გაზეთის - "პოდ ზნამენემ მარსკიზმა" - დაფუძნებასთან დაკავშირებული სტატია. ლენინი მიმოიხილავს მატერიალიზმის, ანტითეისტური პროპაგანდის მნიშვნელობას და იძლევა რჩევებს გამოსაყენებელ მასალებთან თუ მეთოდებთან დაკავშირებით. ის ასევე აღწერს და აკრიტიკებს რელიგიის "მეცნიერული" კრიტიკის გავრცელებულ ბურჟუაზიულ სახეს.
ჟურნალ «პოდ ზნამენემ მარკსიზმა»-ს საერთო ამოცანების შესახებ ამხ. ტროცკიმ 1 — 2 ნომრის ფურცლებზე ყველაფერი არსებითი უკვე თქვა და ჩინებულადაც თქვა. მე მინდა შევჩერდე ზოგიერთ საკითხზე, რომლებიც უფრო სრულად არკვევენ იმ მუშაობის შინაარსსა და პროგრამას, რაც ჟურნალის რედაქციამ 1 — 2 ნომრის შესავალ განცხადებაში გამოაქვეყნა.
ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ისინი, ვინც ჟურნალ «პოდ ზნამენემ მარკსიზმა»-ს ირგვლივ გაერთიანდა, კომუნისტები არ არიან, მაგრამ თანამიმდევარი მატერიალისტები კი ყველანი არიანო. ჩემი აზრით, კომუნისტების ეს კავშირი არაკომუნისტებთან აუცილებლად საჭიროა და სწორად განსაზღვრავს ჟურნალის ამოცანებს. კომუნისტების (ისე როგორც საერთოდ იმ რევოლუციონერების, რომლებმაც წარმატებით ჩაატარეს დიდი რევოლუციის დასაწყისი) ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საშიში შეცდომა არის ის წარმოდგენა, თითქოს რევოლუცია მარტოოდენ რევოლუციონერებს შეუძლიათ მოახდინონ. პირიქით, ყოველგვარი სერიოზული რევოლუციური მუშაობის წარმატებისათვის აუცილებელია შევიგნოთ და განვახორციელოთ ის დებულება, რომ რევოლუციონერებს შეუძლიათ შეასრულონ როლი მხოლოდ როგორც ნამდვილად ცხოველმყოფელი და მოწინავე კლასის ავანგარდს. ავანგარდი მხოლოდ მაშინ ასრულებს ავანგარდის ამოცანებს, როცა მას უნარი შესწევს არ მოსწყდეს მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ მასას, როცა მას მართლაც შეუძლია წინ წაუძღვეს მთელ მასას. მოქმედების უაღრესად სხვადასხვაგვარ სფეროში არაკომუნისტებთან კავშირის უქონლად ლაპარაკიც კი შეუძლებელია კომუნისტური მშენებლობის რაიმე წარმატებაზე.
ეს ითქმის მატერიალიზმისა და მარქსიზმის დაცვის იმ მუშაობაზეც, რომელსაც ხელი მოჰკიდა ჟურნალმა «პოდ ზნამენემ მარკსიზმა»-მ. რუსეთის მოწინავე საზოგადოებრივი აზრის მთავარ მიმართულებებს, საბედნიეროდ, თვალსაჩინო, მატერიალისტური ტრადიცია მოეპოვება. გ. ვ. პლეხანოვზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისია დავასახელოთ ჩერნიშევსკი, რომლისაგანაც თანამედროვე ნაროდნიკები (სახალხო სოციალისტები, ესერები და სხვ.) ხშირად უკან იხევდნენ მოდურ რეაქციულ ფილოსოფიურ მოძღვრებათა გამოდევნების გამო, მათ თვალს სჭრიდა ევროპული მეცნიერების ვითომდა «უკანასკნელი სიტყვის» ზიზილ-პიპილები და ამ ზიზილ-პიპილების გამო ისინი ვერ ამჩნევდნენ ბურჟუაზიისადმი, მისი ცრურწმენისა და ბურჟუაზიული რეაქციულობისადმი ლაქიობის ამა თუ იმ სახესხვაობას.
ყოველ შემთხვევაში, რუსეთში ჩვენ გვყავს — და, უეჭველია, ჯერ კიდევ დიდხანს გვეყოლებიან — მატერიალისტები არაკომუნისტთა ბანაკიდან, და ჩვენი უცილობელი მოვალეობაა ეგრეთწოდებული «განათლებული საზოგადოების» ფილოსოფიური რეაქციისა და ფილოსოფიური ცრურწმენის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთო მუშაობაში ჩავაბათ თანმიმდევრული და მებრძოლი მატერიალიზმის ყველა მომხრე. დიცგენმა-უფროსმა, რომელიც არ უნდა აგერიოთ მის იმდენადვე პრეტენზიულ, რამდენადაც უხეირო ლიტერატორ-ვაჟიშვილში – სწორად, სხარტად და ნათლად გამოხატა მარქსიზმის ძირითადი თვალსაზრისი ბურჟუაზიულ ქვეყნებში გაბატონებულ და მათ მეცნიერთა და პუბლიცისტთა შორის მიღებულ ფილოსოფიურ მიმართულებებზე, როცა თქვა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ფილოსოფიის პროფესორები უმეტეს შემთხვევაში ნამდვილად წარმოადგენენ «ხუცობის დიპლომიან ლაქიებსა» და მეტს არაფერსო.
ჩვენს, რუსეთის, ინტელიგენტებს, რომლებსაც თავი მოაქვთ თავიანთი მოწინავეობით, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ქვეყნის მათ მოძმეებსაც, ძალიან არ უყვართ საკითხის გადატანა იმ შეფასების ნიადაგზე, რომელიც მოცემულია დიცგენის სიტყვებით. მაგრამ მათ ეს იმიტომ არ უყვართ, რომ სიმართლე თვალსა სჭრით. საკმარისია ოდნავ მაინც ჩავუფიქრდეთ, თუ როგორ არიან დამოკიდებული თანამედროვე განათლებული ადამიანები გაბატონებული ბურჟუაზიისაგან სახელმწიფოებრივი, შემდეგ საერთო-ეკონომიური, შემდეგ საყოფაცხოვრებო და ყოველგვარი სხვა მხრივ, რომ გავიგოთ დიცგენის მკაცრი დახასიათების აბსოლუტური სისწორე. საკმარისია გავიხსენოთ დიდი უმეტესობა მოდური ფილოსოფიური მიმართულებებისა, რომელნიც ასე ხშირად ჩნდებიან ევროპულ ქვეყნებში, დაწყებული, თუგინდ, იმ მიმართულებებით, რომელნიც რადიუმის აღმოჩენასთან იყვნენ დაკავშირებული, და გათავებული იმ მიმართულებებით, რომელნიც ახლა ცდილობენ ხელი ჩასჭიდონ ეინშტეინს, — რომ წარმოვიდგინოთ კავშირი ბურჟუაზიის კლასობრივ ინტერესებსა და კლასობრივ პოზიციას შორის, მის მიერ რელიგიის ყოველგვარი ფორმის მხარისდაჭერასა და მოდურ ფილოსოფიურ მიმართულებათა იდეურ შინაარსს შორის.
ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ ჟურნალი, რომელსაც სურს მებრძოლი მატერიალიზმის ორგანო იყოს, მებრძოლი ორგანო უნდა იყოს, ჯერ-ერთი, «ხუცობის» ყველა თანამედროვე «დიპლომიანი ლაქიის» ურყევი მხილებისა და დევნის აზრით, სულ ერთია, ოფიციალური მეცნიერების წარმომადგენლები არიან ისინი თუ მოხალისე მსროლელნი, რომელნიც «დემოკრატიულ მემარცხენეებს თუ იდეურ-სოციალისტ» პუბლიცისტებს უწოდებენ თავიანთ თავს.
მეორე, ასეთი ჟურნალი უნდა იყოს მებრძოლი ათეიზმის ორგანო. ჩვენ გვაქვს უწყებები ან, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც ამ საქმეს განაგებენ. მაგრამ ეს მუშაობა ფრიად მოდუნებულად, ფრიად არადამაკმაყოფილებლად წარმოებს, განიცდის რა, როგორც ჩანს, ჩვენი ჭეშმარიტად რუსული (თუმცა საბჭოური) ბიუროკრატიზმის საერთო პირობების სიმძიმეს, ამიტომ მეტისმეტად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო სახელმწიფო დაწესებულებათა მუშაობის შესავსებად, მის შესასწორებლად და გამოსაცოცხლებლად, ჟურნალი, რომელიც ამოცანად ისახავს — მებრძოლი მატერიალიზმის ორგანო გახდეს, დაუღალავ ათეისტურ პროპაგანდასა და ბრძოლას ეწეოდეს. იგი გულმოდგინედ უნდა ადევნებდეს თვალყურს მთელ სათანადო ლიტერატურას ყველა ენაზე, თარგმნიდეს ან, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერ იმის შინაარსს გადმოსცემდეს, რაც კი ამ სფეროში საგულისხმო რამ არის.
ენგელსი დიდი ხანია ურჩევდა თანამედროვე პროლეტარიატის ხელმძღვანელებს — ეთარგმნათ და ხალხში მასობრივად გაევრცელებინათ XVIII საუკუნის დამლევის მებრძოლი ათეისტური ლიტერატურა. ჩვენდა სამარცხვინოდ, ეს აქამდე არ გაგვიკეთებია (ერთი მრავალ საბუთთაგანი იმისა, რომ რევოლუციურ ეპოქაში ძალაუფლების მოპოვება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ამ ძალაუფლების სწორად გამოყენება). ხანდახან ამ ჩვენს მოდუნებულობას, უმოქმედობასა და უუნარობას ყოველგვარი «მაღალფარდოვანი» მოსაზრებებით ამართლებენ: მაგალითად, ამბობენ, XVIII საუკუნის ძველი ათეისტური ლიტერატურა მოძველდა, არამეცნიერულია, გულუბრყვილოაო და სხვ.. არა არის რა ამ, ვითომდა-მეცნიერულ, სოფიზმებზე უარესი, რომლებითაც ან პედანტობა იფარება, ანდა მარქსიზმის სრული გაუგებლობა. რა თქმა უნდა, XVIII საუკუნის რევოლუციონერთა ათეისტურ ნაწარმოებებში ბევრი რამ მოიპოვება არამეცნიერულიც და გულუბრყვილოც. მაგრამ ამ თხზულებათა გამომცემლებს არავინ უშლის შეამოკლონ ისინი, დაურთონ მოკლე ბოლოსიტყვაობანი და მიუთითონ, თუ რა პროგრესს მიაღწია კაცობრიობამ რელიგიის მეცნიერული კრიტიკის დარგში XVIII საუკუნის დამლევიდან, მიუთითონ სათანადო უახლესი თხზულებანი და სხვ.. მარქსისტისათვის უდიდესი და უცუდესი შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ხალხის (განსაკუთრებით გლეხთა და ხელოსანთა) მრავალმილიონიან მასებს, რომელთაც მთელმა თანამედროვე საზოგადოებამ ბედად არგუნა სიბნელე, უმეცრება და ცრურწმენა, შეუძლიათ ამ სიბნელიდან თავის დაღწევა მხოლოდ წმინდა მარქსისტული განათლების პირდაპირი ხაზით. ამ მასებს უნდა მივაწოდოთ ათეისტური პროპაგანდის უაღრესად მრავალფეროვანი მასალა, გავაცნოთ მათ ცხოვრების ფრიად სულ სხვადასხვა სფეროს ფაქტები, მივუდგეთ მათ ასეც და ისეც, რათა დავაინტერესოთ, გამოვაღვიძოთ ისინი რელიგიური ბანგისაგან, შევანჯღრიოთ სულ სხვადასხვა მხრივ, სულ სხვადასხვაგვარი საშუალებებით და სხვ.
XVIII საუკუნის ძველი ათეისტების მარჯვე, ცოცხალი, ნიჭიერად დაწერილი და გაბატონებულ ხუცობაზე გონებამახვილად და აშკარად თავდამსხმელი პუბლიცისტიკა ძალიან ხშირად ათასჯერ უფრო მეტად გამოსადეგია იმისათვის, რომ ადამიანები რელიგიური ბანგისაგან გამოვაღვიძოთ, ვიდრე მოსაწყენი, მშრალი, მარჯვედ შერჩეული ფაქტებით თითქმის სრულიად დაუსურათებელი გადმოღეჭვა მარქსიზმისა, რაც ჩვენს ლიტერატურაში სჭარბობს და რითაც ასე ხშირად (აქ დასამალი არაფერია) ამახინჯებენ მარქსიზმს. მარქსისა და ენგელსის ყველა რამდენადმე მნიშვნელოვანი ნაწარმოები ჩვენში უკვე გადმოთარგმნილია. იმის შიში, რომ ძველი ათეიზმი და ძველი მატერიალიზმი ჩვენში შეუვსებელი დარჩება იმ შესწორებებით, რაც მასში მარქსმა და ენგელსმა შეიტანეს, სრულიად უსაფუძვლოა. ყველაზე მნიშვნელოვანი — და ყველაზე ხშირად სწორედ ამას ივიწყებენ ჩვენი ვითომდა მარქსისტი, ნამდვილად კი მარქსიზმის დამამახინჯებელი კომუნისტები — ეს არის შევძლოთ დავაინტერესოთ ჯერ კიდევ სრულიად განუვითარებელი მასები შეგნებულად მიუდგნენ რელიგიის საკითხებს და შეგნებულად გააკრიტიკონ რელიგიები.
მეორე მხრივ, შეხედეთ რელიგიათა თანამედროვე მეცნიერული კრიტიკის წარმომადგენლებს. განათლებული ბურჟუაზიის ეს წარმომადგენლები რელიგიური ცრურწმენის თავიანთივე საკუთარ უარყოფას თითქმის ყოველთვის ისეთს მსჯელობებს «დაურთავენ» ხოლმე, რაც მყისვე ამჟღავნებს მათ როგორც ბურჟუაზიის იდეურ მონებს, როგორც «ხუცობის დიპლომიან ლაქიებს».
ორი მაგალითი. 1918 წელს პროფ. რ. ი. ვიპერმა გამოსცა წიგნი: «ქრისტიანობის წარმოშობა» («ფაროსის» გამოც.. მოსკოვი). ავტორი გადმოსცემს თანამედროვე მეცნიერების მთავარ მიღწევებს და არათუ არ ებრძვის იმ ცრურწმენას და ტყუილს, რაც ეკლესიის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, იარაღს შეადგენს, არათუ გვერდს უვლის ამ საკითხებს, არამედ პირდაპირ სასაცილო და ფრიად რეაქციულ პრეტენზიასაც კი აცხადებს: ორივე «უკიდურესობის» — იდეალისტურისა და მატერიალისტურის — მაღლა უნდა დავდგეო. ეს არის ლაქიობა გაბატონებული ბურჟუაზიისა, რომელიც მთელ მსოფლიოში მშრომელთა ექსპლოატაციით გამოწოვილი მოგებიდან ასეულ მილიონ მანეთს ხარჯავს რელიგიის დასახმარებლად.
ცნობილი გერმანელი მეცნიერი, არტურ დრევსი, რომელიც თავის წიგნში: «მითი ქრისტეს შესახებ» აბათილებს რელიგიურ ცრურწმენას და ზღაპრებს და ამტკიცებს, რომ არავითარი ქრისტე არ იყოო, წიგნის ბოლოში მაინც მხარს უჭერს რელიგიას, მხოლოდ განახლებულს, განწმენდილს, გაქნილს, ისეთს, რომელსაც უნარი ექნება შეებრძოლოს «დღითი დღე სულ უფრო და უფრო გაძლიერებულ ნატურალისტურ ნიაღვარს» (იხ. მე-4 გერმანული გამოცემის 238-ე გვ., 1910 წ.). ეს უკვე წმინდა წყლის, შეგნებული რეაქციონერია, რომელიც აშკარად ეხმარება ექსპლოატატორებს ძველი და დამყაყებული რელიგიური ცრურწმენა ახალი, უფრო მეტად საზიზღარი და საძაგელი ცრურწმენით შესცვალონ.
ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საჭირო არ იყო დრევსის გადმოთარგმნა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომუნისტებმა და ყველა თანამიმდევარმა მატერიალისტმა, რომლებიც ერთგვარად დაკავშირებული არიან ბურჟუაზიის პროგრესულ ნაწილთან, განუხრელად უნდა ამხილონ ბურჟუაზიის ეს პროგრესული ნაწილი, როცა იგი რეაქციულობაში ვარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თავი აარიდო კავშირს XVIII საუკუნის, ე. ი. იმ ეპოქის ბურჟუაზიის წარმომადგენლებთან, როცა იგი რევოლუციური იყო, ეს იქნებოდა ღალატი მარქსიზმისა და მატერიალიზმის მიმართ, რადგან დრევსებთან ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ზომით «კავშირის» დაჭერა გაბატონებული რელიგიური ბნელეთის მოციქულების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენთვის სავალდებულოა.
ჟურნალმა «პოდ ზნამენემ მარკსიზმა»-მ, რომელსაც სურს მებრძოლი მატერიალიზმის ორგანო იყოს, დიდი ადგილი უნდა დაუთმოს ათეისტურ პროპაგანდას, სათანადო ლიტერატურის მიმოხილვასა და ამ სფეროში ჩვენი სახელმწიფოებრივი მუშაობის უდიდეს ნაკლოვანებათა გამოსწორებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ წიგნებისა და ბროშურების გამოყენება, რომელნიც მრავალ ისეთს კონკრეტულ ფაქტსა და დაპირისპირებას შეიცავენ, რაც ცხადყოფს თანამედროვე ბურჟუაზიის კლასობრივი ინტერესებისა და კლასობრივი ორგანიზაციების კავშირს რელიგიურ დაწესებულებათა და რელიგიური პროპაგანდის ორგანიზაციებთან.
მეტისმეტად საყურადღებოა ყველა ის მასალა, რაც ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეხება, სადაც ნაკლებად იჩენს თავს რელიგიისა და კაპიტალის ოფიციალური, კაზიონური, სახელმწიფოებრივი კავშირი. მაგრამ სამაგიეროდ ჩვენთვის უფრო ცხადი ხდება, რომ ეგრეთწოდებული «თანამედროვე დემოკრატია» (რომლის წინაშე ასე უგუნურად შუბლს იხეთქენ მენშევიკები, ესერები, ნაწილობრივ ანარქისტები და სხვ.) წარმოადგენს მხოლოდ იმის ქადაგების თავისუფლებას, რის ქადაგებაც ბურჟუაზიისათვის ხელსაყრელია, ხოლო მისთვის ხელსაყრელია იქადაგოს ყველაზე რეაქციული იდეები, რელიგია, ბნელეთის მოციქულობა, ექსპლოატატორების დაცვა და სხვ.
მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჟურნალი, რომელსაც სურს მებრძოლი მატერიალიზმის ორგანო იყოს, ჩვენს მკითხველ საზოგადოებას მიაწვდის ათეისტური ლიტერატურის მიმოხილვას და დახასიათებას, თუ მკითხველთა რომელი წრისათვის და რა მხრივ არის შესაფერისი ესა თუ ის ნაწარმოები და აღნიშნავს, თუ რა არის გამოცემული (გამოცემულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ხეირიანი თარგმანები, ასეთები კი არცთუ იმდენად ბევრია) და რა უნდა გამოიცეს კიდევ.
გარდა კავშირისა თანამიმდევარ მატერიალისტებთან, რომლებიც კომუნისტების პარტიას არ ეკუთვნიან, თუ მეტი არა, ნაკლები მნიშვნელობა არა აქვს იმ მუშაობისათვის, რომელიც მებრძოლმა მატერიალიზმმა უნდა შეასრულოს, თანამედროვე ბუნებისმეტყველების იმ წარმომადგენლებთან კავშირს, რომელნიც მატერიალიზმისაკენ იხრებიან და არ ეშინიათ დაიცვან და იქადაგონ იგი ეგრეთწოდებულ «განათლებულ საზოგადოებაში» გაბატონებულ იდეალიზმისა და სკეპტიციზმისაკენ მოდურ ფილოსოფიურ მერყეობათა წინააღმდეგ.
ჟურნალ «პოდ ზნამენემ მარკსიზმა»-ს 1 — 2 ნომერში მოთავსებული ა. ტიმირიაზევის სტატია ეინშტეინის რელატივობის თეორიის შესახებ იმედს იძლევა, რომ ჟურნალი ამ მეორე კავშირის განხორციელებასაც შესძლებს. საჭიროა რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს მას. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ის მძაფრი მსხვრევა, რომელსაც თანამედროვე ბუნებისმეტყველება განიცდის, ძალიან ხშირად წარმოშობს ხოლმე რეაქციულ ფილოსოფიურ სკოლებს და პაწია სკოლებს, მიმართულებებს და პაწია მიმართულებებს. ამიტომ თვალყურის დევნება იმ საკითხებისადმი, რომელთაც უახლესი რევოლუცია ბუნებისმეტყველების სფეროში აყენებს, და ფილოსოფიურ ჟურნალში საამისო მუშაობისათვის ბუნებისმეტყველთა ჩაბმა, — ეს ისეთი ამოცანაა, რომლის გადაუჭრელად მებრძოლი მატერიალიზმი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვერც მებრძოლი, ვერც მატერიალიზმი. თუ ტიმირიაზევი ჟურნალის პირველ ნომერში იძულებული იყო აღენიშნა, რომ თუმცა ეინშტეინის — რომელიც, ტიმირიაზევის თქმით, თვითონ მატერიალიზმის საფუძვლების წინააღმდეგ არავითარ აქტიურ ლაშქრობას არ ეწევა — თეორიას უკვე ხელი ჩასჭიდა ყველა ქვეყნის ბურჟუაზიული ინტელიგენციის წარმომადგენელთა უდიდესმა მასამ, — ეს შეეხება არა მარტო ეინშტეინს, არამედ ბუნებისმეტყველების მთელ რიგ დიდ გარდამქმნელთ, თუ მათ უმრავლესობას არა, დაწყებული XIX საუკუნის დამლევიდან.
და იმისათვის, რომ ასეთ მოვლენას შეუგნებლად არ მოვეპყრათ, უნდა გავიგოთ, რომ საფუძვლიანი ფილოსოფიური დასაბუთების გარეშე ვერავითარი საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ვერავითარი მატერიალიზმი ვერ გაუძლებს ბრძოლას ბურჟუაზიულ იდეათა თავდასხმისა და ბურჟუაზიული მსოფლმხედველობის აღდგენის წინააღმდეგ. ამ ბრძოლას რომ გაუძლოს და იგი ბოლომდე სრული წარმატებით ჩაატაროს, ბუნებისმეტყველი უნდა იყოს თანამედროვე მატერიალისტი, შეგნებული მიმდევარი იმ მატერიალიზმისა, რომელიც წარმოდგენილია მარქსის მიერ, ესე იგი დიალექტიკური მატერიალისტი უნდა იყოს. ამ მიზნის მისაღწევად ჟურნალ «პოდ ზნამენემ მარკსიზმა»-ს თანამშრომლებმა უნდა მოაწყონ ჰეგელის დიალექტიკის სისტემატური შესწავლა მატერიალისტური თვალსაზრისით, ე. ი. უნდა შეისწავლონ ის დიალექტიკა, რომელსაც მარქსი პრაქტიკულად იყენებდა როგორც თავის «კაპიტალში», ისე თავის ისტორიულ და პოლიტიკურ ნაშრომებში და იყენებდა ისეთი წარმატებით, რომ ახლა აღმოსავლეთში (იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი) ცხოვრებისა და ბრძოლისათვის ახალ-ახალ კლასთა გამოღვიძების ყოველი დღე ე. ი. გამოღვიძება კაცობრიობის იმ ასეული მილიონებისა, რომელნიც დედამიწის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ და რომელნიც დღემდე თავიანთი ისტორიული უმოქმედობითა და ისტორიული ძილით განაპირობებდნენ დამყაყებულობასა და ლპობას ევროპის მრავალ მოწინავე სახელმწიფოში, — ცხოვრებისათვის ახალ-ახალ ხალხთა და ახალ-ახალ კლასთა გამოღვიძების ყოველი დღე სულ უფრო და უფრო მეტად ადასტურებს მარქსიზმს.
რა თქმა უნდა, ჰეგელის დიალექტიკის ასეთი შესწავლა, ასეთი გაგება და ასეთი პროპაგანდა მეტისმეტად ძნელი საქმეა, და, უეჭველია, ამ მხრივ პირველი ცდა უშეცდომო არ იქნება. მაგრამ არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს არ აკეთებს. იმაზე დამყარებით, თუ როგორ იყენებდა მარქსი ჰეგელის მატერიალისტურად გაგებულ დიალექტიკას, ჩვენ შეგვიძლია და კიდეც უნდა დავამუშავოთ ეს დიალექტიკა ყოველი მხრივ, დავბეჭდოთ ჟურნალში ნაწყვეტები ჰეგელის უმთავრესი თხზულებებიდან, მატერიალისტურად განვმარტოთ ისინი, კომენტარები გავუკეთოთ დიალექტიკის მარქსისებური გამოყენების ნიმუშებით, აგრეთვე ეკონომიური, პოლიტიკური ურთიერთობის სფეროში დიალექტიკის იმ ნიმუშებით, რომელთაც უახლესი ისტორია, განსაკუთრებით კი თანამედროვე იმპერიალისტური ომი და რევოლუცია, მეტის-მეტად ბევრს იძლევიან. ჟურნალ «პოდ ზნამენემ მარკსიზმა»-ს რედაქტორთა და თანამშრომელთა ჯგუფი, ჩემი შეხედულებით, უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ «ჰეგელის დიალექტიკის მატერიალისტი მეგობრების საზოგადოებას». თანამედროვე ბუნებისმეტყველნი ჰეგელის მატერიალისტურად გაგებულ დიალექტიკაში ჰპოვებენ (თუ შესძლებენ ძებნას და თუ ჩვენც ვისწავლით მათდამი დახმარებას) მთელ რიგ პასუხს იმ ფილოსოფიურ საკითხებზე, რომელთაც აყენებს რევოლუცია ბუნებისმეტყველებაში და რომლებზედაც «ფეხი უსხლტებათ» რეაქციისაკენ ბურჟუაზიული მოდის ინტელიგენტ თაყვანისმცემლებს.
თუ ასეთი ამოცანა არ დავისახეთ და იგი სისტემატურად არ შევასრულეთ, მატერიალიზმი ვერ იქნება მებრძოლი მატერიალიზმი. იგი დარჩება, შჩედრინის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, არა იმდენად მებრძოლი, რამდენადაც ნაბრძოლი. უამისოდ დიდი ბუნებისმეტყველნი ისევე ხშირად, როგორც აქამდე, უმწეონი იქნებიან თავიანთ ფილოსოფიურ დასკვნებსა და განზოგადებაში. ვინაიდან ბუნებისმეტყველება ისე სწრაფად მიდის წინ, ყველა სფეროში ისეთი ღრმა რევოლუციური მსხვრევის პერიოდს განიცდის, რომ ბუნებისმეტყველება ფილოსოფიურ დასკვნათა გარეშე ვერავითარ შემთხვევაში იოლად ვერ წავა.
დასასრულ მოვიყვან მაგალითს, რომელიც ფილოსოფიის სფეროს არ ეკუთვნის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხება სფეროს საზოგადოებრივი საკითხებისას, რომელთაც აგრეთვე სურს ყურადღება მიაქციოს ჟურნალმა «პოდ ზნამენემ მარკსიზმა»-მ.
ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ სინამდვილეში თანამედროვე ვითომდა მეცნიერება როგორ ემსახურება ფრიად უხეშ და უსაზიზღრეს რეაქციულ შეხედულებათა გატარებას.
ამას წინათ გამომიგზავნეს ჟურნალი «ეკონომისტი» № 1 (1922 წ.), რომელსაც «რუსეთის ტექნიკური საზოგადოების» XI განყოფილება სცემს. ამ ჟურნალის გამომგზავნმა ახალგაზრდა კომუნისტმა (რომელსაც, ალბათ, დრო არა ჰქონდა ჟურნალის შინაარსს გაცნობოდა) მოუფიქრებლად ეს ჟურნალი ფრიად დიდი თანაგრძნობით მოიხსენია. ნამდვილად კი, არ ვიცი რამდენად შეგნებულად, ეს ჟურნალი წარმოადგენს იმ თანამედროვე მებატონეთა ორგანოს, რომლებიც, რა თქმა უნდა, მეცნიერულობის, დემოკრატიზმისა და სხვ. სამოსში ეხვევიან.
ვინმე ბ-ნი პ. ა. სოროკინი ამ ჟურნალში ათავსებს ვრცელ ვითომდა «სოციოლოგიურ» გამოკვლევებს «ომის გავლენის შესახებ». მეცნიერული სტატია აჭრელებულია მეცნიერული მითითებებით ავტორისა და მისი მრავალრიცხოვანი უცხოელი მასწავლებლისა და ამხანაგის «სოციოლოგიურ» შრომებზე. აი როგორია მისი მეცნიერულობა:
83-ე გვერდზე ვკითხულობ:
«პეტროგრადში ახლა 10 000 ქორწინებაზე მოდის 92.2 განქორწინება — ფანტასტიკური ციფრია, ამასთანავე 100 განქორწინებიდან 51,1 ქორწინდება იყო ერთ წელზე ნაკლები ხანგრძლიობისა, 11% — ერთ თვეზე ნაკლებისა, 22% — ორ თვეზე ნაკლებისა, 41% — 3-6 თვეზე ნაკლებისა და მხოლოდ 26% იყო 6 თვეზე მეტი ხანგრძლიობისა. ეს ციფრები იმას მეტყველებენ, რომ თანამედროვე ლეგალური ქორწინება — ფორმაა, რომელიც არსებითად ქორწინებისგარეშე სქესობრივ ურთიერთობას ჰფარავს და «მარწყვის» მოყვარულთ საშუალებას აძლევს «კანონიერად» დაიკმაყოფილონ თავიანთი მადა» («ეკონომისტი» № 1, გვ.83).
ეჭვი არ არის, რომ ეს ვაჟბატონიც და რუსეთის ის ტექნიკური საზოგადოებაც, რომელიც ჟურნალს სცემს და შიგ მსგავს ლათაიებს ათავსებს, თავიანთ თავს დემოკრატიის მომხრედ თვლიან და უდიდეს შეურაცხყოფად მიიჩნევენ, როცა მათ ნამდვილ სახელს, ე. ი. მებატონეებს, რეაქციონერებს, «ხუცობის დიპლომიან ლაქიებს» უწოდებენ.
ქორწინების, განქორწინებისა და ქორწინებისგარეშე დაბადებულ ბავშვთა შესახებ ბურჟუაზიული ქვეყნების კანონმდებლობის სულ მცირეოდენი გაცნობა, აგრეთვე ამ მხრივ საქმის ფაქტიური მდგომარეობის გაცნობა, ცხადყოფს ამ საკითხით დაინტერესებული ყოველი ადამიანისთვის, რომ თანამედროვე ბურჟუაზიული დემოკრატია, თვით ყველაზე დემოკრატიულ ბურჟუაზიულ რესპუბლიკებშიც კი, ამ მხრივ ქალისა და ქორწინებისგარეშე დაბადებულ ბავშვთადმი სწორედ ბატონყმურ დამოკიდებულებას იჩენს.
ეს, რა თქმა უნდა, ხელს არ უშლის მენშევიკებს, ესერებს, ანარქისტთა ნაწილს და დასავლეთ ევროპის ყველა სათანადო პარტიას განაგრძონ ყვირილი დემოკრატიაზე და ბოლშევიკების მიერ მის დარღვევაზე. ნამდვილად კი სწორედ ბოლშევიკური რევოლუციაა ერთადერთი თანამიმდევრულ-დემოკრატიული რევოლუცია ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება და ქორწინებისგარეშე დაბადებულ ბავშვთა მდგომარეობა. ეს კი ისეთი საკითხია, რომელიც ყოველი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტის ინტერესებს ეხება უშუალოდ. პირველად მხოლოდ ბოლშევიკურმა რევოლუციამ, მიუხედავად მისი წინამორბედი მრავალი ბურჟუაზიული რევოლუციისა, თავის თავს დემოკრატიულს რომ უწოდებდა, — ჩაატარა შეუპოვარი ბრძოლა ამ მხრივ, როგორც რეაქციულობისა და ბატონყმობის წინააღმდეგ, ისე მმართველ და შეძლებულ კლასთა ჩველებრივი ფარისევლობის წინააღმდეგ.
თუ ბ-ნ სოროკინს 10 000 ქორწინებაზე 92 განქორწინება ფანტასტიკურ ციფრად ეჩვენება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ან ავტორი რომელიმე ისეთს კარჩაკეტილ მონასტერში ცხოვრობდა და იზრდებოდა, რომ მსგავსი მონასტრის არსებობა საეჭვოა ვინმემ დაიჯეროს, ანდა ეს ავტორი რეაქციისა და ბურჟუაზიის საამებლად სიმართლეს ამახინჯებს. ყოველმა ადამიანმა, ვინც კი რამდენადმე მაინც იცნობს ბურჟუაზიული ქვეყნების საზოგადოებრივ პირობებს, იცის, რომ ფაქტიურ განქორწინებათა (რა თქმა უნდა, ეკლესიისა და კანონის მიერ დაუდასტურებელთა) ფაქტიური რიცხვი ყველგან განუზომლად უფრო მეტია. რუსეთი ამ მხრივ სხვა ქვეყნებისაგან მხოლოდ იმით განირჩევა, რომ მისი კანონები პატივით კი არ მოსავენ ფარისევლობასა და ქალის და მისი ბავშვის უუფლებო მდგომარეობას, არამედ აშკარად და სახელმწიფო ხელისუფლების სახელით სისტემატურ ომს უცხადებენ ყოველგვარ ფარისევლობასა და ყოველგვარ უუფლებობას.
მარქსისტულ ჟურნალს მოუხდება ომის წარმოება ამგვარ თანამედროვე «განათლებულ» მებატონეთა წინააღმდეგაც. ალბათ, მათი არც ისე მცირე ნაწილი ჩვენში სახელმწიფო ფულსაც კი იღებს და სახელმწიფო სამსახურშიც ირიცხება ახალგაზრდობის გასანათლებლად, თუმცა ამ მიზნისათვის ისინი გამოსადეგნი არიან იმდენადვე, რამდენადაც აშკარა გამხრწნელნი გამოდგებოდნენ მცირეწლოვანთა სასწავლებლებში აღმზრდელთა როლისათვის.
რუსეთში მუშათა კლასმა შესძლო ძალაუფლების მოპოვება, მაგრამ მისი გამოყენება ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მსგავს მასწავლებლებს და სამეცნიერო საზოგადოებათა წევრებს დიდი ხანია ზრდილობიანად გაისტუმრებდა «ბურჟუაზიული დემოკრატიის» ქვეყნებში. ასეთი მებატონეებისთვის სწორედ იქ არის შესაფერისი ადგილი.
ისწავლის, ოღონდ ხალისი იყოს სწავლისა.
1922. 12. III
-
ტრანსკრიპტი მოამზადა ჟერმინალმა.
Comments