმისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი ნაბიჯია საზოგადოების გარკვეული შუალედური, გარდამავალი მოწყობა.
ძველი სიტყვები ახალი ფორმით; სიტყვები, რომლებსაც განუწყვეტლივ ამბობენ და იმეორებენ ნებისმიერ საზოგადოებაში პირველი პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილების მცდელობიდან მოყოლებული. სიტყვები, რომლებიც მონობის გაუქმებამდე გვესმოდა; სიტყვები, რომლებსაც ოცი და ორმოცი საუკუნის წინაც ამბობდნენ ისინი, ვისაც საკუთარი დუმილი ზედმეტად უყვართ სწრაფი ცვლილებების შესაყვარებლად; ისინი, ვისაც ფიქრის გაბედულება აშინებთ და ისინი, ვინც თვითონ საკმარისად არ დატანჯულან თანამედროვე საზოგადოების უსამართლობით, რომ ცვლილების ღრმა აუცილებლობა იგრძნონ!
ადამიანები კომუნიზმისთვის საკმარისად კარგები არ არიან, მაგრამ კაპიტალიზმისთვის არიან? ყველა ადამიანი გულკეთილი, სათნო და სამართლიანი რომ იყოს – ერთმანეთს არასდროს დაჩაგრავდნენ, ამის საშუალების ქონის მიუხედავად. ასეთი ადამიანებით კაპიტალის კერძო მფლობელობა უსაფრთხო იქნებოდა. კაპიტალისტი საჩქაროდ გაუნაწილებდა საკუთარ მოგებას მშრომელებს და მაღალანაზღაურებადი მშრომელი – მათ, ვისაც დროებითი პრობლემები აწუხებთ. ადამიანები წინდახედულები რომ იყვნენ, არ აწარმოებდნენ ვილვეტს და ფუფუნების საგნებს, როცა ქოხებში საკვები ჭირდებათ; არ ააშენებდნენ სასახლეებს, სანამ გეტოები იარსებებდა.
ადამიანებს თანასწორობის მაღალგანვითარებული გრძნობა რომ ჰქონდეთ, სხვა ადამიანებს არ დაჩაგრავდნენ. პოლიტიკოსები ამომრჩევლებს არ მოატყუებდნენ, პარლამენტი ყბედობის და თაღლითობის ყუთი არ იქნებოდა და ჩარლზ უორენის[1] პოლიციელები უარს იტყოდნენ ტრაფალგარის მოედანზე[2] გამომსვლელთა და მსმენელთა ხელკეტებით ცემაზე. ადამიანები გალანტურები, თავმოყვარეები და ნაკლებად ეგოისტები რომ იყვნენ – ცუდი კაპიტალისტიც კი არ შექმნიდა საფრთხეს; მშრომელები მას მალევე ჩამოაქვეითებდნენ უბრალო ამხანაგ-მენეჯერამდე. მეფეც კი უსაფრთხო იქნებოდა, რადგან ხალხი მას ჩათვლიდა უკეთესი საქმის კეთების უნარის არმქონე ადამიანად, რომელსაც – სწორედ ამის გამო – მისნაირი ახირებულებისთვის გასაგზავნ სულელურ ქაღალდებზე ხელის მოწერა დაევალა.
თუმცა ადამიანები არ არიან ისეთი თავისუფლად მოაზროვნეები, დამოუკიდებლები, წინდახედულები, მოსიყვარულეები და თანამგრძნობები, როგორებადაც მათი დანახვა გვინდა. და ზუსტად ამიტომ არ უნდა გააგრძელონ ცხოვრება თანამედროვე სისტემაში, რომელიც მათ ერთმანეთის დაჩაგვრის უფლებას აძლევს. ავიღოთ, მაგალითად, ის გაღატაკებული მკერავები, რომლებიც ბოლო კვირას ქუჩაში გამოდიოდნენ, და დავუშვათ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ამერიკელი ბიძისგან ასი ფუნტის ოდენობის მემკვიდრეობა მიიღო. ამ ასი ფუნტით ის ნამდვილად არ შექმნის საწარმოო ასოციაციას ათიოდე მისნაირი გაღატაკებული მკერავისთვის და არ ეცდება მათი პირობების გაუმჯობესებას. ის ექსპლუატატორი გახდება და, შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანები იმდენად ცუდები არიან, რამდენადაც ეს ამერიკელი მემკვიდრე, მისთვის ძალიან რთულია გარშემო გაღატაკებული მკერავები ჰყავდეს. როგორც კი შეძლებს – ის მათ საკუთარი სარგებლისთვის აამუშავებს. იგივე მკერავებს კომუნისტური მარაგებისგან[3] უზრუნველყოფილი ცხოვრება რომ ჰქონდეთ, არც ერთი მათგანი იმუშავებდა ყოფილი ამხანაგის გასამდიდრებლად, და ახალგაზრდა ექსპლუატატორიც არ იქცეოდა იმ საზარელ ურჩხულად, რომელიც აუცილებლად გახდება თუ ექსპლუატატორობას განაგრძობს.
ჩვენ გვეუბნებიან რომ ზედმეტად მონურები, ზედმეტად ქედმაღლები ვართ თავისუფალ დაწესებულებებში საცხოვრებლად; მაგრამ ჩვენ ვპასუხობთ, რომ ზუსტადაც რადგან ასეთი მონურები ვართ, ჩვენ აღარ უნდა გავჩერდეთ თანამედროვე ინსტიტუციებში, რომლებიც მორჩილების განვითარებას ახალისებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიტანელები, ფრანგები და ამერიკელები ყველაზე გულისამრევი მორჩილებით უდგებიან გლადსტონს[4], ბულანჟეს[5] ან გულდს[6]. და ჩვენ ვასკვნით, რომ ისედაც ასეთი მონური ინსტინქტებით დაჯილდოვებულ კაცობრიობაში ცუდია მასებისთვის უმაღლესი განათლების ძალადობრივად წართმევა და ცხოვრების დაძალება სიმდიდრის, განათლების და ცოდნის თანამედროვე უთანასწორობის პირობებში. უმაღლესი ინსტრუქტაჟი და პირობების თანასწორობა დამემკვიდრებული მონური ინსტინქტების განადგურების ერთადერთი საშუალება იქნებოდა. ჩვენ არ გვესმის თუ როგორ შეიძლება მონური ინსტინქტები არგუმენტად გამოვიყენოთ პირობების უთანასწორობის თუნდაც ერთი დღით შენარჩუნებისთვის; საზოგადოების თითოეული წევრისთვის უმაღლესი განათლების არმიწოდებისთვის.
ჩვენი ადგილი შეზღუდულია, მაგრამ იგივენაირად გაანალიზეთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ნებისმიერი ასპექტი და თქვენ დაინახავთ, რომ თანამედროვე კაპიტალისტური, ავტორიტარული სისტემა აბსოლუტურად შეუსაბამოა ისეთი ადამიანების საზოგადოებისთვის, როგორებიც ახლა არიან: ასეთი წინდაუხედავი, ასეთი ხარბი, ასეთი თავკერძა და ასეთი მონური. შესაბამისად, როცა გვესმის, რომ ანარქისტები ადამიანებს რეალურზე უკეთესად წარმოიდგენენ, ჩვენ მხოლოდ ის გვიკვირს, თუ როგორ იმეორებენ გონიერი ადამიანები ამ უაზრობას.
განა განმეორებით არ ვამბობთ: ერთადერთი გზა, რომ ადამიანი ნაკლებად ხარბი და ეგოისტური, ერთდროულად ნაკლებად ამბიციური და ნაკლებად მონური გავხადოთ, იმ პირობების განადგურებაა, რომლებიც ახალისებენ ეგოიზმისა და სიხარბის, მონურობისა და ამბიციურობის ზრდას? ერთადერთი განსხვავება ჩვენსა და მათ შორის, ვინც ზემოთ ხსენებულ ბრალდებას აყენებენ, შემდეგია: ჩვენ, მათ მსგავსად, არ ვაზვიადებთ მასების ჩამორჩენილ ინსტინქტებს და კმაყოფილად არ ვხუჭავთ თვალებს იგივე ცუდ ინსტინქტებზე მაღალ კლასებში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ორივე – მმართველიც და მართულიც – ირყვნებიან ავტორიტეტით; ორივე – ექსპლუატატორიც და ექსპლუატირებულიც – მახინჯდებიან ექსპლუატაციით; ამ დროს ჩვენი მოწინააღმდეგეები აღიარებენ, რომ არსებობს გარკვეული “მარილი მიწისა” – მმართველები, დამსაქმებლები, წინამძღოლები – ისინი, ვინც, სასიხარულოდ, ხელს უშლიან ამ ცუდ ადამიანებს – მართულებს, ექსპლუატირებულებს, ქვეშევრდომებს – არ გახდნენ კიდევ უფრო უარესები.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. ჩვენ ვაღიარებთ ადამიანის ბუნების მანკიერებებს, თუმცა ჩვენ მმართველებისთვის გამონაკისს არ ვუშვებთ. ისინი ამას აკეთებენ, თუმცა ხშირად შეუგნებლად, და რადგანაც ჩვენ ასეთ გამონაკლისებს არ ვუშვებთ, ისინი მეოცნებეებს, „არაპრაქტიკულ ადამიანებს“ გვიწოდებენ.
ძველი დავა: დავა „პრაქტიკულ“ და „არაპრაქტიკულ“ ადამიანებს, ე.წ. უტოპისტებს, შორის; დავა, რომელიც ყოველ შემოთავაზებულ ცვლილებაზე მეორდება და ყოველ ჯერზე მათი სრული დამარცხებით სრულდება, ვინც თავებს პრაქტიკულ ადამიანებს უწოდებენ.
ბევრ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს ეს დავა, როცა ის ამერიკაში მონობის გაუქმებამდე მძვინვარებდა. როცა ზანგების სრულ განთავისუფლებას უჭერდნენ მხარს, პრაქტიკული ადამიანები ამბობდნენ, რომ თუ ზანგებს შრომას მათივე პატრონების მათრახი არ დააძალებდა, ისინი საერთოდ აღარ იმუშავებდნენ და მალე საზოგადოებას ტვირთადაც დააწვებოდნენ. ამბობდნენ, რომ შეიძლებოდა სქელი მათრახების აკრძალვა და მათრახების სისქის თანდათანობით, კანონის ძალით შემცირება ნახევარ ინჩამდე და შემდეგ სულ რაღაც ინჩის მეათედებამდე; თუმცა რაღაც სახის მათრახი აუცილებლად უნდა შენარჩუნებულიყო. როცა აბოლიციონისტები[7] – როგორც ახლა ჩვენ – ამბობდნენ რომ საკუთარი შრომით კმაყოფილება მუშაობის ბევრად უფრო ძლიერი სტიმული იქნებოდა, უსქეს მათრახთან შედარებით, „აბსურდი, ჩემო მეგობარი“, – მათ პასუხობდნენ, როგორც ახლა ჩვენ გვპასუხობენ – „შენ არ იცნობ ადამიანის ბუნებას! მონობის წლებმა ისინი უყაირათოებად, ზარმაცებად და მონურებად ჩამოაყალიბა და ადამიანის ბუნება ერთ დღეში ვერ შეიცვლება. შენ, რა თქმა უნდა, საუკეთესო მისწრაფებები გაქვს, თუმცა საკმაოდ ‘არაპრაქტიკული’ ხარ.“
გარკვეული დროის განმავლობაში პრაქტიკულ ადამიანებს თავიანთი გაჰქონდათ ზანგების თანდათანობითი განთავისუფლების გეგმების ჩამოყალიბებით. თუმცა ვაი, რომ გეგმები არაპრაქტიკული გამოდგა და დაიწყო სამოქალაქო ომი – სხვათა შორის ყველაზე სისხლიანი. ომი მონობის გაუქმებით დასრულდა, ყველანაირი გარდამავალი ეტაპის გარეშე; და ნახეთ, პრაქტიკული ხალხის ნაწინასწარმეტყველევი არც ერთი საშინელი შედეგი არ დამდგარა. ზანგები მუშაობენ, ისინი შრომისმოყვარეები და გულმოდგინეები არიან, ისინი წინდახედულები, არა, ზედმეტად წინდახედულებიც კი გამოდგნენ. და დასანანი მხოლოდ ისაა, რომ არაპრაქტიკული ბანაკის მემარცხენე ფრთის გეგმა – სრული თანასწორობა და მიწის დანაწილება – არ შესრულდა, ეს დღეს ბევრი პრობლემისგან გვიხსნიდა.
დაახლოებით იგივე დროს დავა მიმდინარეობდა რუსეთშიც და მისი მიზეზი შემდეგი იყო. რუსეთში 20 მილიონი ყმა ცხოვრობდა. თაობების განმავლობაში ისინი ბატონების მმართველობის, უფრო ზუსტად კი მათი წკეპლის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ როზგავდნენ ბატონისთვის მიწის ცუდად მოხვნისთვის, როზგავდნენ მათ სახლებში სისუფთავის საჭიროებისთვის, როზგავდნენ ბატონისთვის ნაჭრის არაიდეალურად მოქსოვისთვის, როზგავდნენ შვილების უფრო ადრე არდაქორწინებისთვის – როზგავდნენ ყველაფრისთვის. მონურობა, წინდაუხედავობა მათი სახელგანთქმული თვისებები იყო.
აქ გამოჩნდნენ უტოპისტები და მოითხოვეს ყმების სრული განთავისუფლება – ბატონისადმი ყმის ნებისმიერი ვალდებულების მყისიერი განადგურება. ამაზე მეტიც – ბატონის იურისდიქციის განადგურება და მის მიერ მიტოვება ყველა საქმისა, რომელსაც აქამდე განსჯიდა, თვით გლეხების არჩეული გლეხთა ტრიბუნალების სასარგებლოდ, რომლებიც არა გლეხებისთვის უცოდინარი კანონით, არამედ დაუწერელი წესებით განსჯიდნენ საქმეებს. ასეთი იყო არაპრაქტიკული ბანაკის არაპრაქტიკული გეგმა. პრაქტიკული ხალხი მას მხოლოდ კაპრიზად უდგებოდა.
თუმცა, საბედნიეროდ, იმ დროისთვის რუსეთში ჰაერში იყო არაპრაქტიკულობის დიდი შემცველობა – მას ინარჩუნებდა არაპრაქტიკულობა გლეხებისა, რომლებიც ჯოხებით ჯანყდებოდნენ თოფების წინააღმდეგ, უარს ამბობდნენ მორჩილებაზე, ხოცვა-ჟლეტვის მიუხედავად. ასე განამტკიცეს არაპრაქტიკული ცნობიერება იმდენად, რომ არაპრაქტიკულ ბანაკს ცარისთვის მათი გეგმის (გარკვეულწილად დამახინჯებულის) დამოწმება დაეძალებინა. ყველაზე პრაქტიკულმა ხალხმა აჩქარებით დატოვა რუსეთი, რომ მათთვის ყელი არ გამოეჭრათ იმ არაპრაქტიკული გეგმის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში.
თუმცა ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა, პრაქტიკული ადამიანების მრავალი მარცხის მიუხედავად. ამ მონებმა, სახელგანთქმულად უყაირათო, ეგოისტმა ბარბაროსებმა და ა.შ. გამოაჩინეს იმდენად საღი გონება, იმხელა ორგანიზაციული უნარი, რომ ყველაზე არაპრაქტიკული უტოპისტების მოლოდინებსაც გადააჭარბეს; განთავისუფლებიდან 3 წელში სოფლების ფიზიონომია სრულიად შეიცვალა. მონები ადამიანები ხდებოდნენ!
უტოპისტებმა ბრძოლა მოიგეს. მათ დაამტკიცეს, რომ თვითონ ნამდვილად პრაქტიკული ადამიანები იყვნენ, ისინი კი, ვინც პრაქტიკულობას იბრალებდნენ – ჭკუასუსტები. და ახლა ერთადერთი სინანული, რომელსაც ყველა გამოხატავს ვინც რუსეთის გლეხობას იცნობს, არის ის, რომ იმ პრაქტიკულ იმბეცილებთან და ვიწროდ მოაზროვნე ეგოისტებთან ზედმეტი დათმობა გაკეთდა; რომ არაპრაქტიკული ბანაკის მემარცხენე ფრთის რჩევა ბოლომდე არ გათვალისწინდა.
ჩვენ მეტ მაგალითს ვეღარ მოვიხმობთ. თუმცა ყველას, ვისაც თავისით სურს განსჯა, ვიწვევთ, რომ ნებისმიერი დიდი სოციალური ცვლილების ისტორია შეისწავლოს კომუნების ზრდიდან რეფორმამდე და ჩვენს თანამედროვეობამდე. ისინი დაინახავენ, რომ ისტორია არაფერია გარდა მმართველებსა და მართულებს, მჩაგვრელებსა და ჩაგრულებს შორის ბრძოლისა, რომელშიც პრაქტიკული ბანაკი მუდამ მმართველებისა და მჩაგვრელების, არაპრაქტიკული ბანაკი კი – ჩაგრულების მხარესაა; ისინი დაინახავენ, რომ ეს ბრძოლა ყოველთვის პრაქტიკული ბანაკის საბოლოო მარცხით სრულდება დიდი ტანჯვისა და სისხლისღვრის შემდეგ, იმის გამო, რასაც ისინი თავიანთ „პრაქტიკულ საღ აზრს“ უწოდებენ.
თუ ჩვენთვის არაპრაქტიკულის წოდებით ჩვენი ოპონენტები გულისხმობენ იმას, რომ ჩვენ უკეთესად ვჭვრეტთ მოვლენათა მიმართულებას პრაქტიკულ ახლომხედველ ლაჩრებთან შედარებით, მაშინ ისინი მართლები არიან. თუმცა თუ იმას გულისხმობენ, რომ მათ, პრაქტიკულ ადამიანებს, მოვლენათა წინასწარმეტყველების უკეთესი უნარი აქვთ, მაშინ ჩვენ მათ ვაგზავნით ისტორიასთან და ვთხოვთ მის სწავლებებს მიჰყვნენ, სანამ ამ ზღვარგადასულ დაშვებას გააკეთებენ.
-
[1] ჩარლზ უორენი (1840-1927) – ცნობილი ბრიტანელი სამხედრო და სამოქალაქო მოღვაწე. ლონდონის პოლიციის მეთაური 1886-1888 წლებში.
[2] ტრაფალგარის მოედანი – ლონდონის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი ადრეული მე-19 საუკუნიდან.
[3] იგულისხმება საწყობები, რომლებიც პროდუქტებს მოთხოვნის შესაბამისად გასცემენ.
[4] უილიამ ევარტ გლადსტონი (1809-1898) – ბრიტანელი სახელმწიფო მოხელე, ოთხგზის პრემიერ-მინისტრი და ოთგხზის ხაზინის კანცლერი.
[5] ჟორჯ ერნესტ ბულანჟე (1837-1891) – პოპულარული ფრანგი სამხედრო მოღვაწე, ზედმეტსახელად „გენერალი რევანში“. რადიკალი ანტი-გერმანელი რევანშისტი და ომის მინისტრი 1886-1887 წლებში.
[6] ჯეისონ გულდი (1836-1892) – ამერიკელი სარკინიგზო მაგნატი, ერთი-ერთი ამერიკელი „მძარცველი ბარონი“ – საეჭვო ბიზნესმეთოდების და ჭარბი ძალაუფლების მქონე ბიზნესმენი.
[7] აბოლიციონიზმი – მონობის საწინააღმდეგო მოძრაობა მე-19 საუკუნეში.
-
თარგმანი და სქოლიო შეასრულა "ჟერმინალმა"
Comments